სტატისტიკოსები ამბობენ, რომ საშუალო მაჩვენებლის გამოანგარიშება უსამართლოდ ხდება
გვანცა წულაია
16.06.2020

 პანდემიის პირობებში საქართველოში საშუალო ხელფასი იზრდება. ასეთია "საქსტატის" ახალი მონაცემები, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის პირველ კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10.1%-ით - 110.0 ლარით გაიზარდა და 1202.7 ლარი შეადგინა. მართალია, პირველ კვარტალში, კრიზისი ამ მასშტაბის არ იყო, თუმცა საშუალო ხელფასის 110 ლარით გაზრდა მაინც გასაკვირია.

"საქსტატის" მონაცემებით ისიც დგინდება, რომ ამ წლის პირველ კვარტალში, წინა წელთან შედარებით, ხელფასების ზრდა თითქმის ყველა სექტორში შეინიშნებოდა. გაჩერებული ბიზნესის კვალობაზე საშუალო ხელფასის ამ ოდენობით გაზრდა გასაკვირია.

ხელფასის მოცულობის კლება მეორე კვარტალშია მოსალოდნელი, რადგან ეს პერიოდი ზუსტად იმ თვეებს (აპრილი, მაისი, ივნისი) მოიცავს, როდესაც ქვეყანაში კრიზისული ვითარება ყველაზე მეტად ჭარბობდა.

სტატისტიკოსი გივი მომცელიძე მიიჩნევს, რომ ამ წლის პირველ კვარტალში ეკონომიკა, ასე თუ ისე, მუშაობდა, ამიტომ საშუალო ხელფასის ზრდა დიდად გასაკვირი არ არის. რადგანაც აპრილსა და მაისში საქართველოში ეკონომიკა სრულად გაჩერდა, საშუალო ხელფასის კლება მეორე კვარტალში იქნება მოსალოდნელი.

"პირველ კვარტალში ბიზნესი არ იყო გაჩერებული და ასევე ეკონომიკაში დიდი შეფერხება არ ყოფილა. მარტის ბოლო კვირაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. იქამდე კი იყო გარკვეული შეზღუდვები, მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ პირველ კვარტალში ეკონომიკა მეტ-ნაკლებად მუშაობდა. ამიტომ, ზრდა არ არის გააკვირი. მეორე კვარტალაში, ალბათ, კლება იქნება, რადგან ძალიან ცუდ პერიოდს - აპრილსა და მაისს ემთხვევა.

ზოგადად კი 110 ლარით გაზრდა არაფერი არ არის.

ამ ხნის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი იყო და უნდა ითქვას, რომ ფასების ზრდა "შეჭამდა" ამ ნამატს. თანაც, განსაკუთრებით, პირველადი მოხმარების პროდუქცია გაძვირდა. შესაბამისად, ამ ზრდის ეფექტი ნამდვილად არ იქნებოდა ისეთი, როგორიც ჩვეულებრივ პირობებში მოხდებოდა, ანუ ინფლაცია რომ 2-3 პროცენტი ყოფილიყო", - განაცხადა "რეზონანსთან" გივი მომცელიძემ.

სტატისტიკოსი იმასაც ამბობს, რომ საშუალო ხელფასის გაანგარიშება უსამართლოდ ხდება.

"ზოგადად საშუალო ხელფასის თემა ცოტა უსამართლოა. 1200 ლარი დასაქმებულთა ძალიან მცირე რაოდენობას თუ ექნება. "საქსტატი" დაგვპირდა, რომ დაითვლიდა მედიანურ ხელფასს. საშუალოსა და მედიანურს შორის კი სხვაობა ნამდვილად არის. საშუალოს მიხედვით, ყველას ხელფასი ჯამდება და იყოფა რაოდენობაზე. მედიანური ნიშნავს, რომ თუკი, დავუშვათ, მილიონი ადამიანია დასაქმებული, მე-5000 და 5001-ე ადამიანის ხელფასები ჯამდება და იყოფა ორზე.

თუ საშუალო ხელფასის მიხედვით 1200 ლარია, მედიანური ხელფასი იქნება 1000 ლარამდე. ამ სისტემით გამოჩნდება, რომ უმეტესობას 700 ლარზე მეტი ხელფასი არ აქვს. დაახლოებით, 300 ათას ადამიანს აქვს 400-500 ლარამდე, ხელზე კი უმეტესობა იღებს 350 ლარს. ვიღაცას თუ ხელფასი აქვს მილიონი და ვიღაცას - 100, მათი საშუალო გამოვა 500 ათასზე მეტი და ეს თანხა რეალური ხომ არ იქნება? ამიტომ "საქსტატმა" ეს დანაპირები უნდა შეასრულოს და უფრო ზუსტი სურათი დაგვანახვოს", - დასძინა "რეზონანსთან" გივი მომცელიძემ.

მიუხედავად იმისა, რომ შემოსავალი და ხელფასი ფურცელზე იზრდება, პანდემიის გამო უამრავმა ადამიანმა არაერთი თვის განმავლობაში საერთოდ ვერ შეძლო ანაზღაურების მიღება. ამას ისიც მოწმობს, რომ სახელმწიფოს ფიქსირებული შემოსავლის მქონეებისათვის 200-ლარიანი სოციალური პაკეტის ამოქმედება დასჭირდა.

ეკონომიკის დოქტორ ირაკლი მაკალათიას განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ პირველი კვარტალის მონაცემები პანდემიის პერიოდს არ მოიცავს, გასაკვირი არ არის, თუ საშუალო ხელფასი გაიზარდა. მისივე ვარაუდით, საშუალო ხელფასი მოიმატებს მეორე კვარტალშიც.

"პირველი კვარტალის მონაცემები პანდემიის პერიოდს არ მოიცავს, შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ საშუალო ხელფასი გაიზარდა. მეორე კვარტალშიც ველოდები, რომ მატება იქნება. ახლა, პანდემიის პირობებში, სამუშაოდან გაათავისუფლეს, ძირითადად, დაბალშემოსავლიანი ადამიანები და რეალურად თუ დასაქმებულები დარჩნენ, ისინი არიან მაღალშემოსავლიანები. შესაბამისად, ამ გაანგარიშებით, როცა ხელფასები ჯამდება და დასაქმებულებზე იყოფა, გამოდის, რომ დაბალი ხელფასები ამოვარდება და მაღალი ხელფასები დარჩება. 200 და 300-ლარიანი ხელფასები რომ ჩაიხსნება, დარჩება უფრო მაღალი მაჩვენებლები, რაც საშუალო მონაცემს გაზრდის.

მეორე კვარტალის საშუალო ხელფასი როდესაც გამოქვეყნდება, წესით, კიდევ უნდა გაიზადროს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოსახლეობის ცხოვრების დონე იზრდება და უმჯობესდება. რეალურად, როდესაც საშულო ხელფასს ვაფასებთ, უნდა ითქვას, რომ ეს არ არის შრომის ანაზღაურების კარგი შემფასებელი ინდიკატორი. მაგალითად, გაანაგარიშებაში მედიანურ მეთოდს თუკი დავამატებთ, ეს მოგვცემს უკეთესი ანალიზის შესაძლებლობას, ახლანდელი საშუალო ხელფასი კი თითქმის არაფერს არ გვეუბნება", - უთხრა "რეზონანსს" ირაკლი მაკალათიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 33.5 ლარით გაიზარდა და 1092.7 ლარი შეადგინა. 2020 წელს ზრდა უფრო შთამბეჭდავი იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
გივია მოკეტე რა   (17.06.2020)
ეს სულელი გივია მომცემლიძე რა მოსასმენია? ყველაზე უვიცს რატო ეკითხებით აზრს?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×