"სახელმწიფო ფერმერებს ეხმარება, რომ მოსავლის ხარისხიანობა გაიზარდოს, რაც წარმატებული ექსპორტის წინაპირობაა"
ქეთო გოგოხია
28.11.2023

ნარინჯისფერი სეზონი საქართველოში წარმატებით მიმდინარეობს. ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, წინა წელთან შედარებით, მოსავალი დაახლოებით 20%-ით მეტია, ქართული ციტრუსი ხარისხითაც გამოირჩევა, რაც ექსპორტთან დაკავშირებით დადებით მოლოდინს ქმნის. სეზონის წარმატებას დიდწილად ხელს უწყობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან გატარებული ღონისძიებები. მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) მანდარინზე სუბსიდია გაიცემა. საწარმოები ჩაიბარებენ მანდარინს როგორც გადამუშავებისთვის, ასევე საექსპორტოდაც. მაქსიმალური ღონისძიებები ტარდება, რომ ციტრუსის წარმოების, ასევე ექსპორტის მიმართულებითაც არანაირი შეფერხება არ იყოს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ ,,რეზონანსთან“ აღნიშნა, ციტრუსის ექსპორტი დაწყებულია და მომდევნო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდება. სექტორი მზად არის, რომ გამოწვევებს გაუმკლავდეს, თუკი რაიმე დაბრკოლება იჩენს თავს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ხარისხის გაუმჯობესებას. ყველა პირობაა იმისთვის, რომ ადგილობრივ ბაზარზე და ექსპორტზეც საჭირო ღონისძიებები წარმატებით გატარდეს.

"დავიწყეთ ახალი სეზონი და ველოდებით კარგ შედეგს, წინა წლის მაჩვენებლები გავაუმჯოებესეთ როგორც ხარისხის კუთხით, ასევე რაოდენობის მხრივაც, რაც ძალიან დადებითი ფაქტორია. მოგეხსენებათ, რომ ციტრუსის მოსავალში 95% მანდარინს უკავია. შარშან არ იყო სახარბიელო მდგომარეობა კლიმატური პირობების გათვალისწინებით. წელს, საბედნიეროდ, ყველა პარამეტრი გაუმჯობესებულია.

შარშან მთლიანობაში 53 ათასი ტონა ციტრუსის მოსავალი მივიღეთ,  წელს ვფიქრობთ, 65 ათას ტონას მიაღწევს. ჯერ ნაადრევია ზუსტი ციფრის დასახელება,  ნარინჯისფერი რთველი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ რა სიტუაციაც არის, ხარისხი და რაოდენობაც დამაკმაყოფილებელია, რაც  აისახება შედეგზეც. ფაქტობრივად, ხარისხი ორჯერ უკეთესია, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ექსპორტზე წარმატების მისაღწევად ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის ციტრუსის ექსპორტი დაწყებულია და ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხითაც გააქტიურებულია მუშაობა და მოლოდინი აქაც დადებითია.

,,ჩვენთვის მთავარია, რომ  ხარისხიანი მანდარინის კრეფა და ექსპორტზე გატანა შესაძლებელი ხდება. უკვე 2000 ტონამდე ციტრუსია ექსპორტირებული, საიდანაც შემოსავალი  850 ათას დოლარს შეადგენს. მთავარ საკითხად რჩება ბაზრის დივერსიფიცირება, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მზად ვართ, გამოწვევას გავუმკლავდეთ.  მართალია,  ექსპორტის დიდი წილი რუსეთში მიიმართება. თუმცა მატულობს სხვა ბაზრებზეც, მაგალითად, სომხეთში. მნიშვნელოვანია, რომ გერმანიაში, ბულგარეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც განხორციელდა გადაზიდვა.

ცხადია, თავისი მოთხოვნა აქვს ევროპის ბაზარს, რა მიმართულებითაც სამუშაოები გვაქვს გასაძლიერებელი. გამომდინარე იქიდან, რომ  სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწმყობი ღონისძიებები მიმდინარეობს, ბაზრების დივერსიფიკაციის შესაძლებლობა რეალურად გვექნება“, - განაცხადა ნასარიძემ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემა იმ მხარდაჭერაზეც ისაუბრა, რასაც მეციტრუსე ფერმერები სახელმწიფოს მხრიდან იღებენ. ამის ფონზე მნიშვნელოვანია ფერმერებმა მოსავლის ხარისხზე გაამახვილონ ყურადღება. წელსაც, ისევე როგორც წინა წლებში, ხარისხიანი ციტრუსის რეალიზაციის პრობლემა არ დამდგარა. შესაბამისად, მთავრობის დახმარება და ყურადღება სწორედ პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ არის მიმართული.

,,მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მანდარინის ახალი ჯიშები დავნერგოთ. ერთ-ერთი გამოწვევა სწორედ ამ საკითხს უკავშირდება. ზოგან ჯიშები მოძველებულია, რაც შეიძლება დაავადებებვის გამომწვევი გახდეს. ამიტომ მანდარინის  წარმოებით ვინც არის დაინტერესებული, სახელმწიფო ეხმარება ნერგების გაშენებით, ასევე  მოვლისა და შეფუთვის საშუალებებით, მარკეტინგული კუთხით, რაც ევროპული ბაზრებისთვის არის მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ ,,რეზონანსთან“.

ამდენად, ფერმერებს ყველა პირობა აქვთ, რომ პროდუქცია დახარისხდეს, დასაწყობდეს და გაიყიდოს. ნაწილი ექსპორტზე გავა და ნაწილიც გადამუშავდება, რათა მისგან შესაბამისი პროდუქცია დამზადდეს. წელს ფერმერების განწყობაც აშკარად დადებითია.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პაატა ქათამაძის თქმით, კრეფა უკვე დაიწყეს და დაახლოებით ათიოდე დღეში დაასრულებენ.

,,ციტრუსს მეწლეობა ახასიათებს, ამიტომ ეს სეზონი უფრო მოსავლიანია, ვიდრე შარშანდელი. მე მოსავალი დაზღვეული მაქვს და სხვებთან შედარებით, მშვიდად ვიყავი, თუმცა ამინდმაც გაამართლა და პრობლემა არ შექმნია. მცირე დანაკარგი ყოველთვის არის, მაგრამ წელს არ იყო იმ დონეზე, რომ დაზღვევის კომპონენტი ჩამერთო.  შარშან 6 ტონამდე  დავკრიფეთ, წელს 1 ტონით მეტი იქნება მოსავალი, რაც ოჯახისთვის უკვე ნორმალური შემოსავალია“, - განაცხადა პაატა ქათამაძემ.

წლევანდელი მოსავლით კმაყოფილია ქობულეთელი რაულ ბოლქვაძეც, რომლის თქმითაც, მოსავლის ნაწილი უკვე ჩაბარებულია და დაახლოებით 1 კვირაში სამეურნეო პროცესს დაასრულებენ.

,,რამდენიმე წლის წინ გავაშენეთ მანდარინის პლანტაცია და ჯერ კიდევ არ გვაქვს მაქსიმალური მოსავალი, თუმცა არც ცოტა ეთქმის. 5 ტონამდე ციტრუსს ველდოები. სრული მსხმოიარობის შემთხვევაში. მომავალ წელს ბევრად მეტ მოსავალს მივიღებთ. კარგად მოვუარეთ მოსავალს, წესების მაქსიმალური დაცვით, რაც ხარისხზეც აისახა. ვსარგებლობ სუბსიდიითაც.

შიში, რომ მანდარინს ვერ ჩავაბარებთ და გაგვიჭირდება, არავის აქვს, ამაში ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება ძალიან გვეხმარება. მუდმივად გვაქვს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია, ყველა საჭირო რეკომენდაცია დროულად მივიღეთ“, - აღნიშნა ,,რეზონანსთან“ ქობულეთელმა ფერმერმა.

წელს, სახელმწიფომ მანდარინის სუბსიდირების ფასი გაზარდა. თუკი ადრე არასტანდარტული მანდარინის ჩაბარების ფასი 20 თეთრი იყო, სადაც 15 თეთრს სახელმწიფო იხდიდა, ხოლო 5 თეთრს - საწარმო, ახლა ეს ფასი 30 თეთრია. სახელმწიფო სუბსიდიის ღირებულება 25 თეთრს შეადგენს, საწარმოს წილი კი - 5 თეთრს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×