მალე 2013 წლამდე გამოშვებული მანქანების გაძვირებას ელოდებიან
გვანცა წულაია
30.01.2024

ახალი რეგულაციის დაწესების გამო, 2013 წლამდე გამოშვებული იმპორტირებული ავტომობილების გარკვეული რაოდენობა „ჰაერში რჩება”. ამის მიზეზი კი ისაა, რომ 10 წელზე ასაკიანი მანქანების განბაჟების საშუალება მხოლოდ იმ პირებს მიეცემათ, რომელთა ავტომობილებიც გემზე 1-ელ დეკემბრამდე დაიტვირთა.

საქართველოში დაწესებული ახალი რეგულაციების მიხედვით, 2024 წლის 1-ლი იანვრიდან, ქვეყანაში აიკრძალა 2013 წლამდე გამოშვებული მსუბუქი ავტომობილების იმპორტი. როგორც ცვლილების ამოქმედებიან ერთი თვის თავზე გაირკვა, განბაჟების და ქვეყანაში გადაადგილების საშუალება იმ მყიდველებს ეძლევათ, რომელთა მანქანებიც 1-ელ დეკემბრამდე დაიტვირთა გემზე.

ავტომიპირტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა დარბაისელი ამბობს, რომ 1-ლი დეკემბრის შემდეგ გემზე დატვირთული ავტომობილები „ჰაერში რჩება".

„ავტომობილები, რომელიც გემზე 1-ლი დეკემბრის შემდგომ ჩაიტვირთა, რჩებია ჰაერში. მათ შეეძლებათ განბაჟება, მაგრამ სანომრე ნიშანს არ მისცემენ და მოქალაქეს ასეთი ავტომობილით გადაადგილების უფლება არ ექნებათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ასეთი მანქანა გამოუსადეგარი გახდება”, - განუცხადა „რეზონანსს” ლაშა დარბაისელმა, რომელსაც მაინ ეიმედება, რომ შექმნილი რთული მდგომარეობის გათვალისწინება მოხდება.

„ამ ეტაპზე, ჯერჯერობით ასეა, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში ალბათ გაითვალისწინებენ იმ ავტომობილებსაც, რომელთა გემზე ჩატვირთვა მოხდა 1-ლი დეკემბრის შემდგომ, რადგან ასეთი მანქანები დიდი რაოდენობითაა. ეს კი პირდაპირ დააზარალებს ავტოიმპორტიორებს, რომელთაც ისედაც უჭირთ, გამომდინარე იქიდან, რომ მყიდველი არ არის. ასე რომ, იმედი გვაქვს, შევლენ ავტოიმპორტიორების მდგომარეობაში.

რა თქმა უნდა, სხვა სექტორებიც ძალიან მნიშვნელოვანი და გასათვალისინებელია, თუმცა ჩვენი დარგი თითქმის ყველა ბიზნესისგან განსხვავებულია იმით, რომ ძალიან დიდი რაოდენობის მოქალაქეა ამ სექტორში ჩართული. ასევე, აღნიშნულ ბიზნესს ჰყავს სხვადასხვა მომიჯნავე დარგი, რომელიც საკმაოდ ბევრია. აქ იგულისხმება ავტოსახელოსნოები, ავტოსერვისები, ავტონაწილები, საცხებ-საპოხი მასალები და ა.შ.

თუ იმპორტიორი ვერ ჩამოიყვანს ავტომობილს და ვერ გაყიდის, ამით მხოლოდ კონკრეტული პიროვნება კი არ დაზარალდება, არამედ ავტოსერვისში მომუშავე ადამიანიც. ამიტომ აქ მხოლოდ ავტოიმპორტიორი არ არის, მთელი სეგმენტი მოიაზრება, რომლის უკანაც უამრავი ადამიანი დგას და ისინი ამ საქმიანობით ცხოვრობენ”, - უთხრა „რეზონანსს” ლაშა დარბაისელმა.

ბიზნესი ვარაუდობს, რომ უკვე ამოქმედებული ცვლილება ბაზარზე ძველი მანქანების გაძვირებისაც გამოიწვევს და 2013 წელს ქვეყანაში არსებული ავტომობილების ფასი მოიმატებს. ლაშა დარბაისელი ამბობს, რომ ჯერჯერობით ნაადრევია ამაზე საუბარი, თუმცა ასეთი მოლოდინი არსებობს.

„ამ ეტაპზე, ცოტა ნაადრევია გაძვირებაზე საუბარი, რადგან მხოლოდ ერთი თვეა გასული, რაც რეგულაცია მოქმედებს. შემდგომ შეიძლება კონკრეტულად იმაზე საუბარი, გაძვირდება თუ გაიაფდება ქვეყანაში ძველი ავტომობილები, მაგრამ არ მგონია, გაიაფდეს. გამომდინარე იქიდან, რომ მოხოვნა მიწოდებას გადააჭარბებს, ფასები მაღლა წავა”, - განუცხადა „რეზონანსს” დარბაისელმა.

როგორც ირკვევა, ასოსიაცია ითხოვდა, რომ შეღავათი დაწესებულყო 1-ელ დეკემბერამდე შეძენილ ავტომობილებზე, რაც მთავრობამ არ დააკმაყოფილა.

„ამის მაგივრად, ვისი მანქანაც 2023 წლის 1-ელ დეკემბრამდე დაიტვირთა, მათ უკეთებენ შეღავათს. იყო კატეგორია, რომელმაც 2023 წლის აგვისტოში შეიძინა ავტომობილი, მაგრამ 2-3 დეკემბრამდე ვერ მოხერხდა მათი გემებზე განთავსება. ეს ადამიანები ჰაერში არიან, ვინაიდან ვერ მოახერხებენ ავტომობილის რეგისტრაციას.

დღევანდელი მოცემულობით, 2013 წლამდე მანქანების განბაჟება შესაძლებელი იქნება, როგორც ტექნიკურ საშუალებად, მაგრამ მას ვერ გამოიყენებენ. ისიც არ ვიცით, შეძლებენ თუ არა დაშლას და ნაწილებად რეალიზებას. ორივე შემთხვევაში, დაშლიან თუ ვერა, რეგისტრაციას ვერ გაივლიან“, - განაცხადა ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ალექსი ნონიაძემ „ბიზნესპრესნიუსთან”.

ქართველი დილერები ამბობენ, რომ რეგულაციაში ბევრი ხარვეზია და კითხვებზე პასუხი არ ჩანს. ცვლილება არ შეეხება რეექსპორტის მიმართულებას, თუმცა, როგორც „რობანი მოტორსის“ დამფუძნებელმა ელგუჯა ჯამაგიძემ განაცხადა, გაურკვეველია რა მოხდება მაშინ, თუ იმპორტიორმა ავტომობილი რეექსპორტისთვის შემოიყვანა, მაგრამ ვერ გაყიდა.

„რაც ეს ცვლილება დაანონსდა, მას შემდეგ გამუდმებით ვამბობ, რომ რეგულაციის პუნქტები ბუნდოვანია, რადგან ამ საქმის მომზადებას ახორციელებენ არაპროფესიონალები.

ახლაც ვსვამ კითხვას, რომ ავტომობილი საქართველოში ჩამოვიდა რეექსპორტისთვის, მაგრამ ვერ გაიყიდა და შესაბამისად, ვერ გავიდა ქვეყნიდან, რა ხდება შემდეგ? განკარგულებაში წერია, რომ რეგულაცია რეექსპორტს არ ეხება, მაგრამ მაგალითად, ჩვენც გვაქვს შეკვეთები რეექსპორტისთვის, თუმცა მყიდველები ხშირად ამბობენ ავტომობილი რომ არ მოეწონათ, რა მოხდება ამის შემდეგ? პასუხს ვერავინ გვცემს. რეექსპორტისთვის გამოწერილი 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილის დაწუნება რომ მოხდეს, ჩვენს ქვეყანას რა ბერკეტი აქვს, რომ დაეხმაროს იმპორტიორს?”, - აღნიშნა „რეზონანსთან” საუბრისას ელგუჯა ჯამაგიძემ და დასძინა, რომ „რეექსპორტში ავტობიზნესს ლომის წილი აქვს და გაურკვეველია, რატომ არის დარგი ასე მიტოვებული და ბედის ანაბარა დარჩენილი”.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×