,,ორბი ჯგუფმა“ უზარმაზარი სასტუმროს მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი თანდათან მწვავდება
ქეთო გოგოხია
19.02.2024

ბახმაროში მასშტაბური დეველოპერული პროექტის განხორციელებას საზოგადოებიდან დიდი წინააღმდეგობა აქვს. მიუხედავად ნეგატიური დამოკიდებულებისა, ,,ორბი ჯგუფმა“ პროექტის პრეზენტაციაც ჩაატარა და ისეთი მშენებლობის დაწყებას გეგმავს, რომელიც ადგილობრივ ტურისტულ პოტენციალს საფრთხეს შეუქმნის და ეკოლოგიური თვალსაზრისითაც პრობლემას უკიდურესად გაამწვავეს.

საუბარი არ არის მხოლოდ იმაზე, რომ  ბახმაროს იერსახე მახინჯდება და ვიზუალურად განსხვავებული ტიპის კონცეფციად გარდაიქმნება. როგორც ურბანისტები აცხადებენ, პროექტს ახლავ სხვა რისკიც, მათ შორის ეკოლოგიასთან დაკავშირებით და მისი განხორციელება დაუშვებელია. საქართველოს ურბანული განვითარების ინსტიტუტი გამოსავალს ხედავს იმაში, რომ თავიდან შემუშავდეს პროექტი და მასშტაბური კომპლექსის ნაცვლად ნაკლებ მოცულობითი მშენებლობა განხორციელდეს, რაც რისკებს მინიმუმამდე დაიყვანს და ბახმაროს  იერსახესაც შეუნარჩუნებს.

ორგანიზაციის დამფუძნებლის ანი ბიბილაშვილის განცხადებით, პროექტი შესაბამისობაშია გენგეგმასთან, მაგრამ არის რიგი ხარვეზი, რაც ამ დოკუმენტში არ იქნა გათვალისწინებული, ამიტომ გენერალური გეგმა თავიდან უნდა შემუშავდეს.

,,პროექტი ერთი შეხდედვით, გენგეგმასთან შესაბამისობაშია, მაგრამ აქვს ხარვეზიც, რის გამოც უნდა გადაიხედოს და ეს დოკუმენტი თავიდან შემუშავდეს.  დადასტურებით შემიძლია განვაცხადო, რომ ბახმაროში მრავალფუნქციური კორპუსის მშენებლობა  დიდ რისკს უკავშირდება. ამიტომ დღეს თუ დავუშვებთ  ამ მშენებლობას, დომინოს პრინციპით განავითარებს  კიდევ სხვა მსგავსი მასშტაბის მშენებლობებს. ეს კი ნიშნავს, რომ კურორტის იერსახე დაიკარგება და არ იქნება მიმზიდველი იმ დამსვენებლებისთვის, რომლებიც მას, როგორც ეკოლოგიურად სუფთა ობიექტს, ირჩევენ.

განწყობა, ჰაერი, სამკურნალო თვისებები  - ეს ყველაფერი გაქრება. ამასთან, გამოიწვევს სერიოზულ ეკოლოგიურ პროცესს კლიმატის ცვლილებასთან მიმართებით გარემოზე ცუდი ზემოქმედების გამო. იმ ფორმით და მასშტაბით, როგორიც დღეს ბახმაროა, მომავალში ფიზიკურად ვეღარ იარსებებს", - განაცხადა ანი ბიბილაშვილმა.

პროექტის მიმართ ეჭვს იწვევს ის გარემოებაც, რომ ჯერჯერობით არ არის წარმოდგენილი  გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში.  ყოველ შემთხვევაში, ორგანიზაციამ ამ დოკუმენტთან დაკავშირებით პასუხი კომპეტენტური სტრუქტურებისგან ვერ მიიღო.

,,ჩვენი რეკომენდაციაა, რომ  პროექტი დააბრუნონ ქალაქ-დაგეგმარებით, ანუ განაშენიანების დეტალური გეგმის ეტაპზე, რომელმაც დაუშვა ასეთი მასშტაბის და მოცულობის პროექტირება. სახელმწიფომ მოინდომოს და  შესთავაზოს მშენებელს, რომ კომპლექსი დაიყოს მცირე მოცულობებად, რათა ბახმაროს განვითარების გეგმაში ჩაჯდეს.

ჩვენ ვერ მოვიპოვეთ საჭირო ინფორმაცია გზშ-თან დაკავშირებით, რაც ამყარებს ეჭვს, რომ არც არსებობს ასეთი დოკუმენტი. ამ დროს ეკოლოგიის კუთხით გარკვეული პრობლემებია, რაც უკავშირდება კომპლექსის მომსახურებას -  გათბობა-გაგრილებას, წყლის სისტემების რაოდენობას, ელექტროენერგიას, ბუნებრივი აირის მომსახურებას და სხვა, ჩამდინარე წყლების ფილტრაციის საკითხს და სხვა, ვინაიდან შესაბამისი კომუნიკაციით არ არის ტერიტორია აღჭურვილი. ასეთ სიტუაციაში ლოგიუკრი იქნება, თუკი კოტეჯურ დასახლებას ბეტონის კონსტრუქციები ჩაანაცვლებს“, - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" ბიბილაშვილმა.

ბახმაროში,,ორბის ჯგუფის" პროექტს კატეგორიულად ემიჯნება ურბანისტი ირაკლი მურღულია, რომელიც შიშობს, რომ მსგავსი მშენებლობები ინერციით გაგრძელდება და ბახმარო ისეთ სახეს მიიღებს, როგორიც დღეს აქვს ბაკურიანს, რომელიც რადიკალურად შეცვლილი და დამახინჯებულია.

,,მასშტაბური და მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი ბახმაროში არსებულ განაშენიანებასთან  სრულიად შეუსაბამოა. სართულიანობით და მოცულობით ბახმაროში მსგავსი მშენებლობა მიუღებელია. აშკარაა, რომ არასწორი მშენებლობა მიმდინარეობს ბახმაროში, რაც  მრავალმხრივ შეიცავს რისკს, პირველ რიგში, კურორტს იერსახეს უკარგავს და უმახინჯებს.

გარდა ამისა, საფრთხეა იმ მხრივაც, რომ მსგავსი ტიპის მშენებლობა გაგრძელდება ინერციით და მერე უკვე ამას ვერაფერი შეაჩერებს. ერთს თუ მისცეს უფლება, სხვას ვერ აუკრძალავენ და საბოლოოდ გამოვა ისეთი სიმახინჯე, როგორიც ბაკურიანია.

თავისი მასშტაბით ამ პროექტს, ვიზუალური და ფუნქციური თვალსაზრისით, გამართლება არ აქვს - გარემოს აზიანებს, მის ტურისტულ პოტენციალს და სხვა.

არავინ ჩამოდის სამთო კურორტებზე დიდი კორპუსების სანახავად, იქ არის სიმშვიდე, ბუნებასთან მიახლოებული ჰარმონია, რასაც ,,ორბი“ აშკარად არღვევს. არ შეიძლება ბახმაროსთან მიმართებაში ასეთი ჩარევა, ბევრს რამეს აფუჭებს!

შვეიცარიაში არსებობს ქალაქების სადაც 4-5 სართულიანი განაშენიანება, მაგრამ არის საკურორტო ზონები, სადაც მცირე სახლებია და ამ წესრიგს ვერავინ დაარღვევს", - აღნიშნა ირაკლი მურღულიამ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

ასეთი პროტესტის მიუხედავად, ,,ორბიმ" პროექტის პრეზენტაცია გამართა და აპარტამენტების გაყიდვაც დაიწყო. კომპანიაში აცხადებენ, რომ ბახმაროში წარმოდგენილი 350-ნომრიანი სასტუმროს გარდა, სხვა ტიპის კომპლექსის მშენებლობას არ განიხილავენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ განაცხადა, რომ წარდგენილი პროექტით კოეფიციენტი უკვე სრულად ათვისებულია, რაც სამომავლოდ რაიმე ტიპის მშენებლობას გამორიცხავს.

„ჩვენ უახლოეს მომავალში, სივრცითი დაგეგმარების სააგენტოსთან ერთად, ვხსნით ფართო მსჯელობას სწორედ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ბახმაროში არ მოხდეს ქაოსური განაშენიანება. თუმცა ყველა ვთანხმდებით, რომ აუცილებელი მიზიდულობის ცენტრი ბახმაროს სჭირდება ორივე პირობებში, თუ ის კოჯეტურად ან სხვა ტიპის განაშენიანებით განვითარდება.

ჩვენ ამ ტერიტორიის განვითარების იქით ფიზიკურად ვერ წავალთ. აღარ არის მიწის ნაკვეთი, სადაც ეს შესაძლებელია. ყველა არის 50-100 კვ/მ და ყველა კერძო საკუთრებაში, ამიტომ ფიზიკურადაც და თეორიულადაც გამორიცხულია იქ რაიმე სხვა ტიპის მშენებლობაზე ვისაუბროთ, შესაბამისად შიში აბსოლუტურად უსაფუძვლოა.

მესმის იმ ადამიანების, ვისაც თავისი შეხედულება აქვს, მაგრამ კურორტი 100 წელზე მეტს ითვლის და ამ დროის განმავლობაში ვერ მოხერხდა ვერც კოტეჯური ტიპის განაშენიანება, ვერც ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, ვერც მნიშვნელოვანიო ტურისტული ნაკადების მიღება. ამის მიზეზია ის, რომ ვერ გადაიდგა პირველი სალოკომოტივო პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ნაბიჯი“, - განაცხადა "ბიზნეს მედიასთან" საუბრისას კვერღელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×