ვახტანგ იობაშვილი: "თავის დროზე უზარმაზარი შრომა ჩავდეთ და შედეგიც სახეზეა: კონტრაბანდა განულდა, ხარისხი სტანდარტის შესაბამისია და ფასიც კონკურენტუნარიანი"
ქეთო გოგოხია
14.02.2024

საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის შექმნიდან 20 წელი გავიდა. ის, რომ დღეს შიდა ბაზარზე სტაბილურობაა, ხარისხის სისტემა საკმაოდ მაღალ დონეზეა გამართული, აღურიცხავი საწვავის იმპორტი არ ხდება და საფასო პოლიტიკაც გლობალური მოცემულობის ადეკვატურად მუშაობს, დიდწილად სწორედ კავშირის დამსახურებაა.

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვახტანგ იობაშვილი აცხადებს, ზუსტად 20 წლის წინ, ქაოსის, დაძაბულობისა და არასტაბილურობის ფონზე შექმნილი ორგანიზაციის საქმიანობა ნავთობპროდუქტების ბაზარზე მიღწეული სტაბილურობის ერთ-ერთ მთავარ გარანტს წარმოადგენს.

უფრო ვრცლად, რა შეიცვალა და რის მიღწევა გახდა შესაძლებელი, დღესდღეობით რა საკითხებია მნიშვნელოვანი სექტორში? - ამ და სხვა კითხვებს ვახტანგ იობაშვილმა უპასუხა.

,,რეზონანსი": წლების წინ, როდესაც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი იქმნებოდა, რა ტიპის გამოწვევა არსებობდა დარგში და რა როლი შეასრულა ორგანიზაციამ პრობლემების მოგვარებაში?

ვახტანგ იობაშვილი:  20 წლის წინ, როდესაც ჩვენი ორგანიზაცია შეიქმნა, ნავთობპროდუქტების ბაზარზე ნამდვილად მძიმე სიტუაცია იყო. არავისთვის არ არის უცხო, რომ შევარდნაძის მმართველობის დროს პირდაპირ ქუჩაში იყიდებოდა საწვავი, ცისტერნებიდან ხდებოდა აღურიცხავი, კონტრაბანდული პროდუქტის რეალიზაცია, ხარისხზე საუბარი ზედმეტი იყო. ასეთი ქაოსის ფონზე დავაფუძნეთ ჩვენი კავშირი მე (ვახტანგ იობაშვილი), ვანო მთვრალაშვილმა, ქეთი სირაბიძემ და კიდევ რამდენიმე ადამიანმა. მთავრობის მხრიდანაც საკმაოდ დიდი მხარდაჭერა მივიღეთ. თავის დროზე უზარმაზარი შრომა ჩავდეთ და შედეგიც სახეზეა: კონტრაბანდა განულდა, ხარისხი სტანდარტის შესაბამისია და ფასიც კონკურენტუნარიანი, რის შესაძლებლობასაც გლობალური ბაზარი იძლევა.

,,რ":  როგორია დღესდღეობით ეკონომიკაში სექტორის წილი, რა როლს ასრულებს იგი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში?

ვ.ი: ნავთობპროდუქტების ბაზარზე დღესდღეობით ყველა პროცესი გამჭვირვალეა.  ქვეყნის ბიუჯეტში სექტორის შენატანი საკმაოდ სოლიდურია. შედარებისთვის, შევარდნაძის პერიოდში  ბიუჯეტში შეჰქონდათ 50-60 მლნ ლარი. ამოცანად დავისახეთ, რომ ეს  წილი გაგვეზარდა და  პირველივე ცდაზე 150 მლნ ლარის მობილიზება მოხერხდა ბიუჯეტში, ამჟამად ეს მაჩვენებელი ასეულობით მილიონ ლარს შეადგენს.

,,რ": რაც შეეხება ნავთობპროდუქტების ხარისხს, დღეს ამ საკითხს მთლიანად კანონმდმებლობა არეგულირებს, თუმცა წლების წინ, როცა ამ მხრივ ხარვეზი იყო, რამდენად გქონდათ კონტროლის შესაძლებლობა, რა კეთდებოდა ამისთვის?

 ვ.ი: სერტიფიცირება-მონიტორინგის ჯგუფი ჩამოვაყალიბეთ, ეკონომიკის სამინისტროდან მივიღეთ უფლება შეგვემოწმებინა ხარისხი. მაღალი დონის კონტრაქტორ ლაბორატორიებში მიმდინარეობდა გადამოწმება და მედიის მეშვეობით ვავრცელებდით ინფორმაციას, რამაც, თავის დროზე, შედეგი გამოიღო.

მთლიანობაში, დღევანდელი გადასახედიდან ვთვლი, რომ ჩვენმა კავშირმა ქვეყნის ეკონომიკისთვის ბევრი გააკეთა. პირველებმა მოვახერხეთ ორგანიზება და დავიწყეთ კომპანიების დაჯილდოება სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით: ვის მეტი შენატანი ჰქონდა ბიუჯეტში, კარგი ქსელი, მაღალი დონის მომსახურება, ხარისხი და სხვა. ეს დიდი სტიმული იყო კომპანიებისთვის და იმდენად საინტერესო, რომ ზოგიერთი მათგანის მხრიდან ახლაც არის ინტერესი, მივიწყებული ფორმატი აღადგინოთ.

,,სოკარის" წვლილსაც მინდა შევეხო. თავდაპირველად, სანამ აზერბაიჯანული კომპანია შემოვიდოდა ბაზარზე, დიდი განუკითხაობა იყო. ბაქოდან წამოსული ვაგონები იძარცვებოდა. ბევრი კომპანია გაკოტრდა და გადაჰყვა ამ ამბავს. ეს საკითხები მოვაგვარეთ. ,,სოკარის" ქართულ ბაზარზე შემოსვლამ ეს საკითხი დაარეგულირა და გამოსწორდა სიტუაცია.

,,რ": ამ ეტაპზე რას მიიჩნევთ დარგის გამოწვევად?

ვ.ი: ყოველთვიურად ვაკეთებთ ანალიზს ნავთობპროდუქტების იმპორტთან და ტრანზიტთან დაკავშირებით. გამოწვევაა ის, რომ  ბიზნესი იყოს სხვადასხვა წნეხისგან გათავისუფლებული. გარკვეული პრობლემა შეიმჩნევა ამ კუთხით და იმედია, ესეც დაიძლევა.

გარდა ამისა, თუკი ბრენდულ კომპანიებში ხარისხთან დაკავშირებით ეჭვები გაქარწყლდა, რამდენიმე წვრილ კომპანიებში მაინც არის ამ კუთხით პრობლემა. რამდენადაც ცნობილია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეკოლოგიის დეპარტამენტის მხრიდან გაკეთდა განცხადება და დაჯარიმებულია ზოგიერთი კომპანია დარღვევების გამო. ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ, რომ მსგავსი შემთხვევები გამოირიცხოს. გაბევრებული ნავთობპროდუქტი არის თაღლითობა, აღურიცხავი პროდუქცია და ზომა-წონაში მოტყუება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია კონტროლი გამკაცრდეს.

,,რ": როგორია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის უახლოესი გეგმა, რას აპირებთ და პირველ რიგში, რა საკითხის გადაწყვეტას გეგმავთ?

ვ.ი:  ჩვენ გვყავდა მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც ოფიციალურად სახელმწიფოს მიერ იყო აკრედიტებული. საშუალება თუ იქნება, გვინდა, ხარისიხს კონტროლი განვახორციელოთ, რისი უფლებამოსილებაც ადრე გვქონდა. ამისათვის, მთავარია აკრედიტაცია აღვადგინოთ. გვყავს ძალიან კარგი პროფესიონალი, აკრედიტებული ექსპერტები, შპს ,,მაგი", რომელიც დღესაც არსებობს და ერთ-ერთი საუკეთესო ლაბორატორიაა. უნდა ვიცოდეთ რას ვყიდულობთ და რაში ვიხდით ფულს. ამ მხრივ დიდ იმედს იძლევა ახალი პრემიერის ირაკლი კობახიძის საქმიანობა, რომელმაც უკვე გამოკვეთა, რომ კონტროლი სხვადასხვა მიმართულებით გაძლიერდება. ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ხარისხის კონტროლის მიმართულებით გახდება საჭირო.

,,რ": რა მდგომარეობაა დღეს ნავთობპროდუქტების ქართულ ბაზარზე, როგორია პროდუქტის ღირებულება და რამდენად დასაშვებია პოზიტიური ტრენდის შცვლა?

ვ.ი: ამ ეტაპზე სტაბილური სიტუაციაა ბაზარზე. ზედიზედ ორი თვეა გრძელდება კლების ტენდენცია და ეს უკვე ეტყობა საცალო ქსელსაც. მსოფლიო სანავთობო ბაზარზე პატარ-პატარა ცვლილებებია, მაგრამ არა ისეთი, რომ დიდი გავლენა მოახდინოს. თუმცა, არავინ იცის რა მოხდება რეგიონული ომების ფონზე, წითელი ზღვა და სუეცის არხი, ფაქტობრივად, პარალიზებულია, დაძაბულობაა ირანში და აქედან გამომდინარე, გარკვეული რისკები ჯერ კიდევ არსებობს.

ცნობისთვის, საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  2004 წლის 13 თებერვალს დაფუძნდა. ვულოცავთ კავშირს და მის წევრებს საიუბილეო თარიღს და ვუსურვებთ წარმატებას, სტაბილურობას და დასახული მიზნის მიღწევას, რაც ქართულ ბაზარზეც დადებითად აისახება და დარგის განვითარებას უზრუნველყოფს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×