"უცხოეთში ბევრს მოგზაურობენ ქართველები და იქ რა ხდება ვერ ამჩნევენ?"
ირმა ჩიტაია
21.03.2024

კომერციულ ობიექტებში და სხვა საზოგადოებრივ დაწესებულებებში ქართულენოვანი წარწერების ვალდებულება ხშირად არ სრულდება. არაერთი შემთხვევაა, როცა აბრივიატურები თუ ნებისმიერი სხვა შინაარსის წარწერები უცხოურია, რითაც კანონით გათვალისწინებული პირობები უხეშად ირღვევა და მშობლიურ ენაზე ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა იზღუდება.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ კანონმდებლობა თითქოს არეგულირებს აღნიშნულ საკითხს, თუმცა არასაკმარისი აღსრულების გამო, პრობლემა კვლავ აქტუალურია. მაგალითად, ტრანსლიტერაციის წესის დარღვევის გამო, შარშან სულ 16 ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი გამოიწერა. რეკლამების მონიტორინგის განყოფილების მიერ გამოწერილი ჯარიმების მოცულობამ, 63 000 ლარი შეადგინა. ობიექტებს, რომლებიც ქართულენოვანი წარწერების წესების დარღვევისთვის დაჯარიმდნენ, თითოეულს მაქსიმუმ 7000 ლარამდე თანხის გადახდა დაეკისრა.

პრობლემის მასშტაბურობაზე საუბრობენ უფლემადამცველები. ორგანიზაცია ,,ეტიკის" ხელმძღვანელი ამირან შენგელია ხაზს უსვამს, რომ ქართულენოვანი ანოტაციების არქონა საქათველოში მნიშვნელოვანი პრობლემაა. მომხმარებელი თითქმის ყველა სფეროში  დისკომფორტს განიცდის არასაკმარისი ინფორმირებულობის გამო.

,,საქართველოში შემოტანილ თუ წარმოებულ პროდუქციაზე აუცილებელია წარწერა ქართულ ენაზე იყოს დატანებული. სურსათის სფეროში ნაწილობრივ მოაგვარდა საკითხი და და რეგულაციებიც აამოქმედა. როცა  ქართული ანოტაცია არ მოყვება ამა თუ იმ ნივთს, მომხმარებელი როგორ მივხვდეს და გაიგოს მისი გამოყენების წესები თუ სხვა რამ?

მაგალითად, ერთ-ერთი ტექნიკის მაღაზიაში იყიდებოდა ტელევიზორი. ანოტაციაში უცხოურ ენაზე ეწერა, რომ მოხმარების ვადა  2 წელი ჰქონდა. უცნაურია, მაგრამ ვადის გასვლის შემდეგ მისი გამოყენება საფრთხეს წარმოადგენდა, შეიძლება აფეთქდეს კიდეც და სავალალო შედეგი მიიღოს მყიდველმაო. ამიტომაც, ადამიანს სრულყოფილი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ ნებისმიერ ნივთზე და არჩევანი თავად უნდა გააკეთოს. აუცილებელია ნებისმიერ ნივთს თუ პროდუქციას ქართულენოვანი წარწერა ჰქონდეს", - განუცხადა "რეზონანსს" შენგელიამ. 

პრობლემა მარტო ქართულიენოვანი ანოტაციის არქონაში არაა. ხშირ შემთხვევაში ტექსტი არასწორად, არაგრამატიკულად ითარგმნება, რაც ქართული ენის დამახინჯებაა. სამწუხაროდ, არც ისაა ცნობილი თუ ვის კომპეტენციაში შედის საკითხის კონტროლი.

,,ქართულ თარგმანთან ბევრი ხარვეზებია. პირდაპირ კომპიუტერულ თარგმანს გვთავაზობენ, სადაც აზრი დამახინჯებულია და ადამიანი ვერც იგებს შინაარსს. ერთ-ერთ პროდუქციაზე პირდაპირ იყო გადმოკოპირებული რუსული ენიდან ,,სახარ პესოკ" (შაქრის ფხვნილი) და დატანებული იყო ,,შაქარი ქვიშიანი".

მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონში ერთი მუხლი სწორედ ამ საკითხებს ეხება, მაგრამ კანონქვემდებარე აქტები არ არის და სფერო ვინ უნდა აკონტროლოს ვერ გეტყვით. და მაინც, მთავარი პრობლემა კანონის უგულებელყოფაა. არავინ ზრუნავს მის აღსრულებაზე.

უცხო ქვეყნის მოქალაქე  საქართველოში თუ რამეს აწარმოებს, ვალდებულია პატივი სცეს ჩვენს ენას. პრობლემა გლობალურია და რეგიონებსაც მოიცავს. ტურისტები ბიზნესს აწარმოებენ, ხსნიან დაწესებულებებს, ქართული კერძებით გიმასპინძლდებიან და მენიუ რუსულად უწერიათ. ამაზე მეტი კანონდარღვევა რა უნდა იყოს.

ხდება იდენტობის იგნორირება. საკუთარ სამშობლოში მშობლიურ ენაზე ინფორმაცია ვერ მიგვიღია. გვავიწყდება, რომ წინა პლანზე მშობლიური ენა უნდა დავაყენოთ. პრობლემა იმდენად დიდია, რომ რაც დარღვევებიც აშკარაა, იმის აღსრულებაც ვერ ხერხდება", - აღნიშნა ამირან შენგელიამ ,,რეზონანსთან" საუბრისას.

რაც შეეხება ქართული ენის სპეციალისტის შეფასებას, ისინიც ადასტურებენ, რომ მდგომარეობა ამ მხრივ რთულია. ქართული ენისადმი გულგრილი მიდგომა. ფილოლოგმა ანი ჯოჯუამ ,,რეზონანსთან" ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია ნებისმიერ ნივთზე, პროდუქციაზე თუ აბრივიატურაზე წარწერა ქართულენოვანი იყოს.

,,ჩვენი სახელმწიფო და სამეტყველო ენა ქართულია. უცხო ქვეყნიდან შემოსულ ნებისმიერ პროდუქციაზე აუცილებლია მშობლიურ ენაზე ანოტაცია. საქართველოში მცხოვრები ყველა მოქალაქე ვალდებულია დაიცვას სახელმწიფო ენის ნორმები. უცხოეთში ბევრს მოგზაურობენ ქართველები და  იქ რა ხდება ვერ ამჩნევენ? ისინი პატივს სცემენ თავიანთ ენას. ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ. პირველ რიგში, პატივი ვცეთ მშობლიურ ენას და შემდეგ დანარჩენებს.

ახლა, როდესაც ტურიზმი ასე ვითარდება და დიდია ნაკადი მეზობელი ქვეყნიდანაც, ორმაგად უნდა გავაძლიეროთ ძალისხმევა. მოსახლეობას ჰგონია, რომ თუ უცხოურ აბრივიატურას გააკეთებს, უფრო თვალსაჩინო და მიმზიდველია სტუმრებისთვის. ამ ფონზე კი მშობლიური ენა იჩაგრება.

სახელმწიფო და ქართული ენის დაცვის შესაბამის უწყება არ დაგას მოწოდების სიმაღლეზე. მათ ევალებათ ყველა ობიექტი 24-საათიან რეჟიმში აკონტროლონ და შეისწავლონ რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. უცხო ქვეყნის ხალხი კანონმორჩილია. ჩვენი მხრიდან შესაბამისი მოთხოვნა თუ იქნება, ისინი აუცილებლად შეასრულებენ", - განაცხადა ანი ჯოჯუამ.

მისივე თქმით, საქართველოს არაქართულენოვანი მოქალაქე, თუ ნებისმიერ სხვა, როდესაც ბიზნესს აწარმოებს, ვალდებულია პატივი სცეს სახელმწიფო ენას. მისი უგულებელყოფა, მომავალ თაობებს ქართული ენისადმი პატივისცემის მოტივაციასაც დაუკარგავს.

,,მნიშვნელობა არა ქვს ამა თუ იმ ობიექტს ჰყავს თუ არა ქრთულენოვანი მომხმარებელი. ის ვალდებულია, ჩვენს ენაზე გასაგებად დაწერილი ინფორმაცია მიაწოდოს ყველას. მეტი რეგულაციები უნდა შემოიღონ. უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებმაც მიიღეს საქართველოს მოქალაქეობა და გახსნეს ბიზნესი, ყველა უნდა ფლობდეს ქართულ ენას და აბარებდნენ ტესტებს. საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებიც ხომ ასე იქცევიან.

თუ ასე სათითაოდ და მისხალ-მისხალ არ ვეცით პატივი ჩვენს ენას, არ მოვთხოვთ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქართულის სწავლას, მაშინ საკუთარ ენას როგორ დავიცავთ? პრობლემა გაღრმავდება და ქართული ენის მეტყველების ნაცვლად, დავიწყებთ ჭარბად ჟარგონების, ბარბარიზმების გამოყენებას. ამ კუთხით ახლაც სავალალო მდგომარეობა გვაქვს და უფრო დაამძიმდება ვითარება. შედეგად გვექნება ის, რომ  ქართული სიტყვები თანდათან დავიწყებას მიეცემა. მივიღებთ ისეთ მოცემულობას, რომ ადგილობრივი მოსახლეობა დაივიწყებს ქართულს. მომავალი თაობა, ბავშვები მნიშვნელობას აღარ მიანიჭებენ მშობლიურ ენას, დაკარგავენ პატივისცემას და საბოლოოდ გაადაშენების გზაზე დავდგებით", - განუცხადა "რეზონანსს" ანი ჯოჯუამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×