სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ინფლაციამ და ლარის გაუფასურებამ სარესტორნო ბიზნესს დიდი თავსატეხი გაუჩინა
    რეზონანსი
    21.10.2019

    3 ლარით გაძვირებული საქონლის და 2-3 ლარით გაძვირებული ღორის ხორცი, გაუფასურებული ლარი და 20-25%-ით მომატებული ფასი იმპორტირებულ პროდუქციაზე - ამ ყველაფერმა რესტორნების გაძვირება და მომსახურების ამ სფეროში კლიენტების კლება გამოიწვია. თბილისური კვების ობიექტები უცხოელი სტუმრების იმედად არიან. როგორც მენეჯერები ამბობენ, ადგილობრივი მომხმარებელების მხრიდან პასიურობა შეინიშნება, რასაც ისინი ფინანსურ კრიზისს და გაზრდილ ფასებს უკავშირებენ. რესტორნის მეპატრონეები ამბობენ, რომ 2019 წელი რთული იყო, რადგან ზაფხულში ტურისტების სიმცირეც შეინიშნებოდა და ამ დანაკლისის შევსებას ისინი სადღესასწაულო დღეებში ვარაუდობენ.

    ბოლო თვეების პოლიტიკურ-ეკონომიკურმა ძვრებმა ადგილობრივ ბაზარზე დიდი რყევა გამოიწვია, რასაც პროდუქტის გაძვირება მოჰყვა. საშუალოდ, საკვებ პროდუქტებზე 20-25 პროცენტიანი მატებაა. ეს ძალიან დიდი ცვლილებაა ბაზრისთვის და, ბუნებრივია, კვების დაწესებულებებისთვისაც. წამყვანი 5-6 მსხვილი მიმწოდებლის გარდა, კვების ობიექტების მეპატრონეები პროდუქციას გლეხებისგანაც ყიდულობენ. ფასები მათ პროდუქტზეც გაიზრდა. შესაბამისად, ერთი მხრივ, კურსის ცვლილება, მეორე მხრივ კი, სხვა პროდუქტების ფასის მატება გახდა სარესტორნო მომსახურების გაძვირების მიზეზი.

    მაკო სახოკია „ლილეს“ მენეჯერია. იგი ადასტურებს, რომ რესტორანში საკვებზე ფასები ნამდვილად გაზრდილია, თუმცა არა კატასტროფულად. „მომსახურება გაძვირდა, შეძლებისდაგვარად ვეცადეთ ჩარჩოებს არ გავცდენოდით, მაგრამ ყველაფერი გაძვირებულია და იგივე ფასზე დარჩენა ვერ შევძელით, მიუხედავად იმისა, რომ ამის დიდი სურვილი და ინტერესი გვქონდა. ქვეყანაში რთული მდგომარეობაა ისედაც უჭირს ხალხს რესტორანში სიარული და გაძვირებულმა მომსახურებამ და საკვებმა საერთოდ შეამცირა ხალხის ნაკადი. 

    კრიზისია ჩვენთანაც ხორცს ხშირად ისე ვიღებთ, რომ თანხას მაშინვე ვერ ვიხდით და უამრავი მსგავსი პრობლემა გვაქვს დისტრიბუტორებთან. ჩვენი თანამშრომლებიც იგივე ხელფასზე დარჩენას არ აპირებენ და მათაც უნდა გავუზარდოთ ანაზღაურება, რადგან როგორც ყველასთვის ისე მათთვისაც გაძვირდა ცხოვრება. 

    თუ მდგომარეობა არ დასტაბილურდება საგრძნობლად შეთხელდება რესტორნების რაოდენობა თბილისში და არა მარტო აქ. ბაზარზე დარჩებიან მხოლოდ ქსელური რესტორნები, არადა საქართველოში ამ ბიზნესით უამრავი ადამიანია დაკავებული და ბევრი დაზარალდება. სახელმწიფომ უნდა გამოაკეთოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, რომ ბიზნესს სექტორსაც არ შეექმნას პრობლემები~, - აღნიშნა „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას მაკო სახოკიამ. 

    ბარ-რესტორნებში მომსახურების გაძვირება, იმპორტირებულ და ადგილობრივ პროდუქტებზე ფასის ზრდას უკავშირდება. კვების ობიექტების უმრავლესობა კლიენტების კლებას უჩივის. ზოგიერთი რესტორანი, კლიენტების შენარჩუნების მიზნით, სტუმრებს უცვლელ ფასს სთავაზობს რაც ნიშნავს დაბალ ხარისხს ან წამგებიან ბიზნესს. რესტორნები, რომლებიც არ ადასტურებენ, რომ ფასები გაზრდილია ხაზს უსვამენ იმას, რომ ეს პროდუქტის ხარისხის ხარჯზე არ ხდება.

    მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ რესტორნებმა ფასები მკვეთრად გაზარდეს და ეს სცილდება ყველანაირ ზღვარს. გივი სიბოშვილი ჰყვება, რომ რესტორნების ბიზნესში საკმაოდ კარგად ერკვევა, მაგრამ მკვეთრად გარზდილი ფასები გაუგებარია. 

    "ქობულეთში ზაფხულობით საოჯახო ტიპის სამზარეულოს ვამუშავებ და ზუსტად ვიცი რისი ფასის მატება, რამდენად აისახება მზა პროდუქციაზე. ხარბები ვართ და როგორც კი ვნახავთ და გავიგებთ, რომ რაღაცის ფასმა მოიმატა, ყველაფერს ჩვენს სასიკეთოდ ვიყენებთ, რაც ძალიან ცუდი ფაქტია. 14%-ით კი გაიზრდა ხორცპროდუქტების ფასი, მაგრამ მენიუებს, რომ გადახედოთ და ფასები შეადაროთ გაგიჟდებით იმხელა სხვაობაა. გაღორდნენ და არ უნდათ ამის აღიარება", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" გივი სიბოშვილმა.

    ახლა, კრიზისულ მომენტში, რესტორატორების აზრი ორადაა გაყოფილი. ერთი ნაწილი ფასს უმატებს და მეორე ამბობს, რომ ფასს არ მოუმატებს და ისე გაუძლებს ამ გამოწვევას.

    იმ შემთხვევაში, თუკი ფასის მატება გარდაუვალია, რესტორნების მეპატრონეებს იმ მიმართულებითაც აქვთ საფიქრალი, რომ გაძვირებასთან ერთად მომსახურების ხარისხიც გაზარდონ. ეს იქნება ერთგვარი წახალისება იმ მომხმარებლისთვის, ვინც გაძვირების ფასის მიუხედავად, მაინც კონკრეტულ კვების ობიექტზე შეაჩერა არჩევანი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    status quo   (21.10.2019)
    ამიტომ,ადგილობრივ პროდუქტს მიაწექით.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×