სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გელა ხანიშვილი: მოსავალი, სავარაუდოდ, იქნება 40-45 ათასი ტონის ფარგლებში, რაც შარშანდელთან შედარებით, გაორმაგებულია
    ნინა გარდაფხაძე
    24.12.2019

    დასავლეთ საქართველოში ფერმერთა ბოლო სამი წლის ყველაზე დიდ პრობლემასთან, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა 2019  წელს წარმატებით დასრულდა. მავნებელი ისევ არსებობს, თუმცა მკვეთრად შემცირებულია მისი პოპულაცია და ზიანის ხარისხი მოსავალზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გელა ხანიშვილის ინფორმაციით, თხილზე ფაროსანას ნეგატიური გავლენა წელს, 2%-ს არ აღემატება. 

    სწორედ მავნებლის გავრცელებისა და დაავადებების გამო თხილმა 2017 წლიდან ქართული საექსპორტო პროდუქციის ათეულში პოზიცია დაკარგა. სწორედ ამ ადგილს იბრუნებს სახელმწიფოს და ფერმერთა ერთობრივი ბრძოლით თხილი და იმატებს სხვა კულტურების მოსავლიანობაც და ხარისხიც. 

    ,,რეზონანსი“: როგორი წელი იყო ფაროსანასთან ბრძოლოს კუთხით და რამდენად შემცირდა მწერის მავნე გავლენა? 

    გელა ხანიშვილი:  2019 წელი ფაროსანასთან ბროლის კუთხით იყო ძაზედ წარმატებული. როგორც უშუალოდ  მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების ფარგლებში, ასევე მოსახლოების მხრიდანაც. 3 წელია, საქართველო ებრძვის ამ პრობლემას და 2019 წელი მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ ფერმერებმა დაიჯერეს რეკომენდაციები და გვერდში დაუდგნენ იმ ხალხს, რომლებიც მუშაობენ რეგიონებში. 

    შედეგები იყო ბრწყინვალე. მიმდინარე წელს, ჩვენ დავიწყეთ  პოზიციების დაბრუნება. თხილის მოსავალი, სავარაუდოდ იქნება 40-45 ათასი ტონის ფარგლებში,  რაც გასულ წელთან შედარებით, გაორმაგებულია თუ უფრო მეტი არა. დღეისათვის  ექსპორტზე გატანილია 55 მლნ ლარის თხილი. ესეც აგვისტოს მონაცემებია და უნდა ითქვას, რომ მთლიანობაში ვფიქრობთ, ექსპორტი 110-120 მლნ ლარს მიაღწევს.

    ,,რეზონანსი“: ხშირად ისმის ფრაზა - სახელმწიფოს და ფერმერის ერთობრივი ძალისხმევის შედეგი. უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა ღონისძიებები გაატარა სახელმწიფომ, ფერმერთა უშუალო ინფორმირებისა და მავნებელთან ბრძოლის გააქტიურებისათვის?

    გელა ხანიშვილი: მიმდინარე წელი, მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად, ჩვენ შევძელით შეგვექმნა, პირამიდის სისტემაზე აწყობილი მუშა რგოლები, რომელთა მეშვეობითაც, ამ რგოლებში გავაერთიანეთ დაახლოებით 15 ათასი ფერმერი, 17 ათასი ჰა თხილის  ბაღებით. ფაქტობრივად, ამით თითოეული მათგანი დარწმუნდა, რომ ღონისძიებები,  რომელსაც მთავრობა ახორციელებდა იყო ეფექტური. ამასთან ამ რგოლებში შემავალი ქვედა პატარა  ჯგუფებს, რომელიც 10-15 ფერმერს აერთიანებდა, გადაეცათ საწამლი აპარატები, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი  შეიტანა თვითონ ღონისძიებათა გატარებაში. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მეშვეობით მოხდა სხვადასხვა მაღაზიებთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან მათი  დაკავშირება და ამით ფინანსური  პრობლემები და წამალზე ხელმისაწვდომობაც გადაიჭრა. სამინისტროს დაფინანსებული ჰყავდა ის თანამშრომლები,  რომელიც უშუალოდ უწევდნენ კონსულტაციას და ასწავლიდნენ  თუ რა და როგორ განეხორციელებინათ. ამ კომპლექსურ ღონისძიებებში ჩვენ შევასრულეთ  მთავრობის მიერ დამტკიცებული პროგრამა ყველა კომპონენტით. 

    ,,რეზონანსი“: ახლა ყველაზე მთავარი მაინც ისაა, რას უნდა ველოდეთ 2020 წელს და რამდენად არის მწერის პოპულაცია შემცირებული. არის თუ არა ისევ პრობლემა ფერმერთა მხრიდან მავნებელთან ბრძოლის საშუალებების მიმართ უნდობლობა? 

    გელა ხანიშვილი: შეიძლება ითქვას, რომ 2020 წლისათვისაც წინაპირობა უკვე კარგია, რადგან სულ უფო და უფრო ნაკლები ფაროსანა ახერხებს ამ ღონისძიებების შედეგად გამოზამთრებას.  2019  წელი ასევე მნიშნელოვანი იყო იმით, რომ ჩატარდა რამდენიმე საერთაშორისო კონფერენცია. უცხოელმა ექსპერტებმა, მათ შორის ამერიკიდან, რომლებიც ლიდერები არიან მავნებელთან ბრძოლის თვალსაზრისით, ძალიან მაღალი შეფასებები გააკეთეს. საქართველოს  მთავრობის მიღწევები აღიარებული იქნა მსოფლიოში საუკეთესო მოდელად, რადგან ასეთ  მოკლე ვადაში ასეთი  მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევა შევძელით. 

    მნიშვნელოვანია ჩვენი სლოგანი: დავამარცხოთ აზიური ფაროსანა ერთად! სწორედ ამ ერთობრივი ბრძოლით - ფერმერი, ასოციაცია და  სათავეში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - დადგა შედეგი, რაც გაზრდილ მოსავლიანობაში გამოიხატა, რითიც შეგვიძლია თავს უფლება მივცეთ და ვიამაყოთ. 

    ის, რომ აზიური ფაროსანა აღარ იქნება, ამაზე საუბარი ჯერჯერობით ძალიან ნაადრევია. ჩვენი ამოცანაა მავნებლობის  დონის ყველაზე დაბალ დონემდე შემცირება. როცა ვნახულობთ წლევანდელი მოსავლის თხილს, რომელიც ასე უხვად და მაღალ ფასად რეალიზდება, ვრწმუნდებით, რომ 2%-ს არ აღემატება აზიური ფაროსანას ზიანი. 

    არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც არაერთხელ აღგვინიშნავს, კარგი მოსავალი მიიღეს ფერმერებმა, რომლებმაც გაითვალისწინეს ჩვენი რეკომენდაციები. ვფიქრობთ, მომავალი წლისათვის მეტი ფერმერი ჩაერთვება სისტემაში და მათ შორის ისინი, ვინც წელს სკეპტიკურად უყურებდა ჩატარებულ სამუშაოებს, რადგან მათმა თანასოფლელებმა, მეზობლებმა, ნაცნობებმა რეკომენდაციების გათვალისწინებით იხეირეს. ეს არის ყველაზე კარგი არგუმენტი და შედეგი, რომელიც გვაქვს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×