"ამ ქვეყანას არა მოტივტივე, არამედ ფიქსირებული გაცვლითი კურსის რეჟიმი სჭირდება"
გვანცა წულაია
20.03.2024

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შემდეგ ლარი საგრძნობლად გაუფასურდა. ფინანსისტების ნაწილი ამბობს, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილებას კურსზე ირიბი გავლენა აქვს და თუ გაუფასურება რამდენიმე კვირა გაგრძელდება, უკვე სამომხმარებლო პროდუქტებიც გაძვირებას დაიწყებს. 

წინა კვირას რეფინანსირების განაკვეთის 0.75%-ით, 8.25%-მდე დაწევის შემდეგ, ლარი 5 პუნქტით გაუფასურდა. თუკი საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიღებამდე `ბლუმბერგის” სავაჭრო პლატფორმაზე კურსი 2.65-ის ფარგლებში იყო, ახლა უკვე 2.70-ია. აღსანიშნავია, რომ ლარმა გაუფასურება მაშინვე დაიწყო, რა დროსაც სებ-მა მონეტარული პოლიტიკა აქამდე ყველაზე მაღალი ბიჯით (0.75%) შეამცირა.

გამოდის, რომ 13 მარტის შემდეგ ლარის კურსის გამყარების ტენდენცია საპირისპიროდ შეიცვალა და გაურკვეველია, რა იქნება ახლო მომავალში.

ეკონომისტთა ნაწილი სებ-ს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და როგორც ისინი მიიჩნევენ, უმჯობესი იყო მონეტარული პოლიტიკა ეტაპობრივად და იმავე მაჩვენებლით შერბილებულიყო, როგორც აქამდე ხდებოდა.

როგორც ფინანსისტმა ირაკლი ერაძემ "რეზონანსს" განუცხადა, თეორიულად რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას კავშირი აქვს ვალუტის ცვლილებასთანაც, თუმცა დადასტურებულად ამაზე საუბარი მაინც ჭირს.

"რა თქმა უნდა, თეორიულად აქვს სებ-ის გადაწყვეტილებას ირიბი გავლენა. მაგალითად, შესაძლოა, რომ ამან წაახალისოს უცხოურ ვალუტაში დეპოზიტების მოთხოვნა, მაგრამ არა მგონია, რომ მთავარი მიზეზი ეს იყოს. როგორც გითხარით, ირიბი კავშირი აქვს რეფინანსირების განაკვეთს ვალუტის ცვლილებასთანაც, თუმცა არა იმ ოდენობით, რა დოზითაც გაუფასურდა და არა ისეთი პირდაპირი გავლენით, რომ პირდაპირ სებ-ის გადაყვეწილებას დავაბრალოთ.

ერთადერთი, რაც ლარის კურსის ასეთ მოკლე ვადაში არასტაბილურ გაუფასურებას მოჰყვება ხოლმე, არის კომპანიებსა და ადამიანებში სენტიმენეტების აღძვრა. ისინი იწყებენ ფიქრს, რომ ხვალ კიდევ უფრო არ გაუფასურდეს ლარი, ამიტომ ყიდულობენ უცხოურ ვალუტას, რაც მოთხოვნას ზრდის. ასეთ დროს ზუსტად ეს არის მთავარი პრობლემა, რომ სენტიმენტებს უფრო მეტი გავლენა აქვს კურსის შემდგომ კიდევ უფრო გაუფასურებაზე, ვიდრე იმ ფუნამენტურ ფაქტორებს, რაც შეიძლება რეალურად არსებობდეს ხოლმე”, - განუცხადა "რეზონანსს” ირაკლი ერაძემ.

ფინანსისტი ასევე მიიჩნევს, რომ თუკი რამდენიმე კვირის განმავლობაში ლარი დღევანდელ ნიშნულზე დარჩება ანდა კიდევ მეტად გაუფასურდება, სამომხმარებლოს ფასები გაიზრდება.

"გააჩნია რა პერიოდით შენარჩუნდება გაუფასურებული ლარი და სტაბილურობის რა ნიშნულს იპოვნის კურსი. თუ ეს პროცესი მოკლევადიანი აღმოჩნდა და კურსმა კვალვ დაიწყო გამყარება, მაშინ არ იქონიებს ფასებზე ფავლენას, მაგრამ თუ გაუფასურებული ლარი დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდა, მაშინ, გამომდინარე იქიდან, რომ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ, გარკვეულწილად, იმოქმედებს სამომსხმარებლო ფასებზე. ეს პერიოდი არის დაახლოებით ერთ თვე, მინიმუმ რამდენიმე კვირა მაინც უნდა შენარჩუნდეს მაღალი კურსი ან გაუფასურების ტრენდი გაგრძელდეს. ასეთ შემთხვევაში იმპორტიორები დაიწყებენ შეცვლილი გაცვლითი კურსის პროდუქციის ღირებულებაში ასახვას”, - დასძინა ირაკლი ერაძემ `რეზონანსთან” საუბრისას. 

რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ოფიციალურ კურსს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღეს ერთი ამერიკული დოლარი 2.71 ლარი ღირს, ევრო - 2.93 ლარი. 13 მარტს კი, მაშინ, როცა სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-მდე დასწია, ერთი აშშ დოლარი 2.65 ლარი ღირდა, ხოლო ევრო - 2.90 ლარი.

ლარის ნახტომისებურმა გაუფასურებამ ყველა დააბნია. ეკონომისტების ნაწილი აცხადებს, რომ კურსის ცვლილების მიზეზი ქვეყანაში არ არსებობს და ისინი არც სებ-ის გადწყვეტილებას აკავშირებენ ლარის გაუფასურებასთან. ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი ფიქრობს, რომ საერთოდ შესაცვლელია სავალუტო პოლიტიკა და საქართველოში ფიქსირებული კურსია აუცილებელი.

"ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, ეს გადაწყვეტილება რამდენად სწორია ან არასწორია, რადგან არ ვიცით რა გავლენას იქონიებს ინფლაციაზე. ეროვნული ბანკის მთავრი ფუნქცია არის ის, რომ ინფლაცია იყოს დაბალ დონეზე. საერთოდ, რეფინანისრების სესხები არ უნდა არსებობდეს და ცენტრალურ ბანკს არ უნდა გააჩნდეს მონეტარული მგეგმავის ფუნქცია.

ჩვენ გვაქვს ცუდი ვალუტა და ძალიან დიდი გადახრებით გამოირჩევა ლარი. კურსი ხან მკვეთრად მყარდება, ხან მკვეთრად უფასურდება. მაგალითად, 2014 წლიდან 2022 წლამდე ლარი სულ უფასურდებოდა. შემდეგ გამყარდა მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანაში ბევრი რუსი შემოვიდა და ეს არანაირ კავშირში არ არის საქართველოში არსებულ სწორ ეკონომიკურ პოლიტიკასთან.

ჩვენნაირი ტიპის ქვეყნების წარმატებული მაგალითი გვიჩვენებს იმას, რომ მათ არა მოტივტივე, არამედ ფიქსირებული გაცვლითი კურსის რეჟიმი აქვთ. მაგალითად, ესტონეთს, ლატვიას, ლიეტუვას. მანამ, სანამ ეს ქვეყნები ევროზონაში შევიდოდნენ და ევროზე გადავიდნენ, მათი ვალუტები მიბმული იყო ევროზე. მიბმული იყო ნიშნავს იმას, რომ თავისი ვალუტა გააჩნდათ, მაგრამ ფიქსირებას აკეთებდნენ ევროზე და შესაბამისად, საქართველოსთან შედარებით, გაცილებით დაბალი ინფლაცის ტემპი ჰქონდათ და კურსის გადახრა არ შეინიშნებოდა, რადგან ევრო სტაბილური ვალუტაა. სწორი პოლიტიკა არის კურსის ფიქსაცია.

ასეთი შედეგი გვექნება მანამ, სანამ მთლიანდ არ შევცვლით საფინანსო პოლიტიკას. ეს აზიანებს არათუ თითოეულ მოქალაქეს, არამედ ყველაფერს. წარმოიდგინეთ, ბიზნესმენი რომელმაც უნდა აიღოს სესხი და ინვესტიცია უნდა ჩადოს საქართველოში. კრედიტს იღებს დოლარში, ხარჯებიც აქვს ამ ვალუტაში, ხოლო შემოსავალი - ლარში. ამ დროს ჩვენი ვალუტა არის არასტაბილური, რომელზეც მომავალს ვერ გეგმავს, რადგან ხან უფასურდება, ხან - მყარდება. ასე რომ, ყველაზე სწორი არის ფიქსირებული კურსი, რომ ხალხმა იცოდეს რა და როგორ იქნება.

კურსის ცვლელება ფასების ზრდასთან კავშირში არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება კურსი გამყარდეს ან გაუფასურდეს, მაგრამ ინფლაცია დაბალი იყოს. მაგალითად ავიღოთ 2023 წელი, რა დროსაც წლიური ინფლაცია დაჯდა 1%-ზე ქვემოთ, მაგრამ კურსის სხვაობა აღინიშნებოდა. ინფლაცია არის დაკავშირებული ლარის მასის ზრდასთან და კურსის ცვალებადობა დაკავშირებულია, როგორც ლარის მასის ზრდასთან და კლებასთან, ისე დოლარის შემოდინება-გადინებასთან. ამიტომ, კურსი შეიძლება შეიცვალოს იმის გამო, რომ დოლარი გავიდეს ან შემოვიდეს, მაგრამ ფასები არ შეიცვალოს, რადგან ქვეყანაში არსებული ფულის მასა ხელოვნურად არ გაიზარდოს. არ გაიზარდოს იმაზე მეტად, ვიდრე პროდუქციის და სერვისის რაოდენობა იზრდება”, - განუცხადა "რეზონანსს” ხორგუაშვილმა.

მონეტარული პოლიტიკა ერთადერთი ბერკეტია, რითაც სააქართველოს ეროვნულ ბანკს ინფლაციაზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. დღეისათვის რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-ზეა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი 11% იყო. ეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში თვეების განმავლობაში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდებოდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×