პრემიერის შეფასებას ენერგეტიკოსები ეთანხმებიან და ასახელებენ კიდეც ხელოვნურად გაჩერებულ მშენებლობებს
გვანცა წულაია
18.04.2024

საქართველოში, მრავალი სხვადასხვაგვარი პროტესტიც გამო, არაერთ ეკონომიკურ წამოყებას შეეშალა ხელი. ასეთი მაგალითები, ძირითადად, ენერგეტიკული სექტორშია. ქვეყანაში ლამის ნებისმიერი ჰესის მშენებლობა მოსახლეობის პროცესტის ფონზე მიმდინარეობს. მსგავს მოცემულობას ხელისუფლებაში ადასტურებენ და როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების ჩაგდებაში, არასამთავრობო ორგანიზაციებიც იყვნენ ჩართულნი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ დაუსახელებია არც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტები და არც ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა აქტიურობითაც ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროექტები ჩავარდა, თუმცა ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ ამ ყველაფრის გამო უკვე იზარალა ენერგეტიკულმა სექტორმა.

„გამჭვირვალობის შესახებ კანონი რომ ყოფილიყო,Nარასამთავრობო ორგანიზაციებს გაუჭირდებოდათ ემოქმედათ ასე თავხედურად ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის ინტერესების წინააღმდეგ და უფრო მეტად გაუფრთხილდებოდნენ დონორებს”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ზუსტად უცნობია, ირაკლი კობახიძე რომელ პროექტებს გულისხმობს, თუმცა `ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში პროტესტის გამო ჩაგდებული ან დაპაუზებული პროექტები ენერგეტიკაში მრავლად არსებობს. ყველაზე დიდი პროტესტი ნამოხვანჰესს მოჰყვა და დიდი ალბათობით, პრემიერმა სწორედ აღნიშნული ჰესი იგულისხმა. ობიექტი, ახლა გაჩერებულია, არადა სფეროს სფეციალისტების შეფასებით, პროექტი ენერგეტიკულად სრულყოფილი იყო.

კიდე ერთ მაგალითად შეიძლება ხუდონსესის დასახელება. ასევე 2019 წელს პანკისში განვითარებული მოვლენები, მაშინ ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე მცირე სიმძლავლის 5.4-მეგავატიანი ჰესის მშენებლობა იგეგმებოდა, თუმცა მოსახლეობასა და სპეცრაზმს შორის არაერთი დაპირისპირება მოხდა. საბოლოოდ, ობიექტის მშენებლობა ჩაიშალა.

შეიძლება წლების წინანდელი "პანორამა თბილისის” მშენებლობის დასახელებაც, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა პროტესტის გამო მხოლოდ სანახევროდ აშენდა. ასევე საყრდისის ამბების გახსენება და ა.შ.

ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ ის ენერგეტიკული პროექტები დაასახელა, რომელიც მწვავე პროტესტის გამო გაჩერებულია.

"შემიძლია ნამოხვანჰესის და ხუდონჰესის პროექტების გახსენება, ასევე პანკისის ამბების დასახელება, როდესაც გიორგი გახარია იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. გვახსოვს რა ხდებოდა მაშინ ხეობაში. იქ ძალიან პატარა სადგურის, 4-5-მეგავატიან ჩამონადენზე მომუშავე ჰესის მშენებლობაზე იყო საუბარი, მაგრამ არ განხორციელებულა აღნიშნული პროექტი. ნამოხვანის ამბავიც ყველას გვახსოვს და ხუდონჰესი 1999 წლიდან ქრონიკულად იწყება და ჩერდება.

კონკრეტულად ნამოხვანჰესის ამბავს რომ შევეხოთ, იქ იმდენად იყო ტყუილ-მართალი ერთმანეთში არეული, სიმართლის დადგენა ორი სიტყვით ვერ მოხდება. პროექტი ენერგეტიკულად იყო სრულყოფილი, მაგრამ არ ვიცი მისი იურიდიული მხარე როგორ გამოიყურებოდა. ის, რომ პროექტი ტექნიკურად გამართული იყო, მისი მუშაობის შედეგად არც დაინგრეოდა და ქუთაისს წყალი არ წაიღებდა, როგორც მაშინ ითქვა, ეს იმ ანგარიშებიდან ჩანდა, რომელიც იმ პერიოდში გაკეთდა”, - განუცხადა "რეზონანსს” გია არაბიძემ.

ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასა და განვითარებაში ენერგეტიკის დარგს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ამ მიმართულებით ყოველთვის პრობლემაა და ყოველი ჰესის მშენებლობას, იქნება ეს პატარა თუ დიდი პროექტი, ყოველთვის პროტესტი ახლავს თან. გია არაბიძე კი მიიჩნევს, რომ დაწყებული პროექტის გაჩერება უფრო საზიანოა, ვიდრე საერთოდ არ დაწყება.

"ენერგეტიკული პროექტი დარგის სპეციალისტი იქნება, მთავრობა, თუ ინვესტორი, ყველამ ერთად უნდა ვიმუშავოთ მოსახლეობასთან და მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რაც გვინდა და რაც გვაინტერესებს. მათი პრობლემებიც უნდა მოვისმინოთ და ამის შემდეგ შევჯერდეთ და მივიღოთ გადაწყვეტილება. რაღაც კუთხით შეიძლება მოსახლეობა იყოს მართალი, რაღაც მხრივ კი შესაძლოა, არასწორი ინფორმაცია ჰქონდეს, ამიტომ ასეთ საქმეზე ყველამ ერთად უნდა ვიმუშავოთ. სანამ არ დავრწმუნდებით იმაში, რომ პროექტს პრობლემები არ ექნება, მშენებლობა არ უნდა დავიწყოთ, რადგან დაწყებული პროექტის გაჩერება ყველანაირად უფრო საზიანოა, ვიდრე საერთოდ რომ არ დაიწყო”, - დასძინა `რეზონანსთან” ენერგეტიკოსმა.

ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი მოსახლეობაში თითქმის არ ნელდება. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ გარკვეულწილად მართული პროცესი იყო, თუნდაც ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამოსვლები. 

"ენერგეტიკული პროექტები პირდაპირ ხელისგულზე გვიდევს. ნამოხვანთან, ნენსკრასთან მიმართებით, როდესაც არსებობდა პროტესტის ტალღა, სადაც სართოდ მიმაჩნია, რომ გარკვეულწილად მართულიც იყო. ამ პროცესმა საკმაოდ უარყოფითი გავლენა მოახდინა და საერთოდ შეჩერდა კიდეც”, - განუცხადა "რეზონანსს” კაპანაძემ.

პოლიტიკურ მოვლენებს ეკონომიკაზე დიდი ასახვა აქვს ხოლმე, თუმცა გააჩნია პროცესის მასშტაბს და ხანგრძლივობას. დღეს არსებული მოცემულობით, ეკონომისტები ფიქრობენ, რომ ეკონომიკაზე გავლენა არ იქნება, მაგრამ თუკი პროცესები გაგრძელდება, ასახვა გარდაუვალია.

გიორგი კაპანაძემ იმ მიმართულებეზეც ისაუბრა, თუ რა შეიძლება მოჰყვეს პოლიტიკურად დაძაბულ სიტუაციას ეკონომიკაში.

"პოლიტიკური დაძაბულობა ეკონომიკაზე გავლენას ახდენს ყოველთვის. ეს არის ბუნებრივი პროცესი, რადგან როცა ქვეყანაში არის პოლიტიკურად დაძაბული გარემო, ამ დროს ინვესტორები თავს იკავებენ ინვესტიის განხორციელებისგან. იმავდროულად, ასეთ გარემოებას გავლენა აქვს ქვეყნის შიგნით სხვადასხვა ეკონომიკურ პროცესზე, ეროვნული ვალუტის კურსზე და ა.შ. დაძაბული პოლიტიკური გარემო ყოველთვის ვნებს ეკონომიკურ განვითარებას.

ვერ ვიტყვი, რომ ბოლო დღეების მოვლენებმა პირდაპირ რაიმე უარყოფითი გავლენა მოახდინა ეკონომიკაზე, თუმცა თუკი პროცესები გრძელვადიანი იქნება, მაშინ ამას შეიძლება გარკვეული ასახვა ჰქონდეს. მაგალითად, ინვესტორმა, რომელიც საქართველოში კაპიტალის დაბანდებას აპირებს, თავი შეიკავოს, სანამ სიტუაცია არ დასტაბილურდება. დღეის მოცემულობით რომ ვიმსჯელოთ, ვერ ვხედავ, აქციებს რაიმე გავლენა ჰქონდეს ეკონომიკაზე.

ისიც გვახსოვს, ქვეყანაში როდესაც იყო მწვავე გამოსვლები, ამას გავლენა მოუხდენია გაცვლით კურსზე. მახსოვს, დაახლოებით ერთკვირიანმა აქციამ გავლენა იქონია ეროვნულ ვალუტაზე, რადგან მაშინ ინვესტორებმა გადაწყვიტეს დოლარის შესყიდვა, მოქალაქეებმა საკუთარი აქტივები თუ ანაბრები გადააზღვიეს და დოლარში გადაიტანეს. შესაძლოა, პირდაპირ ვერ დავინახოთ, მაგრამ რომელიმე ქვეყნის ინვესტორი საქართველოში ინვესტირებას ფიქრობს, თუმცა თუ მან დაინახა, რომ აქ არეულობის საფრთხეა, ფულის ჩადებას გადადებს ერთი თვით, ერთი წლით, ან შესაძლოა, საერთოდ შეიკავოს თავი. ასეთი რამ შეიძლება ასე ღიად არ ჩანდეს, მაგრამ ეკონომიკაში უხილავად ხდებოდეს”, - დასძინა "რეზონანსთან” გიორგი კაპანაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×