რეზონანსი
17.05.2022

დავიმკვიდროთ ჩვენი ადგილი მომავალში... თუ მომავალში ეს უწმინდესი ღირებულება დაიკარგება, მაშინ ჩვენი ერიც ვეღარ იარსებებს და გადაშენდება, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

„დღეს არის ოჯახის სიწმინდის დღე და გადმოგცემთ ლოცვა-კურთხევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისა, რომელმაც დააფუძნა ეს დღესასწაული. შეგვეწიოს ჩვენ, ჩვენს ოჯახებს, სრულიად საქართველოს მისი დალოცვა.

დღეს ჩვენ ვფიქრობთ, რა არის ეს სიწმინდე ოჯახისა, რატომ ვართ შეკრებილნი დღეს. ეს არ არის მხოლოდ ის გრძნობები და დამოკიდებულება, რომელიც ჩვენ გვაქვს ოჯახის მიმართ, რომელიც წარმოიშობა ოჯახში. რა თქმა უნდა, ესეც არის, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის მიზეზი. მიზეზი გახლავთ ის, რომ თვითონ ოჯახია სიწმინდე, თვითონ ოჯახია ისეთი ფორმა ყოფიერებისა, რომელიც არ არის მოგონილი და დაწესებული ადამიანის მიერ, არამედ ღვთის მიერ არის დაწესებული და მომადლებული ჩვენდამი.

თქვენ ალბათ იცით ეკლესიის სწავლება იმის თაობაზე, რომ ადამიანი შექმნილია ხატად და მსგავსად ღვთისა. მსგავსებაზე არსებობს წმინდა მამათა შეთანხმებული სწავლება, მაგრამ რაც შეეხება ხატებას, ამაზე გამოთქმულია სხვადასხვა აზრი. მამათა უმეტესობა ამბობს, რომ ხატება მდგომარეობს ადამიანის გონითობაში, ადამიანის გონებაში, მის თავისუფალ ნებაში, თვითუფლებრივობაში.

ამბობენ ასევე, რომ ეს არის სამობა ადამიანში: სული, სამშვინველი და ხორცი, სხეული. მაგრამ არიან წმინდა მამებიც, რომლებიც ასწავლიან, რომ ყოვლადწმინდა სამების ხატება გახლავთ ოჯახი. ისეთი დიდი მამები, როგორებიც იყვნენ წმინდა მეთოდიოს პატარელი, წმინდა ანასტასი სინელი და სხვები. ისინი ამბობენ, რომ პირველი ოჯახი - ადამი, ევა და მათი შვილი - ეს არის ხატება ყოვლადწმინდა სამებისა. ადამი, როგორც უშუალოდ ღმერთისგან შექმნილი, ადამი, რომელსაც არ ჰყავდა მიწიერი მიზეზი თავისი არსებობისა, ცხოვრებისა, არამედ უშუალოდ ღვთისაგან, ღვთის მიერ შეიქმნა, - არის ხატება მამა ღმერთისა, რომელიც ასევე არ არის ვინმესგან შობილი, არამედ დაუსაბამოა და თვითონ არის მიზეზი ყოველივესი; ხოლო შვილი ადამისა, ეს არის ხატება მამის მხოლოდშობილისა ძისა, ძე ღმერთისა; ევა კი, რომელიც შეიქმნა ადამისგან, გამომავალი, გამოსული იყო ადამისგან, არის ხატება ყოვლადწმინდისა სულისა. აი, ასეთი საოცარი სწავლებაა.

ამრიგად, ჩვენთვის ძვირფასია ის, რომ უშუალოდ ღმერთის დადგენილია და მას შემდეგ ყოველი ოჯახი, შეიძლება ითქვას, რომ არის ხატება ღვთისა.

გარდა ამისა, მინდა ასევე გითხრათ, რომ ქორწინება არის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშან-თვისება ადამიანისა, რითაც ჩვენ განვსხვავდებით პირუტყვებისგან. არის რამდენიმე უმთავრესი ნიშან-თვისება, ეს არის გონება, ეს არის სიტყვა, ეს არის რელიგია და ეს არის ქორწინება. ანუ ამ მხრივ, შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენთვის ძვირფასია ოჯახი, როგორც ღვთისგან ბოძებული სიწმინდე და როგორც ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშან-თვისება. და როდესაც ადამიანი ხელყოფს ოჯახის სიწმინდეს, შეურაცხყოფს მას, როდესაც ადამიანი აკნინებს სიტყვის ნიჭს და უარყოფს რელიგიას, რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი გონებასაც კარგავს. შესაბამისად, ისმის კითხვა - ასეთი ადამიანი შეიძლება იწოდოს სრულყოფილ ადამიანად?

ამრიგად, დღეს ჩვენ ვიცავთ ამ სიწმინდეს, დღეს დადგა ეს საჭიროება. ჩვენს წინაპრებს არასდროს ჰქონიათ ასეთი საჭიროება, იმიტომ რომ თავისთავად იგულისხმებოდა ეს ყველაფერი. დღეს დადგა ამის საჭიროება და ვიმეორე, ჩვენ კი არ აღვადგენთ რაიმე ძველს, ჩვენი მამა-პაპათაგან მოგონილ წესს, არამედ - უშუალოდ ღვთის მიერ მოცემულს, ჩვენ ვზრუნავთ იმისთვის, რომ დავიმკვიდროთ ჩვენი ადგილი მომავალში და არ აღვადგენთ მხოლოდ წარსულს. თუ მომავალში ეს უწმინდესი ღირებულება დაიკარგება, მაშინ ჩვენი ერიც ვეღარ იარსებებს და გადაშენდება.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. გილოცავთ დღევანდელ დღეს.

დღეს, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენმა სასულიერო პირებმა და მრევლმა მოაბრძანეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის აწყურის ხატი, რომელიც განსაკუთრებული მფარველია ჩვენი ერისა.

როგორც გახსოვთ ჩვენი სათნო გადმოცემიდან, როდესაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ეცხადება წმინდა ანდრია პირველწოდებულს და უბრძანებს მას, რომ გაემართოს ჩვენს სამშობლოში საქადაგებლად, იგი ეტყვის, თან წარიტანოს ეს ხატი მისი ხელთუქმნელი. როგორც ღვთისმშობელი ბრძანებს, ეს ხატი იქნება ჩვენი ერის მფარველი უკუნისამდე. ეს წმინდა ხატი ყოფილიყოს მფარველი ჩვენი ერისა, ჩვენი ოჯახებისა; ამ ხატის მადლით გადარჩეს, გამთლიანდეს და გაძლიერდეს ჩვენი სამშობლო, ამინ!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

დღეს ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღე აღინიშნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×