ია აბულაშვილი
02.02.2020

ქართულ ეკლესიებში, სადაც უამრავი სიწმინდეა დაცული, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია წმინდა კვირიკეს ხელის მტევანი, რომელიც, ისტორიული წყაროების მიხედვით, ხობის მონასტერში იყო დასვენებული. როგორ მოხვდა საქართველოში ეს სიწმინდე, უცნობია, თუმცა, უცხოელ მისიონერთა ჩანაწერების მიხედვით, სიწმინდე საქართველოში ინახებოდა.

წმინდა კვირიკეს გამოსახულებით სვანეთში 10 ხატია დაცული, რომელიც სხვადასხვა დროს არის შესრულებული და წმინდანი ჯვრით ხელშია გამოსახული.

წმინდა კვირიკესა და წმინდა ივლიტას სახელობის ეკლესია, რომელიც სვანეთში, სოფელ კალაში, მდებარებს, მე-10 საუკუნით თარიღდება. მე-11-12 საუკუნეების მიჯანაზე ტაძარი დემეტრე მეფის კარის მხატვარ თეოდორეს მოუხატავს.

ეკლესიის შესასვლელ კარზე არის ასომთავრული წარწერა: „სახელითა ღმრთისაითა მოიხატა და შეიმკო წმინდა ესე ეკლესიაი წმინდისა კვირიკესი სადიდებლად და სალოცავად ხევის აზნაურთა ყოველთა, რომელნი აშენებენ ამას წმინდა ეკლესიასა. წმინდაო კვირიკე, ადიდე და შეიწყალენ ყოველნი. ამინ.

ტაძრის დასავლეთ კედელზე და კანკელზე გამოსახულია წმინდა კვირიკესა და ივლიტას ფიგურები, მათი ცხოვრების სცენები - „კვირიკეს სიკვდილი, ივლიტას თავის მოკვეთა.“

ტაძარში ასევე დაცული იყო კვირიკეს მინანქრით მოჭედილი ხატი, რომელშიც ჩატანებულია ჯვარიცხოვლის ნაწილი.

წმინდა მოწამენი კვირიკე და ივლიტა მცირე აზიაში, ქალაქ იკონიაში, ცხოვრობდნენ. ივლიტა დიდგვაროვანი ოჯახიდან იყო. ქრისტიანი ქალი ადრე დაქვრივდა და ერთადერთ ძეს მარტო ზრდიდა.

იმპერატორი დიოკლეტიანე ქრისტიანებს დევნიდა. ივლიტა მის სამსჯავროზე თავისი სამი წლის შვილით - კვირიკეთი მივიდა და ქრისტიანობა თამამად გამოაცხადა. განრისხებულმა იმპერატორმა შვილი ხელიდან გამოჰგლიჯა, ჯალათებს კი მისი დასჯა უბრძანა.

დედის წამების შემყურე პატარა ტიროდა. კვირიკეს სილამაზით მოხიბლულმა იმპერატორმა ყრმა მუხლებში ჩაისვა და მოფერება დაუწყო, მაგრამ იგი არ ცხრებოდა და "მეც ქრისტიანი ვარო," უმატებდა ტირილს. გაავებულმა იმპერატორმა ბავშვი მიწაზე დაანარცხა და წიხლი ჰკრა. თავის ხეთქებით კიბეებზე დაგორებლუმა ყრმამ სული უფალს შეავედრა.

ივლიტამ შვილის ნეტარი აღსრულებისთვის უფალს მადლობა შესწირა. მბრძანებელი ამას აღარ მოელოდა და სიკვდილის განაჩენი გამოუტანა. მუხლმოყრილი ლოცვით შეეგება იგი აღასრულს, მას იმპერატორის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს.

ეს მოხდა 305 წელს. დედა-შვილი ჯალათებმა ქალაქის გარეთ ცხოველებს მიუგდეს საჯიჯგნად, მაგრამ ქრისტიანებმა ღამით მათი ცხედრები მალულად დამარხეს.

ქართველები წმინდა ივლიტასა და წმინდა კვირიკეს ბედნიერებასა და სნეულ ყრმათა მსწრაფლ განკურნებას ავედრებენ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×