"ნავთობზე მაღალი ფასი შენარჩუნდება, ვიდრე ახლო აღმოსავლეთის პრობლემა არ მოგვარდება"
გვანცა წულაია
02.04.2024

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი იზრდება. ერთი ბარელის ღირებულებამ თითქმის 90 დოლარს მიაღწია. ეს ერთ თვეში ღირებულების დაახლოებით 16-17%-იან მატებას ნიშნავს. მსოფლიოში დაძაბული პოლიტიკური გარემო, პირველ რიგში, სწორედ შავი ოქროს ფასზე ახდენს გავლენას, ამიტომ ახლო მომავალში დამაიმედებელი არაფერი იკვეთება. საინტერესოა, გლობალურ ტენდენციას ექნება თუ არა გავლენა საქართველოზე მით უმეტეს მაშინ, როდესაც ქვეყანას, რუსეთის გადაწყვეტილების გამო, ბენზინის ექსპორტი შეეზღუდა.

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე გაძვირების ტენდენცია აშკარაა და ეს უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება. "ბრენტის" ტიპის საწვავის ღირებულებამ თითქმის 90 დოლარს მიაღწია. ეს მაშინ, როცა ერთი თვის წინ მისი ფასი 77 დოლარი იყო. 85 დოლარამდე გაძვირდა ამერიკული "ლაითიც".

რაც შეეხება რუსულ ნავთობს, 1 ბარელი "ურალსის" ღირებულება 77 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ამჟამად რუსული ნავთობი საერთაშორისო ბირჟაზე დიდი შვიდეულის მიერ დაწესებულ საფასო ლიმიტზე 17 დოლარით უფრო ძვირად იყიდება.

სანამ მსოფლიოში ნავთობის ფასი მოიმატებდა, საქართველოში საწვავი იქამდე გაძვირდა, ამის მიზეზი რუსეთის გადაწყვეტილებაა გახდა, რომლის მიხედვითაც 6 თვით ნავთობპროდუქტის ექსპორტი აიკრძალა.

მორიგი დადგენილება ძალაში 1 თვეზე მეტია რაც შევიდა და ამან საქართველოს საბითუმო ბაზარზე 25-30-თეთრიანი სხვაობა უკვე მოიტანა.

რუსეთის მხრიდან ექსპორტის შეზღუდვასა და საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირებაზე ისაუბრა კომპანია "სენტრა პეტროლიუმის” დამფუძნებელმა ზაალ იაკობიძემაც და განაცხადა, რომ "პლატცის" ფასთან მიმართებით გაიზარდა ფორმულა, რომლის მიხედვითაც რუსეთიდან ხდებოდა საწვავის შესყიდვა.

"როგორც ვვარაუდობდით, რუსეთიდან საწვავის ექსპორტის შეზღუდვამ საქართველოში ბენზინის გაძვირება გამოიწვია. ამ ამბავს თან დაერთო "პლატცის" ღირებულების გაზრდაც, რომლის მიხედვითაც დგინდება ევროპული ტიპის საწვავის ფასი. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე მივიღეთ გაძვირება, მაგრამ რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ეს საცალო ვაჭრობას დიდად არ შეხებია. საბითუმო ბაზარზე არსებული მოცემულობა ავტოგასამართ სადგურებზე ჯერჯერობით ნაკლებად აისახა. საბითუმო ბაზარზე 1 ლიტრი ბენზინის ფასს შორის სხვაობა დღეისათვის დაახლოებით 25-30 თეთრია და უკვე 2.70 ლარი ღირს. დიზელთან დაკავშირებით კი, პრაქტიკულად არაფერი არ შეცვლილა.  

მოგეხსენებათ, საერთაშორისო ბაზარზე ძვირდება ნავთობი და რუსეთის ჩაკეტვის შემდეგ ფორმულა, რომლითაც ვყიდულობდით მათგან საწვავს, გაიზარდა "პლატცთან" მიმართებაში, ამაც თან დაემატა მსოფლიოში ნავთობის ფასის ზრდაც”, - განუცხადა "რეზონანსს” ზაალ იაკობიძემ.

რუსული და ევროპული საწვავის ფასები ერთამენთისგან განსხვავდება, ამიტომ კომპანიები უპირატესობას იაფ ნავთობპროდუქტს ანიჭებენ. თანაც, მეზობელი ქვეყნიდან ტრანსპორტირება ბევრად მარტივია, ვიდრე ევროპის სახელმწიფოებიდან. სწორედ ამიტომ შემოდის საქართველოში ჭარბად რუსული საწვავი, ანუ საქართველოსთვის საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებელი რუსეთია.

აღმოჩნდა, რომ ექსპორტის აკრძალვის შემდეგ ქვეყანას სხვა ბაზრებზე გადართვა არ გაჭირვებია, რადგან მსგავსი გადაწყვეტილება პირველი შემთხვევაა არ არის, უბრალოდ, ამ ფაქტორს საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირება დაემატა, რაც იმპორტდამოკიდებული საქართველოსთვის პრობლემაა. ქვეყანას ფეხის აწყობა მოუწევს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან, ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ კომპანიებმა შემთხვევით ისარგებლონ და საწვავის დამატებით კიდევ გააძვირონ.

საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის პრეზიდენტი, ანალიტიკოსი ნიკა შენგელია მიიჩნევს, რომ მსოფლიოში სანამ პრობლემები არ მოგვარდება, ნავთობზე მაღალი ფასი შენარჩუნდება.

"საერთოდ, ჩვენ ვივარაუდეთ, რომ 2024 წელს ნავთობის საშუალო ფასი იქნებოდა 75-78 დოლარს შორის. ველოდებით ნავთობის ღირებულების ოდნავ მატებას, თუმცა არა ნახტომისებურად. მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე (ვგულისმობ ომს და ახლო აღმოსავლეთში ტანკერების მიმოსვლის შეზღუდვას), ნავთობზე მაღალი ფასი შენარჩუნდება. ეს მანამდე, ვიდრე ახლო აღმოსავლეთის პრობლემა არ მოგვარდება.

რაც შეეხება რუსეთის მიმართულებას, მათგან ბენზინის ექსპორტი შეიზღუდვა, თორემ აკრძალვა ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა ეს გამოცხადებული იყო იანვარშივე და ამის მიზეზი არ გახლავთ პოლიტიკური სარჩული, უბრალოდ, რუსეთი ყველას აწვდის საწვავს, ვისთანაც სახელმწიფო ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. საქართველოს რუსეთთან ასეთი ხელშეკრულება არ აქვს დადებული და ამის შესაბამისად ჩვენ 6-თვიან "მოსაცდელ პერიოდში" ვიმყოფებით. რამდენიმე თვის შემდეგ ისევ განახლდება რუსეთიდან ბენზინის ექსპორტი და ეს შეიძლება დასახელებულ ვადაზე უფრო ადრე მოხდეს”, - განუცხადა "რეზონანსს” ნიკა შენგელიამ.

ასე რომ, საერთაშორისო ბაზრებზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოში საწვავის გაძვირებას ელოდებიან, თუმცა რაიმე ნახტომისებურ ცვლილებაზე საუბარი არ მიმდინარეობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×