"დღეს ახალგაზრდას აღარ რცხვენია კოლეჯში სწავლა და პრაქტიკული სპეციალობის შესწავლა"
გვანცა წულაია
02.04.2024

საქართველოში კადრების პრობლემა ისევ მწვავეა. პრობლემის დაძლევა, რომელიც საკმაოდ მასშტაბურია, ჯერჯერობით ვერ ხერხდება, ამიტომ კერძო სექტორს კვალიფიციური თუ არაკვალიფიციური მუშახელის პრობლემა უდგას. ამ ფონზე ქვეყანაში პროფესიულ განათლებას ნაკლები ყურადღება ექცევა და ახალგაზრდების უმეტესობა საკუთარ არჩევანს უმაღლეს სასწავლებლებზე აკეთებს, არადა ბიზნესს, ძირითადად, ისეთი კადრები სჭირდება, რომელთა მომზადება პროფესიულ კოლეჯებშია შესაძლებელი.

კადრების დეფიციტზე კერძო სექტორი დიდი ხანია საუბრობს. ბიზნესმა რაღაც დონეზე ხელფასები გაზარდა, თუმცა ამ გზით პრობლემის მოგვარება ვერ მოახერხა. 

დღეისათვის საქართველოში მოთხოვნა ძირითადად მშენებლობის, სარესტორნო, სასტუმრო, სოფლის მეურნეობის და კიდევ რამდენიმე მიმართულებითაა.

„ბიზნესს მშენებლობის სფეროში კონსტრუქტორებთან, ინჟინრებთან და არქიტექტორებთან ერთად სჭირდება სამშენებლო მასალის სპეციალისტები, ასევე ის ადამიანები, რომლებიც სამშენებლო ოპერაციების წარმართვაში იღებენ მონაწილეობას, მაგალითად, აგურის დამწყობელი, ტექნიკის ოპერატორები და ა.შ. დღეს ძალიან ბევრი ინოვაცია შემოვიდა სამშენებლო და სოფლის მეურნეობის სექტორებში. მათ სპეციალური განათლება სჭირდებათ, ნებისმიერი მას ვერ მართავს“, - განაცხადა დამსაქმებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ელგუჯა მელაძემ. 

მისივე შეფასებით, ჩამოთვლილი პროფესიების გარდა, ახალგაზრდებში იზრდება სიმპატიები მივიწყებული პროფესიების მიმართ და რეალურად მათ მიუწვდებათ ხელი უფასო განათლებაზე, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს. ეს კი ნამდვილად წაადგებათ შრომით ბაზარზე თავის დამკვიდრებაში.

„საჭიროა კადრები კვების მრეწველობაში, ენერგეტიკაში, სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიების კუთხით და ა.შ. ამ მიმართულებების მიმართ ახალგაზრდების ინტერესი მზარდია და ყველამ უნდა იცოდეს, რომ პროფესიული განათლება, სამუშაოს მაძიებლისთვის არის სრულიად უფასო. მას სახელმწიფო აფინანსებს, ვინაიდან ხელისუფლებას კარგად აქვს გათავისებული და გააზრებული, თუ რა გამოწვევები არსებობს ჩვენს შრომით ბაზარზე“, - დასძინა მელაძემ.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიზნესის 67%-ს კვალიფიციური კადრების დეფიტიცი ჰქონდა. ამ დროს ახალგაზრდები ძირითად აქცენტს ციფრულ ტექნოლოგიებზე სხვა ისეთ პროფესიებზე აკეთებენ, სადაც დასაქმების შანსი ნაკლებია.

ახალგაზრდებისთვის ინტერესის მიმართულებები ჩამოთვალა პროფესორმა პაატა აროშიძე და განაცხადა, რომ ხშირ შემთხვევაში პროფესიის არჩევა ხდება პრაქტიკული გამოყენებიდან, დასაქმებიდან და შემოსავლიდან გამომდინარე.

`უმაღლეს სასწავლებლებში, ძირითადად, მოთხოვნაა შემდეგ პროფესიებზე - ციფრული ტექნოლოგია, სოციალური მეცნიერება, ფსიქოლოგია, სამართალმცოდნეობა, ბიზნესი და ა.შ. მთავარი ადგილი უჭირავს მაინც თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებს, რომლის შემოსვლა გარდაუვალია და მის გარეშე, პრაქტიკულად, არც ერთი საქმიანობის წარმართვა ვერ იქნება მიზანშეწონილი.

დღევანდელი თაობის ახალგაზრდები არიან პრაგმატულები, თუნდაც პროფესიის არჩევის კუთხით. ხშირ შემთხვევაში ისინი მიმართულებას ირჩევენ პრაქტიკული გამოყენებიდან, დასაქმებიდან და შემოსავლიდან გამომდინარე. მაგალითად, ტურისტულ ადგილზე განლაგებული ქალაქის ახალგაზრდობა, ძირითადად, ირჩევს ტურიზმის სფეროს, რადგან მან იცის, რომ აქ უფრო დიდია დასაქმების შესაძლებლობა. 

საკმაოდ დაბალი მოთხოვნა წმინდა მეცნიერებაზე. ისეთ მიმართულებაზე როგორიცაა: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. თუნდაც ისე პროფესიები, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებით არის წარმოდგენილი”, - განუცხადა `რეზონანსს” პაატა აროშიძემ და დასძინა, რომ პროფესიულმა კოლეჯებმა ერთგვარი პოპულარობა შეიძინა.

`პროფესიული კოლეჯები იძლევა მხოლოდ პროფესიულ განათლებას და არა აკადემიურ განათლებას. მაგალითად, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებაზე პროფესიული კოლეჯი ახალგაზრდას განათლებას ვერ მისცემს. იგივე შეიძლება ითქვას, სხვა ფუნდამეტურ მიმართულებებზე, სადაც მხოლოდ უმაღლესი განათლების მიღებაა აუცილებელი.

ამავე დროს, უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველოში კოლეჯებმა პოპულარობა უკვე შეიძინა. ბევრი  შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდა, აკადემიურ უმაღლეს განათლებასთან ერთად, კოლეჯშიც იძენს პრაქტიკულ ცოდნას. დაახლოებით 40-45%-ია იმ სტუდენტების, რომლებსაც უკვე მიღებული აქვს საბაკალავრო განათლება, ან სწავლობენ საბაკალავრო პროგრამებზე და თან კოლეჯში ეუფლებიან რაიმე პროფესიას. მაგალითად, შეძლება ტურიზმი დაამთავროს სტუდენტმა უმაღელს სასწავლებელში და კოლეჯში სარესტორნო სპეციალობას დაეუფლოს. ყოფილა შემთხევა, რომ ახალგარდზას ბიზნესის ადმინისტრირება დაუმთავრებია, მაგრამ კოლეჯში უფრო გამოყენებით სპეციალობაზე წავიდა.

დღეს, იმის თქმა, რომ ახალგაზრდას რცხვენია კოლეჯში სწავლა, არ არის სწორი, რადგან პროფესიულ სასწავლებლებში ჩამოყალიბებული აზრის, მომავალზე სრული წარმოდგენის მქონე ახალზარდა მიდის, რომელმაც იცის მისი შემდგომი დასაქმების სფერო”, - დასძინა `რეზონანსს” პაატა აროშიძემ.

2023 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 15.5 ათასი სტუდენტი ჩაირიცხა, რაც 9.9%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.

2023 წლის ბოლოსთვის, საქართველოში 96 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციობდა, მათ შორის 54 საჯარო, ხოლო 42 - კერძო.

გასულ წელსვე პროფსასწავლებლებში კურსდამთავრებულთა რაოდენობამ 8100 შეადგინა. პროფსასწავლებლების კურსდამთავრებულთა უმეტესობა 26.4% ინჟინერიის, წარმოების და მშენებლობის, 19.2% მომსახურებების, 13.1% ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის (13.1%) პროგრამებზე მოდიოდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×