"საქართველოს კანონმდებლობა ადგილობრივ დილერებს არ იცავს, აუცილებლად მივიღებთ შესაბამის ზომებს"
ირმა ჩიტაია
14.03.2024

ავტომობილების რეექსპორტის მიმართულებით სიტუაცია შეიცვალა. როგორც ჩანს, ყირგიზმა და ყაზახმა დილერებმა ბაზარი კარგად შეისწავლეს და ქართველი კონკურენტების განზე გაწევაც მოახერხეს. სფეროს წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, შუა აზიელებმა ჩვენი ბაზარის მონოპოლიზებასც მოახდინონ.

მდგომარეობა მეტად საგანგაშოა. პრობლემა მსხვილ და წვრილ ავტოიმპორტიორებს თანაბრად შეეხო. ცვლილება მანქანების საბაზრო ღირებულებაშიც აისახა. უცხოელები იმდენად ხელსაყრელ ფასად ყიდიან ავტომობილებს, რომ ქართველი დილერების უმეტესობა ჩამოყვანილი მანქანების რეალიზებას ვერ ახერხებს, რადგან ამჟამინდელი მდგომარეობით, თვითღირებულებასაც ვერ ფარავენ.

როგროც ქართველი დილერები ამბობენ, მათ ბაზარზე არათანაბარ პირობებში უწევთ მუშაობა. სხვადასხვა ავტოიმპორტიორი კომპანიები აუქციონზე სათამაშო კოდებს ყაზახებსა და ყირგიზებს აძლევენ, რის შემდეგაც მათ თავად ჩამოჰყავთ ავტომობილები და დილერები აღარაფერში სჭირდებათ. რაც, შესაბამისად ფასებზეც აისახება და საბოლოოდ, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები ზარალდებიან.

ადგილობრივ ბაზარზე შექმნილ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით ,,რეზონანსი" ავტოიმპორტიორთა ასოციაციიის თავმჯდომარეს ლაშა დარბაისელს გაესაუბრა, რომელმაც დაადასტურა, რომ  ბაზარზე სერიოზული პრობლემებია.

,,ღვინის ბიზნესია, ავტოიმპორტი თუ სხვა, ისე უნდა განვითარდეს, რომ ქართველი ბიზნესმენები არ დაზარალდნენ. საქართველოში ადგილობრივ მოქალაქეს ხელი რომ არ შეეწყოს, ეს დიდი პრობლემა იქნება.

სამწუხაროდ, ავტოიმპორტიორებისგან ისმის ჩივილი, რომ შესაბამის ფასს არ იხდიან  მყიდველები და ნივთს გვთავაზობენ გაცილებით დაბალ ფასში, ვიდრე ჩვენ გვაქვს ნაყიდიო. ეს იმიტომ ხდება, რომ ავტობაზრობაზე რეექსპორტის კუთხით არ არსებობს კონკურეტი კომპანიები. ჩვენ რომ გვქონდეს გახსნილი აზერბაიჯანთან საზღვარი, ისინიც რაღაც დოზით შემოვიდოდნენ და ყაზახს თუ ყირგიზს კონკურენციას გაუწევდა. ფასიც დარეგულირდებოდა, პრობლემაც მოგვარდებოდა და იმაზე დაბალ ფასს, რაც მანქანის ღირებულებაა ამერიკაში ან ევროპაში, ავტოიმპორტიორს არავინ შესთავაზებდა", - განაცხადა ,,რეზონანსთან" ლაშა დარბაისელმა.

როგროც ქართველი ავტოდილერები ამბობენ, ყაზახებს და ყირგიზებს  აუქციონზე აძლევენ კოდებს, რის გამოისობითაც ისინი თამაშგარე მდგომარეობაში რჩებიან. დარბაისელის განცხადებით, კომპანიებს სრული უფლება აქვთ, აუქციონზე გატანილი კოდი მიყიდონ მათ, ვისაც საჭიროდ ჩათვლიან. ამ ეტაპზე, საკითხს სწავლობენ და ყველაფერს გააკეთებენ ქართველი დილერების დასაცავად. თანაც პრობლემას, რუსთავის ბაზარზე არსებული "საცობიც" ქმნის.

,,პირველ რიგში, კომპანიას აქვს სრული უფლება აუქციონზე გატანილი კოდი მიყიდოს მას, ვისაც საჭიროდ ჩათვლის. მათ ინტერესშია, ვისზე გასცემენ ამ კოდებს, ქართველებზე თუ სხვებზე. ველოდებით მოვლენების განვითარებას. საქართველოს კანონმდებლობა ადგილობრივ დილერებს არ იცავს. ჯერჯერობით ვსწავლობთ საქმეს, ამ ეტაპზე ვსაუბრობთ ქართველ ავტოიმპორტიორებთან. აუცილებლად მივიღებთ გადაწყვეტილებას და შესაბამის ზომებს მათი ინტერესების დასაცავად.

უნდა ითქვას ის გარემოებაც, რომ რეალურად, ავტობაზრობაზე არასახარბიელო მდგომარეობაა. ავტომობილების დიდი ნაკადია შემოსული, რამაც "საცობი" გამოიწვია. მოთხოვნა მიწოდების ნაწილში ბალანსი დარღვეულია, მოთხოვნა უფრო ნაკლებია, ვიდრე მიწოდება", - განაცხადა დარბაისელმა.

ბაზარზე ყაზახი და ყირგიზი დილერების გააქტიურებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს მსხვილი ავტოიმპორტიორი პაატა მაისურაძე. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სფერო მას არ ეხება და საქმეს ნაკლებად იცნობს, ფიქრობს, რომ სხვა ქვეყნის მოთამაშეები ვერ შეძლებენ ქართველი დილერების ჩანაცვლებას. უბრალოდ, ბაზარი მეტად კონკურეტუნარიანი გახდა და აუცილებელია მოთამაშეები თანაბარ პირობებში იყვნენ.

,,ვფიქრობ, ყაზახებისა და ყირგიზების აქტიურობა ავტომობოლების რეექსპორტთან დაკავშირებით ქართველებს გვერდზე ვერ გაწევს. მე თუ კონკურენტუნარიანი ვარ, როგორ უნდა ჩამანაცვლოს სხვამ. თუ ვიღაცას ამის გამო ბიზნესი გაუჩერდა და კონკურენციას ვერ უწევს ბაზარზე სხვა მოთამაშეს, შესაძლოა, მისი ბრალიც იყოს.

თუ საკითხმა სერიოზული სახე მიიღო, შესაძლოა ჩაერთოს სახელმწიფო და დაარეგულიროს პრობლემა. ხელი შეუწყოს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას. როდესაც ქვეყნის წარმომადგენელი შემოდის ბაზარზე, მას ფული შემოაქვს, ამუშავებს სასტუმროს, "პროფილაქტიკას" და ა.შ. ესეც ხომ დადებითი მხარეა და გასათვალისწინებელია. ვიღაცა ხომ ასარგებლეს, ისევ ქართველი.

საჭიროა სახელმწიფომ  დაიცვას ბალანსი. შესაბამისი უწყებების მხრიდან სწორი რეგულაციები თუ იქნება, ბაზარი თვითონ დაარეგულირებს ყველაფერს. ვუთანაგრძნობ იმ მოქალაქეებს, ვინც დაზარალდნენ, მაგრამ მარტო უარყოფით ჭრილში ამის დანახვა არამართებული მგონია", - განაცხადა მაისურაძემ.

აღნიშნულ საკითხს შეეხო „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარისას ავტოიმპორტიორი კომპანია "დავ ლაინის" წარმომადგენელი ჯაბა გოგინაშვლი. მისი ინფორმაციით, რუსთავის ავტობაზარზე ამჟამად დილერებისთვის მთავარ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ ვინც ადრე მათგან მანქანებს ყიდულობდა, ახლა თავად ერთვებიან ბიზნესში, რაც ძალიან ნეგატიურად აისახება ადგილობრივ ბაზარზე და თავად საქართველოს მოქალაქე დილერებზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×