ია აბულაშვილი
28.01.2020

ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი წმინდანის, პატელეიმონ მკურნალის უხრწნელი ნაწილები მთელს საქრისტიანოშია მიმოფანტული, თავის ქალა სინას მთაზე ინახება, მადრიდში კი, მაცხოვრის ფერისცვალების სამეფო მონასტერში - უდიდესი სიწმინდე, პანტელეიმონ მკურნალის სისხლი, რომელიც ყოველი წლის 27 ივლისს (ახალი სტილით 9 აგვისტოს) მყარი მდგომარეობიდან კვლავ თხევად მდგომარეობას იღებს.

ამ დღეს აღნიშნავს ქართული სამოციქულო ეკლესია წმინდანის ხსენების დღეს და არ არსებობს საქართველოში ეკლესია პანტელემიონ მკურნალის ხატი არ იყოს დაბრაძნებული. ჟვანის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს პატარა ეკლესიაში დაბრძანებულ პანტელეიმონ მკურნალის ხატს მირონი სდის, რომლის ცხებითაც სასწაულად განიკურნა უამრავი ადამიანი.

წმინდა პანტელეიმონი ქალაქ ნიკომიდაში ცნობილ და მდიდარ ოჯახი დაიბადა. მამამ განათლების მისაღებად ჯერ გრამატიკის სკოლაში შეიყვანა, შემდეგ ცნობილ ექიმს ევფროსინს საექიმო ხელობის შესაწავლად მიაბარა. ყმაწვილი საოცრად ნიჭიერი აღმოჩნდა; თავის ტოლებს კი არა, მასწავლებლებსაც გაუტოლდა ცოდნით. 

ქრისტიანობისადმი რწმენა კი ჭაბუკს ერთმა სასწაულმა განუმტკიცა. შინ მიმავალი გზად წააწყდა მკვდარ ბავშვს, რომელიც გველს დაეკბინა და ქვე გაწოლილიყო. ჯერ შეშინდა, მაგრამ მერე ზეცას ახედა და წარმოთქვა: „უფალო იესო ქრისტე, მე არ ვარ ღირსი შენი მოხმობისა, მაგრამ თუკი გსურს შენი მონა გავხდე, მაჩვენე შენი ძალა და მოხდეს ისე, რომ შენი სახელით ეს ბავშვი გაცოცხლდეს, გველი კი მოკვდეს“.

ეს თქვა და ყრმა თითქოს ძილისგან გამოფხიზლდა და ფეხზე წამოდგა, გველი კი მოკვდა.

„მაშინ პანტელემონმა შეიწყნარა მადლი სარწმუნოებისა“, უმალ გაიქცა თავის მასწავლებლთან ერმოლაოზთან და სთხოვა ქრისტიანულად მოენათლა. ამის შემდეგ, პატელეიმონმა მაცხოვრის სახელით ბრმას თვალები აუხილა, რომელსაც ქალაქის დახელოვნებულმა ექიმებმაც ვერაფერი უშველეს. დადიოდა საპატიმროში და „ხელითა თვისითა“, ქრისტეს სახელით დაავადებულ პატიმრებს კურნავდა.

იმპერატორ მაქსიმილიანეს, რომელიც ქრისტიანებს დევნიდა ამბავი მიუტანეს, რომ მისი რჩეული პანტელემონი ქრისტიანი იყო და თუ არ შეაჩერებდა, ბევრს გადაქცევს „მამა-პაპის სჯულიდანო“.

თავის გასამართლებლად მაქსიმლიანემ პანტელეიმონი იხმო, მაგრამ ვერც მუქარამ და ვერც დაყვავებამ რწმენა ვერ შეაცვლევინა. მაშინ მეფის ბრძანებით იგი სასტიკად აწამეს, რკინის სამთითებით და ანთებული ლამპრებით სხეული დაუდაღეს; ადუღებულ ტყვიაში ჩააგდეს, ყელზე ლოდებმოკიდებლი მხეცებს მიუგდე საჯიჯგნად. მაგრამ, უფლის ნებით, პატელეიმონი უვნებელი დარჩა.

განრისხებულმა მეფე მაქსიმილიანემ მისი სიკვდილი და ცეცხლში დაწვა ბრძანა. პანტელემონი ქალაქის გარეთ გაიყვანეს და ზეთისხილის ქვეშ დააბეს. ერთმა მხედარმა ხმალი ჩასცა, მაგრამ იარაღი ცვილივით დაიშალა, „წმინდანს კი არარაი ევნო“. 

ამ სასწაულით შეძრულმა მეომრებმა ქრისტე იწამეს და უარი თქვეს მოეკლათ პანტელემონი. თავად წმიდანმა აიძულა ისინი ეს გაეკეთებინათ. მეომრებმა სხეული დაუკოცნეს და შენდობა სთხოვეს.  ერთ-ერთმა მათგანმა თავი მოჰკვეთა წმინდანს. ისევ მოხდა საწაული, სისხლის მაგივრად რძე წამოვიდა, ზეთისხილის ხე, რომეზედაც მიჯაჭვული იყო, ნაყოფით დაიხუნძლა. ცეცხლში ჩაგდებული წმინდანის სხეული კი უვნებელი დარჩა და იქვე პატივით მიაბარეს მიწას.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×