ფინანსიტები ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას მოულოდნელს უწოდებენ და სამომავლოდ სიფრთხილისკენ მოუწოდებენ
ქეთო გოგოხია
18.03.2024

ლარის კურსის გამყარების ტენდენცია საპირისპიროდ შეიცვალა. მოულოდნელი სავალუტო ბაზარზე რეფინანსირების განაკვეთის კლებამ გამოიწვია. როგორც კი ეროვნულმა ბანკმა მკვეთრად შეარბილა მონეტარული პოლიტიკა და  მაშინვე დაიწყო სპეკულაცია, შესაბამისად, გაჩნდა რისკი, რომ ამ პროცესმა შეიძლება ფასების ზრდა გამოიწვიოს, განსაკუთრებით საწვავის ბაზარზე, ვინაიდან ფასები გლობალურ ბაზრებზეც მატულობს. თუკი საერთაშორისო ტენდენციას  ლარის ფაქტორიც დაემატება, საწვავის  გაძვირების ახალი ტალღა სავსებით რეალურია.

ეკონომისტების და ფინანსისტების ნაწილი ჯერჯერობით სიმშვიდეს ინარჩუნებს. ისინი ლარის კურსზე სპეკულაციურ ჩაერევას გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ უარყოფითი ეფექტი დროებითია, რომელიც 2-3 კვირაზე მეტხანს ვერ გასტანს. ფასების შენარჩუნების პირობას კი სპეციალისტებისთვის ინფლაციის არსებული მაჩვენებელი იძლევა, რომელით მიზნობრივზე გაცილებით დაბალია.

როგორც ფინანსისტმა გოჩა თუთბერიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსს“ განუცხადა, ლარის გაუფასურების ტენდენცია დიდხანს ვერ გაგრძელდება. იგი სებ-ის გადაწყვეტილებაზეც ამახვილებს ყურადღებას და დასძენს, რომ რეფინანსირების განაკვეთის მხრივ ასეთ მკვეთრ ცვლილებას არ ელოდა.

,,ლარის კურსზე მონეტარული პოლიტიკის გავლენა მოკლევადიანია. საკმაოდ  მკვეთრი შემცირება იყო, ცხადია, მოლოდინი ამ შემთხვევაში იქნება კურსის გაუფასურებისკენ. თითიდან გამოწოვილი ამბავია, თითქოს ბანკები სპეკულაციურად სწევენ კურსს, რომ მერე იხეირონ  ამით, ასე არ ხდება. ბაზარზე იმდენი მონაწილეა, იქ რაიმე შეთანხმების განხორციელება შეუძლებელია.

არ ვთვლი, რომ სებ-მა შეცდომა დაუშვა, მიუხედავად იმისა, რომ არც ასეთ მკვეთრ კლებას ველოდი. შემცირების ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება, ინფლაცია დაბალ ნიშნულზეა და 3%-ზე ნაკლები იქნება წლის პირველ ნახევარში.  შემდეგ როგორი იქნება დინამიკა, ეს დამოკიდებული იქნება გლობალურ სიტუაციაზე. წითელი ზღვაში საფრთხე არსებობს, რამაც შეიძლება ტარიფები ასწიოს გადაზიდვებზე. ეს კი თავისთავად ცხადია, იმპორტირებულ საქონელზე იმოქმედებს. ამიტომ წინასწარ  მყარი პროგნოპზის გაკეთება რთულია, თუმცა რასაც პროგნოზი აჩვენებს, დაბალი ინფლაციაა და  შენარჩუნდება.

სებ-ს აქვს  საშუალება კიდევ დასწიოს რეფინანსირების განაკვეთი, რაც გამოიწვევს ბიზნესის გააქტიურებას, ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას. ამიტომ განიხილავს ამ პოლიტიკას და ასე იქნება უახლოეს ხანში, ოღონდ საჭიროა უფრო მოზომილი ნაბიჯები", - აღნიშნა თუთბერიძემ.

სავალუტო ცვლილებებთან დაკავშირებით ფინანსისტი ფიქრობს, რომ სიტუაციას ბაზარი დაარეგულირებს.

,,როგორც აღვნიშნე, ინფლაცია დაბალ მაჩვენებელზეა და ფასები ზრდა ნაკლებად მოსალოდნელია, პირიქით, შეიძლება დეფლაცია განვითარდეს, რაც უფრო საშიშია, ვიდრე ინფლაცია. ამიტომ ინფლაცია უნდა იყოს მიზნობრივი ნიშნულის გარშემო ან ოდნავ მეტი, რაც ეკონომიკაზე დადებითად მოქმედებს. სებ-ს შეუძლია გადადგას რეგინანსირების კლების ნაბიჯი, თუმცა ჯობდა, ასეთი მკვეთრი კლება არ ყოფილიყო.

საჭიროების შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს აქვს სხვა ბერკეტებიც რომ კურსის სტაბილურობა უზრუნველყოს, რეზერვების გამოყენება შეიძლია მოკლევადიანი ეფექტები გაანეიტრალოს, ბევრი ინსტრუმენტია, რომლის გამოყენების შემთხვევაში როგორც კურსის, ისე ინფლაციის მართვა შესაძლებელია. მთლიანობაში, ახლა მოკლევადიანი ეფექტის მომენტია, რაც სავალუტო ბაზარზე გავლენას  რამდენიმე კვირის განმავლობაში მოახდენს“, - განუცხადა თუთბერიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსს".

ეკონომისტები საუბრობენ იმაზეც, რომ აჟიოტაჟის საფუძველი ნაკლებადაა და მომავალი თვიდან სიტუაცია გამოსწორდება, ფასების ზრდა კი გამორიცხულია. ლარის გაუფასურების რამდენიმე მიზეზს ხედავს ეკონომისტი გიორგი  ცუცქირიძე და ხაზს უსვამს, რომ მონეტარული პოლიტიკის ცვლილება არ ყოფილა გადამწყვეტი.

,,პირველი შემთხვევა არ არის, რაც სებ-მა რეფინანსირების განაკვეთის შემცირება დაიწყო. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გვქონდა დაბალი ინფლაცია და შესაბამისად, გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო. წინა წლებში ჩვენ მაღალი ინფლაცია გვქონდა გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე მოთხოვნა-მიწოდების ტრადიციული ჯაჭვების გამო, რამაც ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა, საწვავის გაძვირება და სხვა ნეგატიური ფაქტორები გამოიწვია.

მონეტარული პოლიტიკის შერბილების მთავარი ამოცანაა ეკონომიკაში მეტი ფულის შეშვება. შესაბამისად, უფრო დაბალი რეფინანსირების განაკვეთი ნიშნავს, რომ სესხები შეუმციორდება იმ ადამიანებს, ვისაც სესხები ამ განაკვეთთან აქვს მიბმული, ეს ერთი მხრიც კარგია, მაგრამ ამასთან ბანკების ლიკვიდობის სამართავად მიმართული ღონისძიებაა. საკრედიტო რესურსი იაფდება, რაც მეტი იაფი ფული შედის ეკონომიკაში, მით უფრო ხდება ეკონომიკის სტიმულირება, ამ კუთხით სებ-ის გადაწყვეტილება მისასალმებელია.

საინტერესოა არის ლარის გაუფასურების მიზეზი, რატომ უფასურდება კურსი, რაშიც მხოლოდ სებ-ის ნაბიჯი არ არის გადამწყვეტი. ლარის გაცვლითი კურსი დამოკიდებულია საგადამხდელო ბალანსთან-ექსპორტ-იმპორტის ოპერაციებთან,  ინვესტიციებთა, ფულად გზავნილებთან და სხვა. კონკურეტულ პერიოდში ვალუტის შემოდინებასთან. ამიტომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, მარტო რეფინანსირება არ არის მიზეზი, როგორც წესი, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება გარკვეული პერიოდით ხდება. მაინც თუ დავუშვებთ, ამ პროცესის გავლენა კურსზე, თეორიულადაც და პრაქტიკულადაც, ეს არის მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი", - აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ 13 მარტს საქართველოს ეროვნულმა ბაკმა მონეტარული პოლიტიკა მკვეთრად შეარბილა, რეფინანსირების განაკვეთი აქამდე ყველაზე დიდი ბიჯით დასწია (0.75 პროცენტული პუნქტით) და 8.25%-მდე შეამცირა. ეს კი 2021 წლის თებერვლის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

გადაწყვეტილების მეორე დღეს, ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაზე ლარი თითქმის 5 პუნქტით გაუფასურდა და თუ 13 მარტს ერთი დოლარი 2.65 ლარი ღირდა, 14 მარტის დღის ბოლოს 2.70-მდე დაეცა, ამჟამად კი 2,71-ის ფარგლებშია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×