რეზონანსი
28.09.2020

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძე ბოლნისში ფიზიკურ დაპირისპირებას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა და ინციდენტის მიზეზად „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციული ქმედებების შედეგი უწოდა.

„რეალურად, სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, როგორც კონფლიქტის, ისე წინა დღეების განმავლობაში მუდმივად  ცდილობდნენ პროვოკაციების მოწყობას, რაც სხვადასხვა ქმედებებში გამოიხატებოდა," - აცხადებს მდინარაძე.

უმრავლესობის ლიდერის განცხადებაში ვკითხულობთ: „მაგალითისთვის, გუშინ,  ნახიბულაში საარჩევნო პლაკატების გაკვრის დროს მათი პარტიული აქტივის მოქმედებები ამისკენ იყო მიმართული, შემდეგ ჩაიხანაში მიზანმიმართული პროვოკაცია „ქართული ოცნების“ აქტივისტებთან, სადაც ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც ჰქონდა ადგილი, თუმცა კონფლიქტის ესკალაცია ჩვენი, ,,ქართული ოცნების“ და შემთხვევით არ ვუსვამ ამას ხაზს, შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ხელკეტებით, ქვებით, მაგიდის გადატეხილი ფეხებით შეიარაღებულები დაესხნენ თავს ჩვენი გუნდის წევრებს, რის შედეგადაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღეს და კონფლიქტი უკვე ამის შემდეგ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ჩვენი რამდენიმე აქტივისტი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მათ აქვთ დაზიანებები მიღებული.

„ძალიან საყურადღებოა, რომ მომხდარიდან სულ რამდენიმე წუთში, „ნაციონალური მოძრაობის“ მედიასაშუალებები აუწყებდნენ საზოგადოებას, რომ თავდასხმა მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბზე და მათ აქტივისტებზე, მაშინ, როდესაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ინციდენტი მოხდა „ქართული ოცნების“ შტაბის წინ და დაზიანებულები არიან ჩვენი აქტივისტები.

„ფაქტია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ კარგად იციან, რომ არჩევნებში დამარცხებისთვის განწირულები არიან და ერთადერთი, რაც დარჩენიათ, მათი უცვლელი მეთოდები, სიცრუისა და ძალადობის გამოყენებაა, რათა პროვოკაციებისა და ვითარების ესკალაციის ფონზე, რაიმე სარგებელი მიიღონ. 

„მათი რეიტინგი იმდენად დაბალია, რომ საკუთარ კვლევებსაც კი მალავენ,  ამაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია  და მათი პარტიული ტელევიზიების საშუალებით გაყალბებული მონაცემების ტირაჟირებას ახდენენ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ ძალადობისა და პროვოკაციების გარდა სხვა არაფერი დარჩენიათ.

„ცალსახად და მკაფიოდ მოვუწოდებთ არა მხოლოდ ჩვენი პარტიის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს, არამედ რიგით მხარდამჭერებსაც და ნებისმიერ მოქალაქეს, რომ არ დავუტოვოთ არანაირი სივრცე პროვოკაციებისთვის და მაქსიმალური მოთმინებით მივუდგეთ მათ ქმედებებს, რათა წინასაარჩევნო კამპანია მშვიდობიან, სტაბილურ გარემოში წარიმართოს და არჩევნები მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩავატაროთ.

„გვესმის, რომ ძალიან რთულია მოითმინო „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი მოძალადე აქტივისტების ქმედებები, მსგავსი მასშტაბური პროვოკაციები და  ძალადობის მცდელობები, თუმცა ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი გუნდი და ყველა ტიპის პროვოკაციაზე მაქსიმალური თავშეკავება გვმართებს.

„ყველამ კარგად იცის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არც პანდემია და ეპიდემიოლოგიური ვითარება აინტერესებს ქვეყანაში და მათთვის არც ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არ აქვს ფასი, თუმცა ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ საარჩევნო პროცესის და ჩვენი ქვეყნის დაზიანების საშუალება არ მივცეთ.

„ ყველას, კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მოვუწოდებთ და ვთხოვთ, რომ თავი შეიკავონ პროვოკაციებზე რეაგირებისა და ძალადობისგან, ხოლო სამართალდამცავი ორგანოებისგან  ველით, რომ თითოეული ფაქტი გულდასმით იქნება შესწავლილი და ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას ექნება მყისიერი რეაგირება .

„ქართული ოცნების“ ერთიანი გუნდი არის მყარად დარწმუნებული გამარჯვებაში და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაციით, მოქალაქეების პასუხისმგებლიანი ქმედებებით, ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთი, სამართლიანი, გამართული, გამჭვირვალე და მაღალი დემოკრატიული სტანდარტების არჩევნების მომსწრე და ავტორი უნდა გახდეს. 

„ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ, ეს პროვოკაციები ვერაფერს დაგვაკლებს, ოღონდ ერთი თხოვნა ყველა მოქალაქესთან და ყველა ჩვენს მხარდამჭერთან - არავითარ შემთხვევაში არ უნდა წამოვეგოთ პროვოკაციას. ერთადერთი გზა, რაც ნაცმოძრაობას და იმ ცნობილ კლასტერს აქვს დარჩენილი, არის პროვოკაციების გზა, ტელევიზიების საშუალებით სიკვდილის პროპაგანდის გზა, სიცრუის გზა და ძალადობის გზა, სადაც პროვოკაცია არის მათთვის ერთადერთი გამოსავალი. ამაზე არ უნდა წამოვეგოთ“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×