რეზონანსი
24.11.2020

ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ საყურადღებოა და მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს თითქმის ყველა სტრუქტურა, მათ შორის ჰოსპიტლური სექტორი.

„რაც შეეხება ზღვარს, ზღვარი პირობითია, ხდება დრო და დრო რესურსების გაზრდა, მაგრამ არ არსებობს ულევი რესურსი არც საქართველოში და არც არც ერთ ქვეყანაში. ძალიან მნიშვნელოვანია, ერთიანად ყველამ, როგორც სამედიცინო ნაწილმა, ასევე მთლიანად საზოგადოებამ მოვახერხოთ და შევძლოთ ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია. მოსახლეობის როლი არის ის, რომ მათ უნდა გაითვალისწინონ  რეკომენდაციები, რომლებსაც სპეციალისტები იძლევიან.

რაც შეეხება სამედიცინო სექტორს, აქ მნიშვნელოვანია, რომ სწორი და დროული ტრიაჟი მოხდეს, რათა საავადმყოფოებში მოხვდეს მხოლოდ ის მძიმე კონტიგენტის პაციენტები, ვისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სტაციონარული მკურნალობის ჩატარება. საგანგაშო ძალიან ცუდად ჟღერს, საყურადღებოა სიტუაციაა და სერიოზული მდგომარეობაა“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

გოგინავას განმარტებით, ქვეყანა ახლა ვირუსის გავრცელების პიკშია შესული.

„რაც შეეხება პიკს, ბოლო რამდენიმე დღის და კვირის მონაცემებს თუ შევხედავთ, ჯერჯერობით კვლავ მზარდია ახალი შემთხვევების რაოდენობა, ამიტომ, ჩემი აზრით, ახლა პიკში ვიმყოფებით და ცოტა რთულია საუბარი, რამდენ ხანს გაგრძელდება. აუცილებელია გარკვეული რეაგირება, ეს იქნება შეზღუდვების სახით, თუ სხვა რამე ჩარევები. ჩემი აზრით, უნდა განხორციელდეს ეფექტური და მრავალმხრივი წერტილოვანი შეზღუდვები.

რაც არ უნდა ეფექტური იყოს შეზღუდვა, რაც უნდა ეფექტურად იმუშაოს ეპიდსამსახურებმა და სახელმწიფო სტრუქტურებმა, თუ მოსახლეობის მხრიდან არ იქნება ხელშეწყობა, არ დაიცავენ რეკომენდაციებს, ძალიან გაჭირდება ეპიდსიტუაციის დასტაბილურება.

ასევე, სრულიად წარმოუდგენელია, რომ დაავადებული ადამიანი გადაადგილებოდეს ქუჩაში, რადგან ეს ყველანაირად ხელს უშლის ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციას. ამიტომ ვთხოვ მოსახლეობას, რომ გაითვალისწინონ რეკომენდაციები, რათა სამედიცინო სექტორს ეფექტური, სწრაფი ღონისძიებების გატარების საშუალება მიეცეს“, – განაცხადა გოგინავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×