"სოფლიოში არ მეგულება არც ერთი ნორმალური ქვეყანა, სადაც მეწარმეებს ასეთ პირობებში უწევდეთ საქმიანობა"
ქეთო გოგოხია
18.03.2024

ადგილობრივი მწარმოებლების პროდუქცია სუპერმარკეტებში ვერ შედის მაღალი გადასახადის გამო, რაც სექტორს განვითარების შესაძლებლობას უზღუდავს.  საცალო ვაჭრობის სეგმენტი, ფაქტობრივად, ქსელურმა მარკეტებმა დაიკავეს, გადასახადებით ახრჩობენ მეწარმეებს, რომელთა მიერ წარმოებული პროდუქტი ვერ ხვდება დახლებზე, შესაბამისად, ბიზნესი ან ვერ ვითარდება, ან ექსპორტზე ცდილობს გასვლას. 

მაღალი გადასახადები, ქეშბექები და სხვა ბარიერი იმდენად შუსაბამოა რეალობასთან, რომ ასეთი პირობების დაკმაყოფილება ქართველი მწარმოებლების უმეტესობისთვის დიდი დაბრკოლებაა.  მაღაზიების გასაღების არეალი კი  იმპორტული პროდუქციაა, რაც, თავის მხრივ, სავაჭრო ბალანსზე ნეგატიუირად მოქმედებს.

როგორც აღმოჩნდა, მსხვილი ბიზნესის პროდუქციის რეალზიაციის კუთხითაც სუპერმარკეტები სერიოზულ პრობლემას ქმნიან, რაზეც ბიზნესი უკმაყოფილოა და უკვე დაუფარავად საუბრობს.

კომპანია ,,კულას"  დამფუძნებელი ვანო გოგლიძე აცხადებს, რომ გამოწვევების წინაშე თვითონაც აღმოჩნდნენ.

“ჩვენც ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ, რამდენიმე ქსელიდან გამოვედით იმის გამო, რომ ძალიან მაღალი გადასახადებია. 40%-ს აჭარბებს რეტრო ბონუსები და უკან დაბრუნების თანხები. მე კიდევ ექსპორტი მშველის და ჩემს კომპანიაზე ასე ძალიან შესამჩნევი არ არის.

სახელმწიფო ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს, ძალიან ბევრ კომპანიას აფინანსებს, იხსნება ახალი საწარმოები, მაგრამ საქართველოს ბაზარზე ვერ შედიან იმის გამო, რომ საბოლოო ჯამში სავაჭრო ობიექტებში დიდი თანხებია გადასახდელი.

ეს არის რეგისტრაცია, ლისტინგი, დამატებითი რეტრო ბონუსები, სპეციალური აქციები, რომელსაც გავალდებულებენ. ეს ყველაფერი კი იწვევს იმას, რომ საქართველოში საწარმოები იხსნება, მაგრამ საბოლოოდ მომხმარებელთან ვერ მიდის ეს პროდუქცია. ჩემი აზრით, ეს დიდი პრობლემაა", - განაცხადა "ბიზნეს მედიასთან" საუბრისას გოგლიძემ.

მეწარმის აზრით, ამ მიმართულებით მხარეებს შორის აუცილებელია კონსულტაციების გააქტიურება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ბიზნესი, ისე მომხმარებელი ზარალდება, რომელსაც დიდი ფასის გადახდა უწევს.

პრობლემა  უფრო მწვავედ დგას მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის. ერთ-ერთი ასეთია ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო ,,ხილარი", რომელიც სუპერმარკეტების ქსელებში პროდუქციას ვერ ყიდის. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, თამაზ კაკუშაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" აღნიშნა, მისთვის მიუღებელია ის პირობები, რასაც სავაჭრო სექტორი ადგილობრივი მეწარმეებისგან პროდუქტის დახლებზე განთავსების სანაცვლოდ ითხოვს.

,,ადგილობრივ ბაზარზე, ძირითადად, ჰორეკა სექტორზე ვმუშაობთ. ჩვენი აქტიური მომხმარებლები სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესია, სადაც მთავარი ნიშა გვიჭირავს. სწორება მაინც ექსპორტზეა, ვცდილობთ ქვეყნის გარეთ გავაძლიეროთ პოზიციები და გეოგრაფიული არეალი გავაფართოოთ, ამ მხრივ დაბრკოლება არ გვაქვს. 

ადგილობრივ ბაზარზე ჩვენთვის მთავარი გამოწვევა სავაჭრო ქსელებთან ურთიერთობაა, ესაა უაღრესად დიდი ტვირთი მცირე საწარმოებისთვის, რომლის აწევაც მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ. ძალიან მოიმატა ქსელურ მარკეტებში შესვლის გადასახადმა, ქეშბექმა, რეგისტრაციის საფასურმა და ა.შ. ეს პროდუქციას 20-25%-ით მაინც აძვირებს. ამიტომ იძულებული ვართ წარმოება ან გავაჩეროთ ან ექსპორტზე ავიღოთ აქცენტი.

დიდი ბარიერებია, რასაც რეალურად ვერ ვაგვარებთ. ქართული წარმოებისთვის უფრო ხელშემწყობი პირობები უნდა არსებობდეს, რომ ბაზარზე მყარი პოზიციები გაგვაჩნდეს. დიდი პრობლემაა თანხების დროულად მიღებასთან დაკავშირებითაც", - განაცხადა კაკუშაძემ.

რაც შეეხება მცირე მეწარმეებს, ადგილობრივ ბაზარზე მათი ხსნა ონლაინ გაყიდვები ან  სარესტორნო ბიზნესთან ურთიერთობაა, რაც ასევე გარკვეულ პრობლემასთან არის დაკავშირებული, თუმცა ზოგიერთი მაინც ახერხებს სექტორთან თანამშრომლობას.

ამ კუთხით გარკვეულ წარმატებას მიაღწია მეწარმე გოგა ციცქიშვილმა, რომელიც ,,გირჩევნიას" დამფუძნებელია. კომპანია მურაბებისა და ჯემების წარმოებით არის დაკავებული.

,,სუპერმარკეტებში შესვლა რეალურად დიდი პრობლემაა. კაბალური პირობები აქვთ, არარეალურად მაღალი გადასახადები, რისი გადახდაც ბიზნესს ან არ უღირს, ან შესაბამისი რესურსი არ აქვს, რათა გამოწვევას გაუმკლლავდეს. ეს არ ეხება მხოლოდ სურსათს, არასასურსათო მწარმოებლებსაც უჭირთ პროდუქციის დახლებზე განთავსება. ფაქტობრივად ყველა მიმართულებით პრობლემაა, როცა სავაჭრო ქსელებთან თანამშრომლობას ეხება საქმე.

საერთოდ არ აინტერესებთ მცირე და საშუალო მეწარმოება, აბსოლუტური იგნორირება ხდება როგორც მთავრობის, ასევე მსხვილი სავაჭრო ობიექტების მხრიდან. ამ დროს საქართველო 70%-ზე მეტად იმპორტდამოკიდებულია. ცხადია, რომ მსხვილ იმპორტიორებს ადგილობრივი წარმოების განვითარება არ აინტერესებთ.

ქსელური მარკეტების მიერ მეწარმეებისთვის ,,მარკეტინგული ხარჯებისთვის" დაწესებული ერთჯერადი გადასახადი 40 000 ლარს აღწევს. ამ გადასახადს ბიზნესი ვერ უძლებს, დიდი ტვირთია. ჩვენს შემთხვევაში, აქცენტი სარესტორნო და სასტუმრო სეგმენტზე გავაკეთეთ, რაც ერთ-ერთი გამოსავალია შექმნილ სიტუაციაში. ამასთან, ვყიდით პროდუქციას ონლაინ, რაც რეალიზაციას გვიმარტივებს. მსოფლიოში არ მეგულება არც ერთი ნორმალური ქვეყანა, რომ მცირე მეწარმეებს ასეთ პირობებში უწევდეთ საქმიანობა. ერთი შეხედვით, ადგილობრივ წარმოებაზე მხარდაჭერა ქვეყნის პრიორიტეტია, მაგრამ, ფაქტობრივად, არაფერი კეთდება, რომ წარმოებასთან ერთად რეალიზაციის საკითხიც მოგვარდეს", - აღნიშნა გოგა ციცქიშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

მსხვილი ქსელური მარკეტების წარმომადგენლები პირდაპირ ითხოვენ პროდუქციიდან ქეშბექს, პირობითად, პროდუქტი თუ 5 ლარი ღირს, 50-თეთრიანი ფასდაკლებით შესყიდვას, რის პარალელურადაც ,,მარკეტინგული ხარჯისთვის" დაწესებული გადასახადიც უნდა გადაიხადოს. კიდევ უფრო დიდი ტვირთია რეტრობონუსების სისტემა, სადაც ასევე  კაბალური პირობები მოქმედებს.

როგორც ცნობილია, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შარშან ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამართლიანი ვაჭრობის შესახებ კანონპროექტის შემუშავება ეკონომიკის სამინისტროს დაავალა. პროცესში ყველა ჩართული მხარე მონაწილეობდა, თუმცა კანონპროექტზე მუშაობა შეჩერდა. ეკონომიკის მინისტრი ამტკიცებდა, რომ კანონპროექტის მიღება აქტუალური აღარ იყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×