ამისათვის საჭიროა ეკონომიკური ზრდის აღებული ტემპისა და ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნება
გვანცა წულაია
21.02.2024

ბოლო წლების ეკონომიკური შედეგის შენარჩუნებით საქართველო ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან დაახლოებას აპირებს, თუმცა პროცესი დროს მოითხოვს. სხვადასხვა კუთხით საქართველოს უკეთესი შედეგი აქვს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ირაკლი კობახიძის მთავრობაში ამბობენ, რომ საქართველო მთელი რიგი მიმართულებებით არ ჩამოუვარდება ევროკავშირის წევრ და კანდიდატი ქვეყნებს და მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში, მოწინავე პოზიციაზეა. ამ მოსაზრებას სპეციალისტთა ერთი ნაწილი ეთანხმება.

საქართველოს მთავრობა ირწმუნება, რომ უახლოეს რამდენიმე წელიწადში მოწინავე ევროპულ ქვეყნებთან ჩამორჩენას მინიმუმამდე შეამცირებს.  როგორც პარლამენტში `მინისტრის საათის” ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, საქართველოსა და ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს არ ჩამორჩება, პირიქით, მოწინავე პოზიციაზეა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპით, ინფლაციის დაბალი მაჩვენებლით, მთავრობის ვალისა და ბიუჯეტის დეფიციტის სიმცირისა და პანდემიის შემდეგ, მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების აღდგენის სისწრაფის მიხედვით.

„ეს მიღწევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსოფლიოსა და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ძვრების გათვალისწინებით, რის შედეგადაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების უმრავლესობა კვლავ განიცდის პანდემიით გამოწვეულ პრობლემებს ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციაზე“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა და დასძინა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის დონე, მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, 2024 წელს ევროკავშირის მედიანური მაჩვენებლის 45%-მდე იქნება.

„2000-იანი წლებიდან ევროკავშირში გაწევრიანებული 13-დან 4 ქვეყნის, კერძოდ: პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის და ბულგარეთის შემთხვევაში, გაწევრიანების მომენტში მათი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალი იყო. შესაბამისად, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით გაწევრიანებისათვის უკვე აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტს“, - თქვა ლაშა ხუციშვილმა.

ეკონომისტთა ერთი ნაწილი მთავრობის ხედვას იზიარებს. მათი შეფასებით, საქართველო, ბოლო წლების აღებული ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, ევროკავშირს წევრ ქვეყნათან ჩამორჩენას შეამცირებს, მაგრამ ამას დრო დასჭირდება.

როგორც სტატისტიკოსმა და ეკონომისტმა სოსო არჩვაძემ განაცხადა, წელს ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის დონზე, მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით, ევროკავშირის მედიანური მაჩვენებლის არათუ 45%, არამედ უფრო მეტიც იქნება.

"ევროკავშირის ზღვრული მედიანური მაჩვენებლის 45%-იან ნიშნულზე მივა საქართველო წლის ბოლოს, თანაც ეს არის არა ვალუტის ოფიციალური კურსით, არამედ მსყიდველობითი უნარის პარიტეტით. ბოლო მონაცემებით, მსყიდველუნარიანობის პარიტეტით გავდივართ სადღაც 23 ათას დოლარამდე, მოსახლეობის ერთ სულზე. ეს ნიშნავს, რომ თითქმის 2.4-ჯერ უფრო მაღალი გვაქვს მშპ მოსახლეობის ერთ სულზე მსყიდველუნარიანობის პარიტეტით, ვალუტის ოფიციალური კურსით დაანგარიშებულთან შედარებით.

ეს არის საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ამ ტემპით მართლაც შევძლებთ არათუ 45%-იან ნიშნულზე გასვლას, არამედ უფრო მაღალ სიმაღლეების მიღწევას უახლოესი წლების განმავლობაში.

ევროკავშირის ყველაზე სუსტი რგოლი არის ბულგარეთი და როდესაც ბულგარეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდა 2007 წელს, მშპ-ს მიხედვით მოსახლეობის ერთ სულზე მსყიდველუნარიანობის პარიტეტით იყო სადღაც 51%-ის დონზე. განვლილი 17 წლის მანძილზე ჩვენ ყოველწლიურად სულ ცოტა ერთი პუნქტით ვამცირებდით ამ ჩამორჩენას. ბულგარეთიც ხომ წინ მიდიოდა, მაგრამ ჩვენი სიჩქარე უფრო მაღალი იყო და დღესდღეობით სადღაც 68%-ის დონზე ვართ ბულგარეთთან მიმართებით.

ბოლო პერიოდში საკმაოდ მაღალი სიჩქარე გვაქვს აკრეფილი, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გამო 2020 წელს ძალიან დიდი ვარდნა გვქონდა. მიუხედავად ამისა, საქართველომ საკმაოდ წინ წაიწია. ამიტომ სრულიად შესაძლებელია, რომ უახლოეს წლებში ჩვენი ჩამორჩენა კიდევ უფრო შემცირდეს”, - განუცხადა "რეზონანსს” სოსო არჩვაძემ და დასძინა, რომ საქართველოს ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანასთან შედარებით, ზრდის უფრო მაღალი ტემპი ჰქონდა 2023 წელს.

"ევროავშირის წევრობა არ არის გარანტია იმისა, რომ ზრდის მაღალი მაჩვენებელი იქნება. საქართველოს ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანასთან შედარებით, უფრო მაღალი ტემპი ჰქონდა 2023 წელს.

2023 წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებს თუკი შევინარჩუნებთ დაახლოებით 5-6 წელიწადში გავალთ ბულგარეთის დონზე. დაახლოებით 12-13 წელიწადში მივაღწევთ ჩეხეთის დონეს და სადღაც 15-16 წელიწადში შეგვიძლია დავძლიოთ გერმანიის 2024 წლის დონზე, მაგრამ რაც არ უნდა მეგობრული და კეთილგანწყობილი იყვენენ ეს ქვეყნების საქართველოს მიმართ, ვერ შეგვპირდებიან, რომ გაჩერდებიან და დაგველოდებიან. სანამ ჩვენ არ დავეწევით, ისინი უფრო წინ წავლენ, ამიტომ ეს ისტორიული ჩამორჩენის დაძლევის პროცესი გაცილებით ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს”, - დასძინა სოსო არჩვაძემ.

2023 წელი, ეკონომიკური თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წელი იყო. საქართველოს ეკონომიკა, გარე ფაქტორების მიუხედავად მძლავრად განვითარდა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი აკლია იმ დიდი გაერთიანების დონემდე მისაღწევად, რასაც ევროკავშირი ჰქვია.

როგორც ეკონომისტმა რამაზ გერლიანმა განაცხადა, ეკონომიკური სტანდარტების დაკმაყოფილების მცდელობა ნადვილად არის საქარველოში, მაგრამ გარკვეული ჩავარდნები მაინც შეიმჩნევა.

"ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არც ერთი პარამეტრით არ ვჯობინით. რაც შეეხება კანდიდატ ქვეყნებს, როგორიც არის უკრაინა, მოლდოვა და თუნდაც ვისაც აქვს განაცხადი გაკეთებული და ჯერ კანდიდატობა არ მიუღით, მათთან მიმართებაში რიგი პარამეტრებით ნამდვილად გვაქვს უპირატესობა. უკრაინა ომშია გახვეული და მარტივია ის, რომ მათ ვჯობნით. მოლდოვასთან დაკავშირებით ვერ ვიტყვით იმას, რომ ყველა მიმართულებით უკეთესი შედეგი გვაქვს. რაღაც პარამეტრებით ვჯობით,  მაგრამ საინვესტიციო და საფონდო ბაზრის კუთხით საკმაოდ ჩამორჩებით.

რაც შეეხება ეკონომიკურ სტანდარტებს, ჩვენი მხრიდან მცდელობა არის, მაგრამ რეკომენდებული პუნქტები რამდენად სწორად სრულდება ამაზე იქნება დამოკიდებული ყველაფერი. ამ კუთხით, ჩემი აზრით, გვაქვს გარკვეული ჩავარდნები. მაგალითად, ასეთია კერძო საკუთრება და შემდგომ მისი განკარგვის ნაწილი, აქ დიდი პრობლემებია, რაც პირდაპირ კავშირიში სამართლებრივ ნაწილთანაც. ეს გვაქვს გასაუმჯობესებელი - ეკონომიკური თავისუფლებისა და სამართლიანობის ვექტორი, რაც სხვადასხვა მხრივ შეიძლება იყოს გაშლილი, ზოგან წმინდა იურიდული თვალსაზრისით და ზოგ შემთხვევაში კომბინირებულად იურიდიულ-ეკონომიკური თვალსაზრისით”, - განუცხადა "რეზონანსს” რამაზ გერლიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×