სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "რომელი რომელს ჩაძირავს, კაცმა არ იცის. 10-მდე ქსელური მაღაზიაა და ზოგიერთი 1 წლის შემდეგ აღარ იქნება"
    მარი ჩიტაია
    26.12.2017

     მსხვილ ქსელურ სუპერმარკეტებს პრობლემები არ ელევათ. მაღალი კონკურენციის პირობებში მაღაზიების უმეტესობას პოზიციების შესანარჩუნებლად ბრძოლა უწევს. რამდენიმე მოთამაშე ბაზრიდან გავიდა კიდეც, ზოგს დიდი ძალისხმევა სჭირდება, რომ კონკურენციისთვის არცთუ ჯანსაღ გარემოში კუთვნილი ნიშა შეინარჩუნოს. ამასობაში მოვლენები ბაზარზე ელვის სისწრაფით იცვლება. პრობლემას სპეციალისტები მაღაზიების არასწორ მენეჯმენტს უკავშირებენ.

    რამდენიმე წლის წინანდელ გახმაურებულ ამბებზე რომ არაფერი ვთქვათ, ცვლილებები ახლაც მიმდინარეობს. გარდა იმისა, რომ ზოგიერთი მაღაზიისთვის გეოგრაფიული არეალი ვიწროვდება, ხდება პირიქითაც და შედარებით ძლიერი მოთამაშეები სარეალიზაციო მასშტაბებს აფართოებენ.

    რამდენიმე ხნის წინ ბაზარი ხმაურიანად დატოვა სუპერმარკეტების ქსელმა "ფურშეტმა", მოგვიანებით მისი ბედი გაიზიარა "ლა ფემილმაც". ინფორმაცია აღნიშნული კომპანიების ფინანსურ პრობლემებთან დაკავშირებით პირველად 2016 წლის დასაწყისში გავრცელდა, თუმცა იმ პერიოდისთვის სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებმა აღნიშნული ინფორმაცია უარყვეს და განაცხადეს, რომ კომპანიაში მხოლოდ რეორგანიზაცია მიმდინარეობდა, რომელიც მალე დასრულდებოდა. ახლახან კი "ნიკორას" მმართველობაში არსებული "ნუგეშის" რამდენიმე მაღაზია "ლიბრემ" ჩაანაცვლა, რომელიც ასევე "ნიკორას" მმართველობის ქვეშაა.

    დროდადრო ვრცელდება ინფორმაცია "ფრესკოს" გაკოტრებასთან დაკავშირებითაც. მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიის ხელმძღვანელმა სპეციალური განცხადება გააკეთა, სადაც პრობლემის არსებობა უარყო, ეჭვის გაქარწყლება საზოგადოებისთვის არც ისე მარტივი აღმოჩნდა. უკვე წელიწადზე მეტია, რაც "ფრესკოს" დახლები ნახევრად ცარიელია. კულუარული ინფორმაციით, კომპანიას მართლაც აქვს გარკვეული პრობლემები, რომლებზეც იმპორტიორები ხშირად საუბრობენ.

    საქართველოს მასშტაბით დღესდღეობით 10-მდე მსხვილი ქსელური მაღაზიაა: "კარფური", "ნიკორა", "ფრესკო", "სმარტი", "ორი ნაბიჯი", "გუდვილი", "ზღაპარი", "ლიბრე", "იოლი".

    ქართველი ეკონომისტები ერთპიროვნულად აცხადებენ, რომ საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის ამდენი მსხვილი სავაჭრო ქსელი ზედმეტია. ორიოდე წლის წინ "რეზონანსი" ვარაუდობდა კიდეც, რომ მსხვილ მაღაზიებს პრობლემა შეექმნებოდათ და მათ ეს დრო საკმაოდ ადრე დაუდგათ და მძაფრ კონკურენციას განიცდიან. მცირე მაღაზიებს თბილისის უბნებში უკვე ნაკლებად ამჩნევს ხალხი, რადგან მათი უმეტესობა დაიხურა.

    ეს რომ ასეა, სადისტრიბუციო ასოციაციის დამფუძნებელი ივა ჭყონიაც ადასტურებს. მისი განმარტებით, პრობლემა მათ აქვთ იმის გამოც, რომ მიმართავენ თაღლითურ მარკეტინგს. ბოლო დროს ამაში კომპანიებს ხელი შეუშალა "კარფურმა", რომელიც სწორი მერკეტინგითა და მძლავრი ფინანსური რესურსით შემოვიდა ქვეყანაში.

    "სულ რამდენიმე ქსელია წარმოდგენილი და ამ დროს უამრავი სადისტრიბუციო კომპანიაა, რომლებსაც მაღაზიებთან პრობლემა აქვთ და ამას ცარიელი დახლებიც ადასტურებს. ჩემი აზრით, მეტი ცვლილებები იქნება 2018 წელს. ვერ ვიტყვი, რომ გაერთიანდებიან, ასეთი ფაქტი თუ მოხდა, კონკურენციის სააგენტო უნდა ჩაერიოს და დროულად აღიკვეთოს. ბაზარზე მონოპლია თუ გაჩნდა, ეს საბოლოოდ მომხმარებელს დააზარალებს.

    რამდენიმე მაღაზიაა, რომლებიც საერთოდ გამოეთიშნენ ბაზარს, ასეთებია "ფურშეტი", "ლა ფემილი" და სხვა, მაგრამ დღეს არავის აინტერესებს, რატომ გაჩნდა პრობლემა და რატომ გახდნენ ისინი გადახდისუუნარონი. თუ ვინმე პრობლემის წინაშეა, ძირითადად, იმის გამო, რომ არასწორი მენეჯმენტი აქვს. თქვენ წარმოიდგინეთ, სულ რამდენიმე ქსელური მარკეტია საქართველოში და 200-მდე სადისტიბუციო კომპანიას კაბალურ სიტუაციაში აყენებენ. კანონმდებლობა იმდენად ცუდია, რომ დარღვეული უფლებების დაცვაც კი გვიჭირს. ამ დროს ქსელური მაღაზიების უმეტესობა არაკეთილსინდისიერად ვითარდება, მომწოდებლების ხარჯზე ხდება ახალ-ახალი ობიექტების დამატება, ამის რესურსი კი რეალურად არ აქვთ", - აცხადებს ჭყონია და დასძენს, რომ ქსელური მარკეტების ნაწილი არასწორი გზით ვითარდება, ისინი თაღლითური სქემით მოქმედებენ.

    ექსპერტი სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებში ზვიად კანდელაკი ვარაუდობს, რომ უახლოეს მომავალში ვაჭრობის სექტორში დიდი გადაადგილებაა მოსალოდნელი.

    "არსებული კონკურენციის პირობებში, მაღაზიების ბრუნვა შეიძლება უკვე იყოს ზღვარზე. ბუნებრივია, რომ მსხვილი მაღაზიები აგრესიული მარკეტინგით შველიან თავს, სხვანაირად ვერ გადარჩებიან. ჰიპერმარკეტების ქსელის განშტოებაა "კარფური", რომელმაც საქართველოს სავაჭრო ბაზარზე პრობლემა ზედაპირზე ამოიტანა. მომხმარებლისთვის ეს არცთუ ისე ცუდია, რადგან ბაზარზე კონკურენტული ფასია.

    ცვლილებები იქნება. რომელი რომელს ჩაძირავს, კაცმა არ იცის, თუმცა, რაც არ უნდა მოხდეს, ახალი მოთამაშე ყოველთვის გამოჩნდება, რომელიც ნებისმიერ ობიექტს ჩაანაცვლებს, თუკი ამის საჭიროება იქნება. 10-მდე ქსელური მაღაზიაა და მათი რაოდენობა შეიძლება, შემცირდეს. ვფიქრობ, დარჩებიან ის მაღაზიები, სადაც ჰყავთ კარგი მენეჯერები და მომარაგების სპეციალისტები. ძალიან სერიოზული საკითხია, გაისად დიდი ბრძოლა იქნება სავაჭრო სექტორში", - ამბობს კანდელაკი.

    მისი შეფასებით, მიუხედავად ამდენი მაღაზიისა, ეკონომიკა დიდ მოგებას ვერ ნახულობს, რადგან სავაჭრო ობიექტების უკან უცხოური კაპიტალია, რომელიც საბოლოოდ სხვა ქვეყანაში გადის.

    "ვაჭრობა ეკონომიკის საჭირო და მნიშვნელოვანი სეგმენტია, მაგრამ რეალური სექტორის გარეშე ვერაფერს მივაღწევთ. კარგად თუ დავაკვირდებით თბილისური სუპერმარკეტების დახლებსა და პროდუქტების წარმომავლობას, ქართული აშკარა უმცირესობაში აღმოჩნდება. რაც არ უნდა იყოს, ჩვენ ვრჩებით შემოსული ფულის გადამუშავებისა და უკან გაგზავნის ჩვეულებრივ ობიექტებად და გაგრძელდება ასე, სანამ ეკონომიკის რეალური სექტორი არ განვითარდება", - დასძენს ექსპერტი.

    აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობასა და ვაჭრობის სექტორში დასაქმების ხვედრითი წონა ყველაზე მაღალია. ამ ორ სფეროზე, ჯამში, საერთო დასაქმების 2/3 მოდის. ვაჭრობის დარგში გრძელვადიანი პერსპექტივა არ იკვეთება, ეს არის სწრაფ შედეგზე ორიენტირებული ბიზნესი. ამიტომ, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუკი სამომავლოდ რომელიმე მსხვილი სავაჭრო ობიექტი გაკოტრების პირას აღმოჩნდეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter