რეზონანსი
14.08.2020

სახალხო დამცველი პროკურატურის წინააღმდეგ. გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის მასალებზე გაუთქმელობის ვალდებულება, ომბუდსმენის განცხადებით, დაცვის მხარეს არათანაბარ პირობებში აყენებს. ნინო ლომჯარია მოუწოდებს გამოძიებას მხარეთა თანასწორობის პრინციპი დაიცვას. 

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ადვოკატებისთვის გაუთქმელობის პირობის ჩამორთმევას ირაკლი შოთაძის უწყება გამოძიების ინტერესებით ხსნის. თუმცა ამ გადაწყვეტილებას სახელმწიფო ბრალდების სუსტი პოზიციებით და უტყუარი მტკიცებულებების არარსებობით განმარტავს დაცვის მხარე. 

ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატები, რომლებიც პროკურატურის მოთხოვნას არ თანხმდებიან, გაუთქმელობის პირობას ხელს არ აწერენ. ამიტომ საქმის მასალები მათ ამ დრომდე არ მიუღიათ და უწყებას დაცვის უფლების წართმევაში ადანაშაულებენ. სწორედ ამის გამო, შესაძლოა შაქარაშვილის ეს რეზონანსული საქმე ევროსასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ გაგზავნილ საქმეებს შორის მოხვდეს, რადგან ადვოკატები დღეს უკვე ალტერნატიულ გეგმებზე ალაპარაკდნენ.

დაცვის უფლების შეზღუდვად მიიჩნევენ ბრალდებულების ადვოკატები, განზრახ მკვლელობის საქმის პირველი წინასასამართლო სხდომის 27 აგვისტოს დანიშვნასაც. მათი განცხადებით, ამ დროში ასეთი მოცულობის და სირთულის საქმეზე მტკიცებულებების მოპოვება შესწავლას ფიზიკურად ვერ მოასწრებენ. დარწმუნებულები არიან, რომ საგამოძიებო უწყების გათვლაც სწორედ ეს იყო.

ბრალდებულების ადვოკატების ნაწილმა დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოს მიმართა და წინასასამართლო სხდომის 2 თვით გახანგრძლივება მოითხოვა.

იმ შემთხვევაში თუ სასამართლო შუამდგომლობას არ გაიზიარებს და ადვოკატებს 2 თვიან ვადას არ მისცემს, 17 აგვისტოს განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესები დაიწყება. სასამართლოში ინაცვლებს შაქარაშვილის კიდევ ორი საქმე  - ძალადობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის, რომელიც  6 არასრულწლოვანი და 11 სრულწლოვანი ბრალდებულის შემთხვევაში ცალკე საქმეებად გაიყო.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×