ჯერჯერობით უკმაყოფილო არავინაა და მთავრობაც აუტკივარ თავს არ აიტკივებს
ირმა ჩიტაია
25.01.2024

მეხორბლეები იმპორტირებულ ფქვილზე დაწესებული მოსაკრებლის ვადის გახანგრძლივებას ითხოვენ. მთავრობის პოზიცია ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით გაურკვეველია. სექტორში კი აცხადებენ, რომ გადასახადი არ უნდა მოიხსნას, რადგან ეს ბაზარზე არასტაბილურობას გამოიწვწევს და დიდი ალბათობაა იმისა, რომ ქართული წისქვილკომბინატები კვლავ გაჩერდნენ. მორატორიუმის დასრულებამდე კი, ფაქტობრივად, 1 თვეა დარჩენილი.

ფქვილზე დაწესებული დაბეგვრის გადასახადი 1 ტონაზე 250 ლარი პირველ მარტამდე მოქმედებს. აღნიშნულმა გადასახადმა, თავის დროზე, ადგილობრივი ბაზარი დაასტაბილურა და საქართველოში წარმოებული ხორბლის რეალიზებას ხელი შეუწყო, აამუშავა ქართული წისქვილკომბინატები და ქართველი ფერმერების მარცვლეულის რეალიზებაც ასე თუ ისე მოხერხდა.

საქართველოში ფქვილი რუსეთიდან შემოდის. იქ კი ხორბლის ჭარბი მოსავალი იყო. მეზობელ ქვეყანას პროდუქციის რეალიზების მხრივაც პრობლემები აქვს, რამაც ადგილზე ფქვილისა და ხორბალის გაიაფება გამოიწვია. იმპორტირებული პროდუქცია საქართველოში იმდენად დაბალ ფასად შემოდიოდა, რომ ადგილობრივი წისქვილკომბინატები თითქმის ვერ მუშაობდნენ. გადასახადიც სწორედ პრობლემის აღმოსაფხვრელად დაწესდა. რუსეთში დაბალია მარცვლეულის ფასიც, რამაც საქართველოში ადგილობრივი მოსავლის გაიაფებაც გამოიწვია.

აღნიშნულთან დაკავშირებით ,,რეზონანსი" საქართველოს ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს მთავრობასთან, რომ დაწესებული მორატორიუმი გახანგრძლივდეს, რადგან ქართულმა ბაზარმა არსებული სტაბილური მდგომარეობა შეინარჩუნოს და მოსალოდნელი გართულებები თავიდან აიცილოს. 

,,ვფიქრობ, ტენდენცია გაგრძელდება, რადგან ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები სახელმწიფოსთან. მათი მხრიდან გამოცემულმა ახალმა დადგენილებამ, რომელიც 2023 წლის ივნისიდან ამოქმედდა, ყველა მიმართულებით დადებითი ეფექტი მოიტანა და კონკურენციის თანაბარი პირობები შეიქმნა.

საქართველოში, საშუალოდ, ყოველთვიურად შემოდის 20-დან 25 ათას ტონამდე  ხორბალი. ასევე, უწყვეტად გრძელდება ფქვილის იმპორტი თვეში 8-დან 12 ათას  ტონამდე. პარალელურად რეალიზაცია გაეწია ქართულ ხორბალსაც და დადგენილების ამოქმედებიდან დღემდე ჩვენს წისქვილკომბინატებში ჩაბარებულია 50 000 ათას ტონაზე  მეტი ადგილობრივი სასურსათო ხორბალი. დასტაბილურდა ფასებიც. მთელი ამ დროის განმავლობაში ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი  45-50 ლარის ფარგლებში მერყეობს", - განაცხადა ლევან სილაგავამ.

მისივე ინფორმაციით, დამატებითი მოსაკრებლის დაწესებამ ბაზარზე სტაბილურობის გარდა, ქვეყნის ბიუჯეტში დამატებითი თანხების მობილიზებაც გამოიწვია, რაც სახელმწიფოსთვისაც დადებითი პროცესია. შეიქმნა სტაბილური გრძელვადიანი მარაგებიც. ამიტომაც, სილაგავას აზრით, მოსაკრებელი ყველა კუთხით დადებით გავლენას ახდენს. ხელისუფლებაც, ალბათ გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს და მორატორიუმს გაახანგრძლივებს.

,,რაც ეს დადგენილება ამოქმედდა, ჩვენმა წისქვილკომბინატებმა დაწესებული  მოსაკრებლიდან ბიუჯეტში დამატებით შეიტანეს 20 მილიონ ლარზე მეტი.  პურზე ფასიც შენარჩუნებულია. აღნიშნული მექანიზმით და  წისქვილკომბინატების სტაბილური მუშაობით ქვეყანა უზრუნველყოფილია  გარდამავალი სტრატეგიული მარაგით.

რაც შეეხება ადგილობრივი ხორბლს, მისი ღირებულება ახლა 60-65 თეთრის ფარგლებში მერყეობს. ზოგიერთმა ფერმერმა თავი შეიკავა ჩაბარებისგან, გაძვირების მოლოდინით, რაც მათი უფლებაა. საყურადღებოა ის, რომ დღეს მსოფლიო ბაზარზე საკმაოდ დიდი გამოწვევებია. მიუხედავად იმისა, რომ ხორბლის ბალანსი საკმაოდ კარგია, გარდამავალი მარაგები ინკლუზიურად მაინც ვერ ნაწილდება. ძირითადი და წამყვანი ძალა, ამ მიმართულებით, მაინც რუსეთია. ის ხორბლის დიდი მოსავლით გამოირჩევა. ჩვენი ბაზარიც ფაქტობრივად, აქედან ივსება.

გაზაფხულისთვის ვნახავთ თუ რა გამოწვევების წინაშე იქნება მსოფლიო. ზოგადად არასახარბიელო ვითარებაა ყველგან. საყურადღებოა წითელი ზღვის კრიზისიც, რაც ლოგისტიკურად ჩვენ არ გვეხება, მაგრამ მსოფლიო ბაზარზე თუ ფასთა ცვლა დაიწყება, პრობლემა მაინც გადმოედება რეგიონს. ამისთვის მთავარია, ჩვენ გარდამავალი მარაგი გვქონდეს. ამას კი ქმნის მხოლოდ წისქვილკომბინატების მუშაობა. ამიტომ, იმედს ვიტოვებ, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება.

ვფიქრობ, არ არსებობს არანაირი წინაპირობა, რომ დადგენილება არ გაგრძელდეს. ახლა რომ შეწყდეს, წისქვილები ფქვილის იმპორტზე გადავლენ და ხელახლა დაიწყება პრობლემა, რომელიც ხორბლის უკავშირდება. იმედია, მთავრობა ამ გზას არ მიუბრუნდება" - განუცხადა "რეზონანსს" სილაგავამ.

დაახლოებით დამოკიდებულება აქვს აღნიშნულ საკითხთან პურის მრეწველთა ასოციაციის ხელმძღვანელს მალხაზ დოლიძეს. ისიც ემხრობა, რომ ფქვიქლის იმპორტზე დაწესებული მოსაკრებელი შენარჩუნდეს, რადგან ამ ეტაპზე არსებულმა გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ მოსაკრებლის დაწესებამ ბაზარი კონკურენტუნარიანი გახადა და ფასთა რყევაც შეაჩერა.

,,ვფიქრობ, მოსაკრებელი არ მოიხსნება. აღნიშნულმა გადასახადმა დადებითი გავლენა მოახდინა ბაზარზე. ამუშავდა, როგორც ქართული წისქვილები, ისე საცხობები და  კონკურენტუნარიანი სიტუაცია შეიქმნა ფქვილის შემომტანებსა და ადგილობრივ დამამზადებელ წისქვილკომბინატებს შორის. სახელმწიფომაც, შემოსავლების სახით გარკვეული სარგებელი მიიღო. არსებული მდგომარეობა ყველასთვის მისაღები უნდა იყოს. ჩვენი აზრი დავაფიქსირეთ შესაბამის უწყებებთანაც.

იმედია, სახელმწიფო გაიაზრებს ყველა იმ დადებით პროცესს, რომელიც აღნიშნულმა მოსაკრებელმა გამოიწვია და ვადა გახანგრძლივდება. ამ პროცესმა ხელი შეუწყო ფაფების შენარჩუნებას პურზეც. ახლა რთული მდგომარება არაა. ასეთი ვითარება მისაღებია ჩვენთვისაც.

ბაზარზე პურის ფქვილის სტანდარტული ღირებულება უკვე დაფიქსირებულია და ვფიქრობ, უახლოეს მომავალში რყევას არ უნდა ველოდოთ. ამ და სხვა დადებითი კომპონენტებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, სახელმწიფოც გონივრულად იმოქმედებს და ახალ თავსატეხს არ გააჩენს" - აღნიშნა ,,რეზონანსთან" საუბრისას დოლიძემ.

საყურადღებოა, რომ რუსული ხორბლისა და ფქვილის ფასი მსოფლიოს ანალოგიურად, საქართველოშიც მცირდება. 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, რუსული ფქვილის იმპორტი დაახლოებით 28,5%-ით გაიაფდა, ხოლო ხორბლის კი - 27%-ით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×