„ეს საცობების პრობლემას ვერ აღმოფხვრის, მაგრამ შეძლებისდაგვარად გააუმჯობესებს სიტუაციას, ამის გამო მაინც აღარ იქნება ქუჩები გაუვალი"
გვანცა წულაია
16.01.2024

ავტოსაგზაო შემთხვევების დროს მძღოლებს შესაძლოა, ავტომობილის გადაადგილების უფლება მიეცეთ. შესაბამის ცვლილებაზე შინაგან საქმეთა სამინიტრო და თბილისის მერია ერთობლივად მუშაობენ. სფეროს სპეციალისტები ცვლილების მომხრენი არიან და როგორც აცხადებენ, ასეთი მექანიზმის შემოღება ავარიის დროს საცობს აღარ შექმნის.

ახალი კანონის შემოღებაზე საუბარი გასული 2023 წლის ბოლოს დაიწყო. შესაბამისი ცვლილება რომ შესაძლოა მომზადდეს, გასული წლის მიწურულს თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერის მიერ წლიური ანგარიშის წარდგენისას გახდა ცნობილი.

ორგანიზაცია „ჩემი ქალაქის მკლავს” დამფუძნებელი გიორგი ჯაფარიძე ცვლილების შემოღების მომხრეა და აცხადებს, რომ ავარიის გამო საცობი აღარ შეიქმნება, თუ კი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მძღოლს ავტომობილს გადაადგილბის უფლება მიეცემა. ასეთ შემთხვევაში ქუჩა განიტვირთება და ქალაქის დიდი ნაწილი გაუვალი აღარ გახდება.

„ცვლილების შემოღებას მივესალმები, რადგან ხშირ შემთხვევაში მცირედი დაზიანების გამო იქმნება საცობი, რაც შემდგომში ქალაქის პარალიზებას იწვევს, ამიტომ ჩვენთვისაც და მოსახლეობისთვისაც ასეთი ცვლილების დაკანონებას მისაღებია.

უამრავი შემთხვევა გვინახავს, ჩვენს გვერდზეც ბევრი ვიდეო ატვირთულა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ავტომობილს არაფერი არ სჭირდა ან ძალიან მცირედი დაზიანება ჰქონდა, გადაადგილებაც შეიძლებოდა, მაგრამ ასეულობით მანქანა იდგა საცობში პატარა გაურკვევლობის გამო.

რა თქმა უნდა, ეს ცვლილება საცობების პრობლემას ვერ აღმოფხვრის, მაგრამ რეალურად მოგვცემს იმის საშუალებას, რომ შეძლებისდაგვარად გაუმჯობესდეს სიტუაცია და ამის გამო მაინც აღარ იყოს ქუჩები გაუვალი”, - განუცხადა „რეზონანსს” გიორგი ჯაფარიძემ.

გარდა იმისა, რომ გადაადგილების უფლება არ აქვთ მძღოლებს, ასევე დიდი დრო იკარგება სადაზღვეო კომპანიის წარმომადგენლის ადგილზე მისვლაშიც.

როგორც სატრანსპორტო დარგის სფეროს სპეციალისტი, ავტოიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ლაშა დარბაისელი მიიჩნევს, სადაზღვეო კომპანიებმა უნდა გააუმჯობესონ თავიანთი სერვისი.

„რამდენიმე თვის წინ უკანა მხრიდან დამეჯახა ავტომობილი. მძღოლი შემპირდა, რომ ჩემს მანქანას გააკეთებდა, მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ მას უკან მოჰყვებოდა პატრული და კიდევ კარგი შეამჩნია. პატრულმა ოქმი გამოწერა, მაგრამ როდესაც ავტომობილი საპარკინგე ადგილზე გადავიყვანეთ, მან უარი განაცხადა ჩემი მანქანის შეკეთებაზე. ჩვენ რომ შევთანხმებულიყავით და პატრულს მისთვის ჯარიმა არ დაეწერა, საერთოდ არ გამიკეთებდა ავტომობილს, თუმცა გრძელი პროცედურებისგან თავის არიდების მიზნით ნახევარი ხარჯი მაინც მე გავიღე.

თუ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე პირები ერთმანეთში შეთანხმდებიან, მაშინ მისასლმებელია, მაგრამ მაინც კარგი იქნებოდა პატრულის ჩართვა. ჯერ ერთი შემთხვევებისგან თავის არიდების მიზნით.

არა მხოლოდ ჩემი მოსაზრებით, არამედ ყველას გადმოსახედიდან, უკეთესი იქნება, თუ ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე პირი უარს აცხადებს ზარალის ანაზღაურებაზე, გრძელი პროცედურები შემცირდება. ორივე მხარე ამ ბიუროკრატიით და გაურკვევლობებით ზარალდება.

ვფიქრობ, არა საპატრულოს მიმართულებით, არამედ უფრო მეტად სადაზღვეო კომპანიების კუთხით უნდა შეიცვალოს რაიმე. მათ აქტიურად იმუშაონ და გააუმჯობესონ თავიანთი მომსახურება. ავარიის დროს ხშირად უწევთ სადაზღვევო აგენტის ლოდინი - 2-3 საათით, რა დროსაც ქალაქი პარალიზებულია. ავტოექსპერტს, რომელიც ავარიის ადგილზე მიდის, უნდა შეეძლოს უფრო სწრაფად გადაადგილება და სიტუაციის ანალიზი, თუ ვინ არის დამნაშავე.

თუ ისინი თავიანთ სერვის გააუმჯობესებენ, მძღოლებს აღარ მოუწევდათ საცობში საათობით დგომა, თუმცა მომსახურე პერსონალიც ტრანსპორტით გადაადგილდება და მათიც მესმის”, - განუცხადა „რეზონანსს” ლაშა დარბაისელმა.

ცვლილებას დადებითად აფასებს და მიესალმება „გრინლაით კონსალტინგის" დამფუძნებელმა, ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილიც.

„მოქალაქეს დღეს არ აქვს უფლება, რომ საგზაო შემთხვევის ადგილიდან ავტომობილი დაძრან ან შემთხვევის ადგილიდან გადაიყვანონ, სანამ არ მოვა სადაზღვევო აგენტი ან საპატრულო ეკიპაჟი. ამის გამო იმ ქუჩებზე, სადაც გზის ასაქცევი არ არის, პრაქტიკულად, ჩაჭედილ საცობებს ვიღებთ.

ასეთი პრობლემა ნაკლებად დგას, მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებში, რადგან ყველა ავტომობილს უყენია ვიდეორეგისტრატორი, შესაბამისად, საგზაო შემთხვევები უკვე დაფიქსირებულია და ადგილობრივ სამართალდამცავ უწყებებსაც აქვს მათზე წვდომა.

ჩვენთან კი სხვა რეალობაა და შესაბამისად, ცვლილება ამ კუთხით საჭირო და მისასალმებელია”, - აღნიშნა დავით მესხიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×