ჯერ მხოლოდ თებერვალია და მშპ-ს პროგნოზი თვასა და ხელს შუა უმჯობესდება
გვანცა წულაია
15.02.2024

საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვან შედეგს 2024 წელსაც მიაღწევს. ქვეყანამ რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოს იმიჯის შენარჩუნება შარშანაც მოახერხა. იგივე მოლოდინი არსებობს წელსაც. ეკონომისტების პროგნოზით, 2024 წლის ეკონომიკა 7%-ის ფარგლებში გაიზრდება, რაც სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშრისო ორგანიზაციის მოლოდინზე მაღალია, მიუხედავად იმისა, რომ კვლევითი ცენტრებმა საკუთარი პროგნოზი გაზარდეს. ეს კი წლის დასაწყისშივე იშვიათად ხდება.

ისე, როგორც გასულ პერიოდში, სამომავლოდაც რეგიონის მასშტაბით საქართველოს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება, ასეთია მოლოდინი, რომელიც საკმაოდ რეალური სცენარია.

მართალია, 2021 და 2022 წლებთან შედარებით, 2023 წელს ტემპი შენელდა, მაგრამ მაჩვენებელი მაინც საკმაოდ პოზიტიური იყო. 2021 და 2022 წლებში საქართველოს ორნიშნა მაჩვენებელი ჰქონდა, 2023 წელს კი ზრდის ტემპი 7.5%-მდე შემცირდა. დაახლოებით იგივე მიდამოებშია 2024 წლის პროგნოზიც.

რამდენიმე დღის წინ, სტატისტიკის დეპარტამენტმა დაზუსტებული შედეგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2023 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 7%-ის ნაცვლად, 7.5% შეადგინა.  ამის თაობაზე `თიბისი კაპიტალში” თქვეს, რომ მართალია, განსხვავება მკვეთრი არა არის, თუმცა მაინც მნიშვნელოვანია იმის განხილვა, თუ როგორ იმოქმედებს ეს გარემოება ძირითად მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე.

"პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ სხვა თანაბარ პირობებში, იზრდება 2024 წლის ეკონომიკური აქტივობის პროგნოზი. ეს კი შედარებით უფრო მყარ ლართან ასოცირდება. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფაქტობრივი მაჩვენებლები, ეკონომიკის პოტენციური დონის შეფასებისათვის, ყოველთვის არ გამოდგება. შეძლებისდაგვარად მხედველობაშია მისაღები ერთჯერადი ფაქტორების ზეგავლენა.

მთლიანობაში, `თიბისი კაპიტალის” ეკონომიკის ზრდის საბაზო სცენარი გაუმჯობესებულია. მცირედით, თუმცა ამავე მიმართულებით არის ცვლილება ლარის გაცვლითი კურსის კუთხით. მაგალითად, დოლარი/ლარის შემთხვევაში, ნაცვლად წლის ბოლოსთვის ადრე ნავარაუდევი დაახლოებით 2.80-იანი ნიშნულისა, ახლა შეფასება უფრო 2.75-ისკენ იხრება", - აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის” მიმოხილვაში.

რაც შეეხება სხვა ორგანიზაციების პროგნოზს, "გალტ ენდ თაგარტის” საბაზისო სცენარით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა მოსალოდნელია 5.4%-ით გაიზარდოს, ხოლო ოპტიმისტური სცენარით - 6%-ით. დაახლოებით იგივე მოლოდინი აქვთ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია "ფიტჩშიც". მათი შესაფებით, ეკონომიკური ზრდა 2024 წელს 5% იქნება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვარაუდით, საქართველოს ეკონომიკა, 2024 წელს კი 4.8%-ით გაიზრდება. მსოფლიო ბანკის შეფასებითაც, 2024-25 წლებში, 5%-იან მაჩვენებელს უნდა ველოდოთ საქართველოში. იგივე პროგნოზი გააკეთა აზიის განვითარების ბანკმაც.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზს, სებ-ში ვარაუდობენ, რომ 2024 წლისთვის ქვეყნის ეკონომიკა 5%-ით უნდა გაიზარდოს. საქართველოს მთავრობის პროგნოზით, 2024 წლის ბიუჯეტში ჩადებული პარამეტრების მიხედვით კი, გაისად ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5,2% იქნება.

ყველაზე უკეთესის მოლოდინი აქვთ ეკონომისტებს. როგორც ფინანსისტი გიორგი ცუცირიძე ვარაუდობს, 2024 წლის ქვეყნის მშპ 7%-ით გაიზრდება.

"სტატისტიკის დეპარტამენტმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ეროვნული ანგარიშების განახლებული მონაცემები და ვხედავთ, რომ დინამიკა არის პროგრესული. შეგვიძლია დავასკვანთ, რომ ბოლო წლებში გვქონდა ძალიან დინამიკური და საკმაოდ მაღალი ტემპი.

2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, მაგალითად სავალუტო ფონდის, არის 4.8%. 2022 და 2023 წლების დასაწყისში სავალუტო ფონდის პროგნოზი ანალოგური იყო, დაახლოებით 4.5%-დან 5.5%-მდე. ჩვენ ვნახეთ,  რომ ორივე წელს საქართველოს ეკონომიკა გაცილებით უფრო მეტად გაიზრდა, ვიდრე მათი პროგნოზი იყო. სავალუტო ფონს წლის დასაწყისში ახასიათებს შედარებით ფრთხილი შეფასება, შემდეგ, ბუნებრივია, ხდება დაკორექტირება იმის მიხედვით, თუ კვარტალურად როგორ შედეგს აღწევს ქვეყანა.

ნაცვლად 4.8%-ისა ჩვენ უფრო შთამბეჭდავ ნიშნულზე გავალთ და ჩემი პროგნოზით მშპ, სავარაუდოდ, 7%-მდე მოიმატებს. ეს არა ოპტიმისტური, არამედ რეალისტური მოლოდინია, რაც, პირველ რიგში, ეყრდნობა იმას, რომ ბოლო წლებში, განსაკუთრებით ბოლო ორ წელიწადში, მნიშვნელოვნად იზრდება ლოგისტიკური მიმართულება. ეს გულისხმობს შუა დერეფნის ფუნქციის დატვირთვას, გადაზიდვების ზრდას, რაც ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიურად ისახება. ეს კი, ბუნებრივია, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე ახდენს დადებით გავლენას. ამ მოცემულობას ეყრდნობა ჩემი პროგნოზი.

2024 წელს ოპტიმისტურდ ვუყურებ, მიუხედავად იმისა, რომ წელსაც ბევრი საგარეო გამოწვევა არსებობს, რეგიონშიც და გლობალური მასშტაბითაც. ჩვენთანაც არჩევნებია”, - განუცხადა "რეზონანსს” ცუცქირიძემ.

მსოფლიო ბანკმა დაადასტურა, რომ საქართველოს რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება. მათი პროგნოზი ამგვარია: საქართველო - 5%; სომხეთი - 4.7%; აზერბაიჯანი - 2.4%; თურქეთი - 3.1%; უკრაინა - 3.2%; რუსეთი - 1.3%.

გიორგი ცუცქირიძეც იზიარებს ამ მოსაზრებად და ხაზს უსვამს, რომ  საქართველო სამეზობლოში ლიდერის პოზიციაში დარჩება.

"ჩვენ რეგიონში ლიდერები ისედაც ვიყავით, ბოლო წელს მაღალი ზრდა ჰქონდა სომხეთს, თუმცა ბოლო 3 წელიწადში საშუალო ზრდის მაჩვენებელი, რაც საქართველოს ჰქონდა რეგიონში მაინც ყველაზე მაღალია. იგივე შეიძლება ითქვას რუმინეთზე, ბულგარეთზე, უკრაინაზე, უნგრეთზე. ასე რომ, კვლავაც გვაქვს მხოლოდ პოზიტიური მოლოდინი”, - დასძინა `რეზონანსთან” ცუცქირიძემ.

ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ საქართველო იმ მონაცემების შენარჩუნებას შეძლებს, რაც ეკონომიკაზე დადებითად მოქმედებს. როგორც ახალგაზრდა ფინანსისტა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა, საქართველოს ეკონომიკაში საკმაოდ კარგი და ჯანსაღი სიტუაციაა, ამიტომ გამართლდება ის პროგნოზი, რაც ხელისუფლების თუ სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან. 

"ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, არის ნორმაში. ერთადერთი, საგარეო ვაჭრობის კუთხით გვაქვს შემცირება, როგორც ეს იანვრის მონაცემებმა გვიჩვენა და ასევე კლებაა ფულად გადმორიცხვებში, მაგრამ ეს იყო ლოგიკური და მოსალოდნელი, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოდან მიგრანტები გავიდნენ და ბუნებრივია, ამ გარემოებამ თავისი გავლენა მოახდინა, როგორც ფულად გზავნილებზე, ისე საგარეო ვაჭრობაზეც.

საერთოდ, იანვარი რთული თვეა, ამიტომ ამ ორმა ფაქტორმა შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები გამოიწვიოს, მაგრამ სხვა მხრივ, დღეს საქართველოს ეკონომიკაში საკმაოდ კარგი, ნორმალური და ჯანსაღი სიტუაციაა. შესაბამისად, გამართლდება ის პროგნოზი და მოლოდინი, რაც არსებობს ადგილობრივი ხელისუფლების, კვლევითი ცენტრების თუ სართაშორისო ორგანიზაციების მხრიდან”, - განუცხადა "რეზონანსს” გიორგი კაპანაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×