ქართველ იმპორტიორებს ერთმანეთსგან სრულიად განსხვავებული მოსაზრება აქვთ
ირმა ჩიტაია
18.01.2024

წითელი ზღვის ჩაკეტვამ ტვირთების გადაზიდვის კუთხით დიდი დაბრკოლება შექმნა, რაც უკვე ბოლო დროის ერთ-ერთი გლობალური პრობლემაა. საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიები ალტერნატიული მარშრუტებით ხელმძღვანელობენ, რამაც დროისა და მანძილის კუთხით მეტი ფინანსური ხარჯი მოითხოვა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შექმნილი ვითარება საერთაშორისო ბაზარზე ფასების რყევებს გამოიწვევს და რიგი პროდუქტების გაძვირებაც გარდაუვალი იქნება.  საქართველოში პრობლემა, ამ ეტაპზე, ნაკლებად აისახება, მაგრამ დროთა განმავლობაში გვერდს მაინც ვერ ავუვლით. 

როგორც იმპორტიორები აცხადებენ, რისკები გაიზრდება აქაც, თუკი უახლოეს მომავალში, გლობალურ ასპექტში შეიქმნება  კონტეინერებისა და ტანკერების დეფიციტი. გადაზიდვის  დრო გახანგრძლივდება და საერთაშორისო სატრანსპორტო ჯაჭვზე უარყოფითად იმოქმედებს. შესაბამისად, დაგვიანდება მიწოდება, საბოლოო ჯამში, მოთხოვნა გაიზრდება და ტრანსპორტირებისფასიც მოიმატებს.

,,რეზონანსი“ დაინტერესდა, წითელი ზღვის ჩაკეტვა რა პრობლემას შეუქმნის საქართველოს დაგამოიწვევს თუ არა კონკრეტულად სურსათის გაძვირებას. მოგეხსენებათ, საქართველო  საკვები პროდუქტების მხრივ, უმეტესად, იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა. უცხოურ საქონელზე განსაკუთრებით მზარდია მოთხოვნა ზამთრისა და ადრე გაზაფხულის პერიოდში, რადგან ადგილობრივ ბაზარზე ქართული პროდუქტი პრაქტიკულად ამოწურულია და მარაგს შევსება სჭირდება.

მართალია, სურსათის ძირითადი ნაწილი საქართველოში მეზობელი ქვეყნებიდან შემოდის, როგორიცაა თურქეთი, რუსეთიდან და ა.შ. მაგრამ არის რიგი პროდუქტები, რომლებზეც წითელ ზღვაზე შექმნილი რთული ვითარება პირდაპირ აისახება და რომლებზეც დამოკიდებულია ჩვენი ქვეყანა. უახლოეს მომავალში არა, მაგრამ თუ კონფლიქტის ესკალაცია ვერ მოხერხდება, მაშინ ცხადია, სურსათის გაძვირება გარდაუვალი იქნება.

იმპორტიორ თენგიზ ფაცაციას ვარაუდით, რადგან საქართველო იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა,  წითელ ზღვაზე შექმნილი რთული ვითარება ჩვენს ბაზარზე უარყოფით გავლენას აუცილებლად მოახდენს. მართალია, სამარშრუტო ზოლიდან საქართველოში ძალიან ცოტა საკვები პროდუქტი მოემართება, მაგრამ ზოგად სიტუაციას უარყოფითი გავლენის შექმნა მაინც შეუძლია.

,,წითელ ზღვაზე შექმნილმა რთულმა ვითარებამ საერთაშორისო საკონტეინერო გადაზიდვებზე უარყოფითი გავლენა მოახდინა და გადაზიდვების საფასური თითქმის ოთხჯერ გაძვირდა. მაგალითისთვის,  თუ ერთი კონტეინერის დაქირავება ინდოეთიდან 1000 დოლარი ჯდებოდა, დღეს უკვე 4000 დოლარი გახდა. ცხადია, ასეთი სხვაობა თავის კვალს დატოვებს. მოგეხსენებათ, გადამზიდ კომპანიებს წითელი ზღვის ნაცვლად, შემოვლითი გზით უწევთ გადაადგილება. გაიზარდა მანძილიც და დროც. ეს ყველაფერი კი ცხადია, მომსახურებას აძვირებს.

პრობლემა შეეხება სურსათსაც და ფასების რყევა დაიწყება. შექმნილი სურათი ცხადყოფს, რომ გაძვირება იქნება. ვხედავთ, ტვირთები გვიანდება, გადაზიდვები ძვირდება. ამ ეტაპისთვის ძნელია ივარაუდო რამდენი პროცენტიანი ცვლილება იქნება ამა თუ იმ სახის პროდუქტზე. წინასწარ ამას ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, მაგრამ ერთი რამ ნათელია, ცვლილებები გარდაუვალი იქნება", - განაცხადა ,,რეზონანსთან" საუბრისას თენგიზ ფაცაციამ.

მისივე აზრით, ცვლილება განსაკუთრებით იმ პროდუქციას შეეხება, რომლებიც ორეული უცხოეთიდან შემოდის, როგორიცაა ბრინჯი, შაქარი და სხვა დასახელების პროდუქტი. პრობლემა არ შეეხება სურსათის იმ დიდ ნაწილს, რომლებიც მეზობელი ქვეყნებიდან უპრობლემოდ შემოდის.

,,თუ სიტუაცია არ დასტაბილურდება და წითელ ზღვაზე შექმნილი რთული ვითარება არ მოგვარდება, უახლოეს ხანებში არსებული მდგომარეობა დისკომფორტს ჩვენც შეგვიქმნის. რგორც ვიცით, ბრინჯი, ბანანი და სხვა დასახელების პროდუქტები შემოდის ინდოეთიდან. ცხადია, შეიქმნება სირთულეც. პრობლემა არ აისახება სურსათის იმ სახეობებზე, რომლებიც რუსეთიდან და სხვა მეზობელი ქვეყნებიდან მოდის.

ვხედავთ, რომ გადაზიდვა უკვე გაძვირებულია და ეს მომატებული საქონელი სამი თვის მერე ჩამოვა. რაც შეეხება დეფიციტს, მოგეხსენებათ, ბაზარზე სურსათის ნაკლებობა კოვიდპანდემიის დროს არ შექმნილა და იმედია, არც ამ ვითარებაში იქნება, მაგრამ რაც ახლა ხდება ცხადია, არასასიამოვნო სიტუაციაა და ეს გარემოება თავის კვალს მაინც დატოვებს", - განაცხადა თენგიზ ფაცაციამ.

 განსხვავებული შეხედულება აქვს დისტრიბუტორთა ასოციაცისს ხელმძღვანელს ივა ჭყონიას. მისი აზრით, წითელ ზღვაზე არსებული პრობლემები ჩვენს ბაზარზე ნაკლებად აისახება და სურსათის კუთხით ფასთა რყევას არ გამოიწვევს.

,,ბოლო დროს წითელ ზღვაზე შექმნილი პრობლემები დიდი ყურადრების ცენტრში მოექცა. ეს საკითხი ჩვენი კომპანიის  თემა არ არის, მაგრამ გეტყვით რომ, სურსათის  კუთხით ჩინეთიდან საქართველოში თითქმის არაფერი არ ჩამოდის. სხვა საკითხია ტექნიკა და სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნივთები. სურსათი, ძირითადად, საქართველოში, მეზობელი ქვეყნებიდან - თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან შემოედინება და ამ კუთხით სირთულეები არაა. ამიტომაც, წითელ ზღვაზე შექმნილი გლობალური პრობლემა ჩვენს ბაზარზე ამ კუთხით, გავლენას ვერ მოახდენს. უნდა ჩავთვალოთ რომ ამ მიმართულებით, არც არაფერი მომხდარა", - განუცხადა ,,რეზონანსს" ივა ჭყონიამ.

ცნობილია, რომ წითელი ზღვის ჩაკეტვის გამო გადაზიდვების მიმართულებაში პრობლემები შეიქმნა. იემენში ჰუსიტების მხრიდან წითელ ზღვაში გემებზე შეიარაღებული თავდასხმები ისრაელსა და "ჰამასს" შორის 2023 წლის ოქტომბერს დაწყებული ომის შემდეგ გახშირდა. შედეგად, ყველა გადამზიდ კომპანიას მოუწია ალტერნატიული მარშრუტზე გადართვა, რაც ზრდის გადაზიდვის დროს და იმავდროულად ფასსაც.

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სამხედრო კონფლიქტის ესკალაციისა და ჰუსიტების ტერორისტული დაჯგუფების მხრიდან მომდინარე საფრთხის ფონზე, საერთაშორისო გადამზიდავმა კომპანიებმა წითელი ზღვიდან გემების გაყვანის და სუეცის არხის ნაცვლად, აფრიკის კონტინენტის შემოვლითი გზის შერჩევის გადაწყვეტილება მიიღეს.

ასეთმა მოცემულობამ გადაზიდვა გააძვირა. როგორც სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა ცაგარეიშვილმა განაცხადა, სხვაობა 20-25%-ია და ეს გავლენას მოახდენს საქართველოზეც.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×