მერყევი ლარის პირობებში პროდუქტების გაიაფება შეუძლებელი იქნება და შესაძლოა, გაძვირებაც დაიწყოს
გვანცა წულაია
14.03.2024

რეფინანსირების განაკვეთის 0.75%-ით დაწევის შემდეგ, ლარი 5 პუნქტით გაუფასურდა. თუკი ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიღებამდე "ბლუმბერგის” სავაჭრო პლატფორმაზე კურსი 2.65-ის ფარგლებში იყო, გუშინ დღის ბოლოს 2.70-ს მიაღწია. ეკონომისტებს გაუფასურების მიზეზზე საუბარი უჭირთ, რადგან ქვეყანაში არაფერი ხდება ისეთი, რაც კურსზე უარყოფითად იმოქმედებს. ამიტომ შესაძლოა, სწორედ სებ-ის მონეტარული პოლიტიკის არატრადიციული შერბილება იყოს მიზეზი. 

ორი დღის წინ საქართველოს ეროვნულმა ბაკმა მონეტარული პოლიტიკა მკვეთრად შეარბილა, რეფინანსირების განაკვეთი აქამდე ყველაზე დიდი ბიჯით დასწია (0.75 პროცენტული პუნქტით) და 8.25%-მდე შეამცირა. ეს კი 2021 წლის თებერვლის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

სებ-ის აღნიშნული გადაწყვეტილება, 2009 წლის შემდეგ, რეფინანსირების განაკვეთის შემცირების ყველაზე მკვეთრი ბიჯია, რადგანაც გასული წლების განმავლობაში მონეტარული პოლიტიკა ძირითადად 0.25-0.50 პროცენტული პუნქტით მსუბუქდებოდა.

გადაწყვეტილების მეორე დღეს, ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაზე ლარი თითქმის 5 პუნქტით გაუფასურდა და თუ 13 მარტს ერთი დოლარი 2.65 ლარი ღირდა, 14 მარტის დღის ბოლოს 2.70-მდე დაეცა.

სპეცილისტები ლარის გაუფასურებას ახსნას ვერ უძებნიან, მაგრამ სავარაუდოდ, მიზეზი სწორედ რეფინანსირების განაკვეთის მკვეთრი შემცირება უნდა იყოს. სავალუტო ბირჟის მონაწილეებმა ჩათვალეს, რომ მომავალში "გაიაფებული" ლარი თანდათან გაუფასურდებოდა და ამიტომ შედარებით დაბალი კურსით დოლარის დარეზერვება დაიწყეს.

ფინანსისტი, საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია აცხადებს, რომ არჩევნებამდე კურსს 2.70-იან ნიშნულს ზევით არ გაუშვებენ.

"რეფინანსირების განაკვეთის 0.75%-ით დაწევას და ლარის გაუფასურებას ერთმანეთთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს. კურსს აუცილებლად შეინარჩუნებენ და როგორც კი ლარს დააწვება წნეხი, მაშინვე რეზერვებიდან ხდება თანხის გაყიდვა. რეზერვები ოდნავ შემცირებულია, თუმცა 4,5 მლრდ ნახევარზე მეტია დღეის მონაცემებით.

გაცვლითი კურსზე შფოთვა უნდა დავიწყოთ არჩევნების შემდეგ, მანამდე ლარს გაუფასურება ნამდვილად არ ემუქრება. კურსი რომ იყოს ძველ ნიშნულზე 2.85 ან 3.00 ლარზე, წარმოიდგინეთ, რა ფასები იქნებოდა ქვეყანაში, ისედაც ხომ სიძვირეა.

მთავრობას იმდენი ესმის, რომ მათთვის ძალიან დამაზიანებელი და სარისკოა მაღალი კურსი, ამიტომ ამას არ დაუშვებენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ, რაც არ უნდა მოხდეს, არჩევნებამდე კურსი 2.70 ლარზე ზევით არ წავა.

რაც შეეხება მონეტარულ პოლიტიკას, რეფინანსირების განაკვეთი 4% უნდა იყოს, ეს არის მაქსიმუმი, რადგან ინფლაცია 0-დან 1%-მდეა. ეს ხელს შეუწყობდა ფასების შემცირებას, ბიზნეს სესხებზე მაღალი გადასახადი აღარ ექნებოდა”, - განუცხადა "რეზონანსს” შენგელიამ.

რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ოფიციალურ კურსს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღეს ერთი ამერიკული დოლარი 2.67 ლარი ღირს, ევრო - 2.92 ლარი. გუშინ კი, ერთი აშშ დოლარი 2.65 ლარი ღირდა, ხოლო ევრო - 2.90 ლარი.

ექსპერტები სებ-ის ზოგად მონეტარულ პოლიტიკას ეთანხებიან, თუმცა მათი ნაწილი ამბობს, რომ რეფინანსირების განაკვეთი 0.75%-იანი შემცირება მკვეთრი კლებაა.

როგორც ეკონომისტი მერაბ ჯანიაშვილი მიიჩნევს, შეიძლება სებ-ს რეფინანსირების განაკვეთი ნახევარი პროცენტული პუნქტით დაეწია, ეს უფრო გონივრული იქნებოდა. 

"ამ ორ ამბავს ერთმანეთთან ვერ დავაკავშირებ. ვერ დავიჯერებ, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირებამ საქართველოში რაღაც კუთხით რისკი გაზრდა ან თუნდაც საინვესტიციო გარემო გააუარესა მნიშვნელოვნად, მით უმეტეს, გამომდინარე იქიდან, რომ ინფლაცია დაბალია და შესაბამისად, არაფერი განსაკუთრებული ეროვნული ბანკის ნაბიჯში არ იყო.

შეიძლება 0.50 პროცენტული პუნქტით შეემცირება ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთი, ეს უფრო გონივრული იქნებოდა, მაგრამ არ მგონია, რომ 0.75%-ით კლებას, რაიმე განსაკუთრებული ზეგავლენა მოეხდინა. ჩავთვალოთ, რომ სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი ძალიან დიდი მაჩვენებლით დაწია, ამის მერე რა მოლოდინი გაჩნდება, რომ საქართველოში ინფლაცია არნახულად გაიზრდება?

ვერც ასეთ შედეგს და ვერც აჟიოტაჟის საფუძველს ვერ ვხედავ. თუ გაუფასურების პროცესი გაგრძელდა, შემდეგ, ალბათ, გაირკვევა მიზეზიც”, - განუცხადა "რეზონანსს” მერაბ ჯანიაშვილმა.

მონეტარული პოლიტიკა ერთადერთი ბერკეტია, რითაც სააქართველოს ეროვნულ ბანკს ინფლაციაზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. დღეისათვის რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-ზეა. ყველაზე მაღალი მაჩვენებლი კი 11% იყო. ეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში თვეების განმავლობაში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდებოდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×