ქვეყანაში უკვე ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია და ეს ეკონომიკას მომავალში დიდ პრობლემას შეუქმნის
გვანცა წულაია
20.03.2024

საქართველოში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია. ქვეყანაში მათი წილი მთლიან მოსახლეობაში განუხრელად იზრდება. ბოლო 5 წლის განმავლობაში ამ მაჩვენებელმა 9.8%-ით მოიმატა და მთლიანი მოსახლეობის 22.4%-ს გაუტოლდა. ამავე პერიოდში კი მოსახლეობის რაოდენობა მხოლოდ 0.3%-ით გაიზარდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2019 წელს ასაკით პენსიონერთა რაოდენობა 762 621 იყო, 2020 წელს - 783 705-მდე გაიზარდა, 2021 წელს ასაკით პენსიონერთა რაოდენობამ 793 751 ადამიანი შეადგინა, 2022 წელს ქვეყანაში 808 326 ასაკით პენსიონერი იყო. 2023 წლის დეკემბრის მონაცემებით კი, საქართველოში სულ 838 097 ასაკით პენსიონერია.

რას შეეხება მოსახლეობის რაოდენობას, საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს ქვეყანაში სულ 3 723 464 ადამიანი ცხოვრობდა, შესაბამისად გამოდის, რომ პენსიონერების წილი იმ დროს მოსახლეობის 19,8%-ს შეადგენდა. 2020 წელს მოსახლეობის რაოდენობა 3 716 858-ს შეადგენდა (პენსიონერების წილი 21%); 2021 წელს მოსახლეობის რაოდენობა იყო 3 728 573 (პენსიონერების წილი 21,2%); 2022 წელს საქართველოში 3 688 647 ადამიანი ცხოვრობდა (პენსიონერების წილი 21,9%); 2023 წელს კი მოსახლეობის რაოდენობა 3 736 357 იყო (პენსიონერების წილი 22,4%).

ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ერის დაბერების პროცესი სწრაფად გრძელდება და თუ შობადობის მიმართულებით სიტუაცია არ გამოსწორდა, უახლოეს 10 წელიწადში პენსიონერების წილი 28%-საც გადააჭარბებს.

ეკონომისტ სოსო არჩვაძის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობა ყველა სახმელეთო მეზობელთან შედარებით ყველაზე ხანდაზმულია.

"რეზონანსი”: სტატისტიკა ამბობს, რომ მთლიან მოსახლობაში პენსიონერთა რაოდენობა იზრდება და ბოლო მონაცემებით, მოსახლეობაში მათმა წილმა 22%-ს გადააჭარბა, ეს მაჩვენებელი ბევრია?

სოსო არჩვაძე: ეს სურათი მოიცავს როგორც ასაკით პენსიონერებს, ისე სხვადსახვა მიზეზით პროფესიული ფაქტორის გამო შედარებით საპენსიო ასაკზე ადრე გასულთა კონტიგენტს, მაგრამ, როგორც წესი, დემოგრაფები ამბობენ, რომ საზოგადოება ითვლება დაბერებულად, თუ მასში 65 წელს გადაცილებულთა წილი არის 7%-ზე მეტი. ჩვენთან რადგან ქალთა კონტიგენტი პენსიაზე გადის 60 წლის ასაკიდან, გამოდის, რომ უკვე 15%-ს გადასცდა საპენსიო ასაკს გადაცილებულთა წილი მთელ მოსახლეობაში. ხატოვნად რომ ვთქვათ, ორჯერ დაბერებულია ჩვენი მოსახლეობა.

არსებობს ე.წ. მედიანური მაჩვენებელი ასაკის მიხედვით, რაც გვითითებს ასაკს და რასთან მიმართებაშიც ნახევარი მოსახლეობა უფრო ახალგაზრდაა და მეორე ნახევარი - უფრო ხანდაზმული. საბჭოთა პერიოდის შემდეგ ჩვენი მოსახლოება თითქმის 8 წლით გაიზარდა მედიანური ასაკით. ეს ნიშნავს იმას, რომ მედიანური ასაკი დაახლოებით 31 წელი იყო და ახლა 38 წელს გადასცდა და უახლოვდება 39 წელს.

საქართველოს მოსახლეობა ჩვენს ყველა სახმელეთო მეზობელთან შედარებით ყველაზე ხანდაზმულია. მაგალითად, სომხეთის მოსახლეობის მედიანურ ასაკთან შედარებით დაახლოებით 3 წლით უფრო ხანდაზმული მოსახლეობა გვყავს, აზერბაიჯანთან სადღაც 7 წლით, თურქეთთან თითქმის 8 წლით და რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებთანაც ასევე უფრო ხანდაზმულად გამოვიყურებით.

"რ”: მძიმე დემოგრაფიული სურათი გვაქვს, როგორ აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და საერთოდ, რა პრობლემებამდე მივყავართ?

ს.ა: მოსახლეობის რიცხოვნობა არის ერთ-ერთი ფაქტორი წარმოების ზრდის. შრომის წარმოების ზრდის კვალობაზე ქვეყანას სჭირდება ახალი სამუშაო ადგილები, რომლებიც უზრუნველყოფენ არა მარტო მატერიალური დოვლათის წარმოებას, არამედ მომსახურებას. როდესაც ვამბობთ, რომ ტურისტული ინდუსტრია უნდა განვითარდეს, მეტად გავაღოთ კარი და მეტი უცხოელი ჩამოვიყვანოთ, ვინ მოემსახურება ამ სტუმრებს? მარტო ხელოვნური ინტელექტისა და რობოტების იმედზე ვერ ვიქნები, თუმცა არც ამ მიმართულებით გვაქვს სერიოზული პროგრესი.

სხვა ქვეყნების წარმომადგენლებით შეივსება ადგილები, რომლებიც ენთუზიაზმით შემოვლენ საქართველოში და დაიკავებენ იმ გამონთავისუფლებულ ადგილს, რომელსაც ჩვენი შრომითი მიგრანტები გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ტოვებენ.

"რ”: თქვენ რა მიგაჩნიათ გამოსავლად, რა გამოასწორებს დემოგრაფიულად მძიმე სურათს? 

ს.ა: ჩვენ უნდა გამოვიყენოთ აგრესიული დემოგრაფიული პოლიტიკა. უნდა წავახალისოთ მოსახლეობის დემოგრაფიული ზრდა და განსაკუთრებით ქვეყნის მთიანეთში, სადაც, პირველ რიგში, კავკასიონის მთიანეთი მაქვს მხედველობაში. უნდა გაკეთდეს მაქსიმალური შეთავათი მთაში დამკვირდებისა და დემოგრაფიული პრობლემების მხრივ. სიტყვაზე, თუ ახალაზრდა ოჯახი აიღებს სესხს და უახლოესი 10 წლის განმავლობაში მთაში იცხოვრებს და გააჩენს შვილებს, ყოველ ბავშვზე მათ კრედიტის თანხა ჩამოეწეროთ 1/3-ით. სამი შვილის ყოლის შემთხვევაში მთელი კრედიტის თანხა იქნება განულებული, ეს სახელწმიფომ თავის თავზე უნდა აიღოს. პირობითად, ოჯახმა აიღო 30 000-იანი კრედიტი, რიცხვი პირობითია, მაგრამ შეიძლება თანხა კიდევ უფრო გაიზარდოს, და ყოველი ბავშვის გაჩენაზე შემცირდება, ნულდება სესხი.

ასევე, ყოველ ბავშვზე, რომელიც მთაინი ზონის სკოლაში ერთ სასწავლო წელს გაატარებს, არითმეტიკური პროგრესიით გაიზარდოს ბონუსი და პირობითად, თუ პირველ კლასში იქნება 1000 ლარი, მეორე კლასში იყოს 1200 ლარი, მესამეში 1300 ლარი. თანხა თანდათან დაგროვდეს და სკოლის დასრულების შემდეგ გადაეცეს იმისათვის, რომ თავისი საქმიანობა და ბიზნესი წამოიწყოს. მოკლედ რომ ვთქვათ, მთაში ცხოვრებას უნდა მივცეთ მეტი მოტივაცია, რადგან მთა არ არის მხოლოდ სუფთა ჰაერი, ეს არის დამატებითი წარმოება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×