"რუსული კაპიტალისა და სამუშაო ძალის შემოსვლის ტალღამ უკვე ჩაიარა და ყველაფერი ძველ კალაპოტს დაუბრუნდა"
გვანცა წულაია
29.01.2024

მიგრანტების გადინებასთან ერთად, საქართველოში ნელ-ნელა ის კომპანიები იხურება, რომლებიც ქვეყანაში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაარსდა. ეკონომისტების ამბობენ, რომ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებში ინტერესი აღარ იგრძნობა, რომ საქართველოში რამდენიმე თვის წინ გახსილი ბიზნესი შეინარჩუნონ.

2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული საქართველოში უამრავი რუსული კომპანია დაარსდა. ბინზეს სუბიექტებმა ქვეყანაში საკუთარი კაპიტალი გადმოიტანეს, თუმცა ბოლო თვეებში მათი ოდენობა შესამჩნევად შემცირდა.

როგორც ეკონომისტმა და სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ განაცხადა,  საქართველოში რუსული კაპიტალის გადმოტანის პიკური ტალღა უკვე გადავლილია.

„თუ გადავავლებთ თვალყურს ბოლო პერიოდში რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობას, ვნახავთ, რომ გვაქვს მკვეთრი შემცირება. 1-2 დღეში  გამოქვეყნდება დეკემბრის მონაცემები, სადაც ალბათ, გამოჩნდება, რომ აბსოლუტურად უმნიშვნელო ზრდა შეიძლება ჰქონდეს რეგისტრირებულ საწარმოთა ოდენობას. შეიძლება ითქვას, რომ რუსული კაპიტალისა და სამუშაო ძალის შემოსვლის პიკური ტალღამ უკვე ჩაიარა“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ სოსო არჩვაძემ და დასძინა, რომ ზოგადად, საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულება გადაჭარბებული პოზიციაა.

„ვიზუალური და სხვა ინდიკატორული დაკვირვებით, შეიძლება ითქვას, რომ რუსული ბიზნესი მასშტაბურად არა, მაგრამ მაინც წარმოდგენილია საქართველოს ეკონომიკაში, თუმცა იმის თქვა, რომ ჩვენ ძალიან ვართ მათზე დამოკიდებული, ცოტა გადაჭარბებულია, პირიქით, შემიძლია გითხრათ, მაგალითად, იმპორტსა და ექსპორტში რუსეთის წილი საგრძნობლად შემცირდა. 2023 წლის იანვარში რუსეთის წილი ჩვენს ექსპორტში იყო 19.1%, დეკემბერში კი 10.8%-მდე ჩამოვიდა. რაც შეეხება იმპორტს, შარშან იანვრის თვეში 17.5% იყო და დეკემბერში 11.3%-მდე დავიდა. გამოდის, რომ ორივე მიმართულებით შემცირებულია რუსეთის წილი. ფულად გზავნილებთან დაკავშირებით კი ვიცით, რუსეთის წილი მთლიან ტრანზანქციებში წლის დასაწყისში იყო 60%-ზე მეტი და 2023 წლის ბოლოსთვის შემცირდა 22.9%-მდე.

იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ტრადიციულად სუსტად მონაწილეობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხაზით საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიან კაპიტალდაბანდებებში, გამოდის, რომ აქაც საკმაოდ დაბალია ამ ქვეყნის წილი“, - აღნიშნა სტატისტიკოსმა.

სოსო არჩვაძის აზრით, გაზრდილი კონკურენციის პირობებში ქართულმა ბიზნესმა უნდა ისწავლოს კონკურენტული ბრძოლა და თავისი უპირატესობის დამტკიცება.

„რატომღაც ვფქირობთ, რადგან საქართველოს ტერიტორიაზე იქნება ქართული კაპიტალისა და საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობით ახალი ბიზნესი, ისინი თითქოს უკონკურენტოდ უნდა ღებულოდნენ პრეფერენციებს. ფაქტი ის არის, რომ ქართულ ბიზნესს მოუწევს აბსოლუტურად სერიოზული კონკურენციის გაწევაა უცხოური კაპილტის წარმომადგენლებთან, საქართველოს შიდა ბაზარზე დამკვიდრებისა და თავისი უპირატესობის დასამტკიცებლად.

საბაზრო ეკონომიკა არ არის მეტისმეტად გულჩვილი და ტოლერანტული, მხოლოდ იმის გამო, რომ ის ადგილობრივი წარმომავლობის კაპიტალიზმისთვის არის განკუთვნილი. გაზრდილი კონკურენციის პირობებში ქართულმა ბიზნესმა უნდა ისწავლოს კონკურენტული ბრძოლა და თავისი უპირატესობის დამტკიცება, ფასწარმოქმენის, რეალიზაციის და რისი სხვა ინდიკატორების მიხედვით“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ არჩვაძემ.

არაოფიციალურ სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, საქართველოში რუსული ბიზნესის ოდენობა შემცირდა. როგორც „ფორბსის“ რუსული რედაქციის განცხადებაში წერია, 2023 წლის იანვარ-დეკემბრის პერიოდში, საქართველოში რუსეთის 13 ათასი მოქალაქე დარეგისტრირდა იურიდიულ პირად. მანამდე, 2022 წლის თებერვლიდან - 2023 წლის თებერვლამდე, საქართველოში რუსეთის მოქალაქეებიდან, 16 000-მდე ინდმეწარმე იყო რეგისტრირებული.

ეკონომისტი მერაბ ჯანიაშვილი ადასტურებს, რომ მიგრანტების ნაწილმა საქართველოდან წასვლის შემდეგ, ქვეყანაში გადმოტანილი ბიზნესი თან გაიყოლა.

„განსაკუთრებით "აიტი" სფეროში იყო ბევრი რუსული კომპანია წარმოდგენილი, მაგრამ ქვეყნიდან ადამიანები თუ წავიდნენ, შესაბამისად, ბიზესიც გაქრება მათთან ერთად. კომპიუტერულ სფეროში არსებული კომპანიების 60%-ზე მეტი რუსეთის მოქალაქეებზე მოდიოდა. ვხედავთ, რომ გასული წლის ბოლოდან იკლებს და მიმდინარე წელსაც დაიკლებს მათი ოდენობა და შესაბამისად, ბიზნესსაც აღარ დატოვებენ საქართველოში. თანაც, ბევრი კერძო ბიზნესი, რომელიც აქ გახსნეს, ისევ რუსეთის მოქალაქეებს ემსახურებოდა და სწორედ მიგრანტებისთვის იყო შექმნილი. ისედაც შესამჩნევია, ქალაქში ბევრად ნაკლები მიგრანტი გადაადგილდება და ისინი საქართველოდან წასვლის დროს თავის ბიზნესსაც გაიყოლებდნენ“, - განუცხადა მერაბ ჯანიაშვილმა „ბიზნეს-რეზონანსს“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×