კონტეინერების ფასი უკვე გაიზარდა და ეს სამომავლოდ ეს საქართველოზეც მოახდენს გავლენას
გვანცა წულაია
11.01.2024

წითელი ზღვის ჩაკეტვის გამო გადაზიდვების მიმართულებაში პრობლემები შეიქმნა. საქმე ისაა, რომ იემენში მოქმედი მეამბოხეების მხრიდან წითელ ზღვაში გემებზე შეიარაღებული თავდასხმები ისრაელსა და `ჰამასს" შორის 2023 წლის ოქტომბერს დაწყებული ომის შემდეგ გახშირდა. შედეგად, ყველა გადამზიდ კომპანიას მოუწია ოპერირების ალტერნატიული მარშრუტებით გაგრძელება, რაც ზრდის გადაზიდვის დროს და იმავდროულად ფასსაც.

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სამხედრო კონფლიქტის ესკალაციისა და ჰუსიტების ტერორისტული დაჯგუფების მხრიდან მომდინარე საფრთხის ფონზე, საერთაშორისო გადამზიდავმა კომპანიებმა წითელი ზღვიდან გემების გაყვანის და სუეცის არხის ნაცვლად, აფრიკის კონტინენტის შემოვლითი გზის არჩევის გადაწყვეტილება მიიღეს.

ასეთმა მოცემულობამ გადაზიდვა გააძვირა. როგორც სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა ცაგარეიშვილმა განაცხადა, სხვაობა 20-25%-ია და ეს გავლენას მოახდებს საქართველოზეც.

"ფაქტია, რომ ამ ყველაფრის შედეგად გაძვირდება საკონტეინერო გადაზიდვები. ეს უკვე ჩანს და ნათელია. საქართველოზეც ექნება გავლენა, ეს იმოქმედებს საკონტეინერო ტვირთების გადაზიდვებზე მთლიანად ფოთისა და ბათუმის ნავსადგურებში. ჩვენთვის ყველაზე მნიშველოვანია და თუ მას დავუმატებთ იმ გარემოებას, რომ ჩვენი ნავსადგურები არის არათუ ევროპაში, არამდ შავი ზღვის აუზში ყველაზე ძვირი პორტები, მაშინ, ბუნებრივია, ეს მეტად დაამძიმეს სიტუაციას.

ამას კიდევ ემატება ის გარემოება, რომ ფოთის ნავსადგურში 30 ლარით გაძვირდა კონტეინერის გადამუშავება. ეს ახალი რეგულირება პატრლამენტმა მიიღო. თითქოს, არაფერი 30 ლარი, მაგრამ გაძვირება იწვევს ჯაჭვურ რეაქციას და ჩვენი მეზობელი სახელმიწფოებიც ანალოგიურ ნაბიჯს გადადგამენ.

როგორც გითხარით, საკონტეინერო გადაზიდვები გაძვირდა, სხვაობა დაახლოებით 20-25%-ია და ასეთ მოცემულებას ექნება უარყოფითი შედეგი.

2023 წელს ფოთის ნავსადგურში სარეკორდოდ მაღალი იყო კონტეინერების გადამუშავება - 620 ათასი შეადგინა და ბოლო 20 წელიწადში ასეთი შედეგი არ ყოფილა. ფოთის ნავსადგურის ხელმძღვანელობა მუშაობს, რომ პორტის ჩრდილოეთ მიმართულება განავითაროს, ახალი საკონტეინერო ტერმინალი ააშენოს. ასეთი გაძვირება კი, შეამცირებს კონტეინერების რაოდენობას და ამ ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელბას გარკვეულწილად შეაფერხებს. ეს არის ყველაზე დასაფიქრებელი მომენტი”, - განუცხადა "რეზონანსს” პაატა ცაგარეიშვილმა და დასძინა, რომ "შესაძლოა, საკონტეინერო გადაზვიდვების გაძვირებამ სხვა პორტებში ნაკლებად მტკინვეულად იმოქმედოს, მაგრამ საქართველოში, ზემოთ ჩამოთვლილი მოცემულობის გამო, შედეგი იქნება უარყოფითი”.

წითელი ზღვის ჩაკეტვა არა მხოლოდ საზღვაო, არამედ საკონტეინერო და საჰაერო გადაზიდვებსაც გააძვირებს. სწორედ ამაზე ისაუბრა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გადამზიდი კომპანიის "ინექს გრუპის” გენერალურმა დირექტორმა გიორგი კაპანაძემაც.

"ჩვენ შედარებიტ ნაკლები რაოდენობის ტვირთები მოგვაქვს ჩინეთიდან და შესაბამისად, პირდაპირი ასახვა არ არის დიდი, თუმცა არსებული სიტუაცია, საერთო სექტორზე, ტვირთბრუნვაზე, ტარიფებზე და დროზე აისახება. გემებს უწევთ საკმაოდ დიდი მანძილის გავლა, რაც ზრდის როგორც ხარჯს, ასევე დროსაც. ეს არ ეხება მხოლოდ საზღვაო გადაზიდვებს, ეს არის ჯაჭვი, როცა ძვირდება საზღვაო გადაზიდვა, ეს მოთხოვნას ზრდის საჰაერო და სხვა საკონტეინერო გადაზიდვებზე და შესაბამისად ფასი იქაც მატულობს.

ეს გლობალური პრობლემაა, რომელიც მხოლოდ გადამზიდავებს კი არა, უამრავ ბიზნესს ეხება. საქართველოში არაერთი ბიზნესი ახორციელებს ჩინეთიდან ექსპორტს და იმპორტსაც" - განუცხადა "რეზონანსს” გიორგი კაპანაძემ.

გადამზიდ კომპანიებში უკვე საუბრობენ, რომ პროპლემა მოცულობითია. როგორც `სოფრამის” დამფუძნებელმა ვახტანგ ალანიამ აღნიშნა, შავი ზღვიდან ჩინეთის მიმართულებით საექსპორტო კონტეინერების გადაზიდვის ფასი 600-900 დოლარით, ხოლო საიმპორტო კონტეინერების 2-2.5-ჯერ გაიზარდა.

"ასახვა უკვე აშკარაა. დღეს ექსპორტის კონტეინერის ფასი 600-900 დოლარით გაიზარდა, იმპორტი კი - 2-2.5-ჯერ. ახლა ჩინეთიდან შავ ზღვამდე 20-ფუტიანი კონტეინერი ღირს 3000 დოლარი და 40-ფუტიანი კონტეინერი ღირს 5 000 ლარი. პანდემიის შემდეგ, რაც ფასები დარეგულირდა, ეს გამოდის მეორე ტალღასავითაა და წნეხში აქცევს ბიზნესს. ტარიფები მკვეთრად არა, თუმცა გაიზრდება. მოსახლეობაც და ბიზნესიც ვიგრძნობთ ამას.

ამის ასახვა თვითღირებულებაზე ერთ თვეში, თვენახევარში მოხდება. 3-4 თვეში კი, სიტუაცია უფრო გართულდება. მწარმოებლებს ჩინეთამდე გადაზიდვა გაუძვირდებათ, რაც ნაკლებ შემოსავლიანობას და მოგებიანობას გამოიწვევს. ეს კი ცხადია, მყისიერად აისახება ეკონომიკაზე. აქამდე ჩინეთიდან ფოთამდე თუ თვენახევარი იყო საკმარისი, დღეს უკვე, სამ თვეზე მეტია საჭირო. უამინდობა, აფრიკის რთული შემოვლითი გზა, ზრდის დროსაც და ხარჯებსა" - განაცხადა ვახტანგ ალანიამ `ბიზნეს მედიასთან” და დასძინა, რომ კონფლიქტის მოგვარების შემდეგ, ფასების ძველ ნიშნულს დაბრუნებისთვის მინიმუმ სამი თვეა საჭიროა.

"რომ წარმოვიდგინოთ, რომ კრიზისი 1 დღეში გადაწყდა, ფასების ძველ ნიშნულთან დაბრუნებას 3 თვე მაინც დასჭირდება. ჩვენ, როცა ვუკვეთავთ გემს ჩინეთიდან ფოთამდე ეს არ კეთდება ერთ დღეში, გრძელი ჯაჭვია”, - დასძინა ვახტანგ ალანიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×