ირაკლი ღარიბაშვილი: "საკმაოდ საინტერესო ბიუჯეტია, რომელიც მომდევნო წელს აისახება ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილზე"
ქეთო გოგოხია
27.11.2023

ბიუჯეტი რეკორდულად იზრდება და ბოლო წლების განმავლობაში, ფაქტობრივად, უპრეცენდენტო შემთხვევაა, როცა მოსახლეობის კეთილდღეობისკენ რეალური ნაბიჯები იდგმება ქვეყანაში, რასაც სპეციალისტები ადასტურებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ საბიუჯეტო მაჩვენებლების ზრდა სოციალური და ეკონომიკური ფონის საგრძნობ გაუმჯობესებას გამოიწვევს. ირკვევა, რომ 2024 წლის ბიუჯტი 25 მილიარდს გადააჭარბებს, რაც თავისი მასშტაბით საქართველოს ეკონომიკისთვის უპრეცენდენტო შემთხვევაა.

უკვე მესამე წელია, რაც  მთავრობა დაგეგმილ ბიუჯეტს ცვლის და ზრდის. ეს იმის მიმანიშნებელია, რომ ეკონომიკა კარგად ვითარდება, თუმცა მნიშვნელოვანია რა შედეგებს მოიტანს ეს პოზიტიური ცვლილებები.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე საგანგებოდ განაცხადა, რომ 2024 წლის ბიუჯეტი 165 მილიონი ლარით გაიზრდება. აღნიშნული ზრდა, ძირითადად, რეგიონებში განსახორციელებელ პროექტებისკენ მიიმართება. ამ მატების შედეგად მომდევნო წელს ბიუჯეტის ხარჯების ზომა 25 მილიარდ ლარს მიაღწევს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ჯამში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 130 მილიონი ლარით გაიზრდება და ის 580 მილიონი გახდება.

„ჩვენ დამატებით გამოვყავით 15 მლნ ლარი და ეს თანხა მოხმარდება გურიაში იმ ოჯახების კომპენსაციებისთვის, რომელთა სახლები დაზიანდა სტიქიის დროს. ჩვენ 15 მლნ ლარს წელს ჩავურიცხავთ ამ ადამიანებს, მოხდება სახლების, ბინების შეძენა, არც ერთი ოჯახი არ დარჩება დახმარების გარეშე, ეს მინდა ვთქვა კიდევ ერთხელ მკაფიოდ. დამატებით, 15 მილიონს გამოვყოფთ უკვე 2024 წელს.

ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იქნება 25 მლრდ ლარი, ხოლო ნაერთი ბიუჯეტი 28 მილიარდ 760 მილიონი ლარი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მატება. 2012 წელს ბიუჯეტი იყო 9 მილიარდ ლარამდე, დაახლოებით, 8.6 თუ 8.7, მნიშვნელობა არ აქვს, 9 მილიარდ ლარამდე იყო ბიუჯეტი. აქაც 3-ჯერ არის გაზრდილი და მთლიანი ეკონომიკაც არის გაზრდილი 3-ჯერ.

კიდევ ერთხელ მადლობა ყველა მინისტრს მინდა მადლობა გადავუხადო, ჩვენს პარლამენტს, შესაბამის კომიტეტებს, რომლებმაც ძალიან ინტენსიურად იმუშავეს მთავრობასთან ერთად. ჩვენ ბევრი ინიციატივა მოვისმინეთ მათგანაც, გავცვალეთ აზრები, ძალიან საინტერესო პროცესი გავიარეთ და ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს ფისკალური თვალსაზრისით და ეკონომიკური თვალსაზრისით დაბალანსებული, პროგრამების შინაარსით საკმაოდ საინტერესო ბიუჯეტი, რომელიც მომდევნო წელს აისახება ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილზე და რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ განვითარებასაც“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა კი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ 27 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო პარამეტრებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დოკუმენტი უახლოეს პერიოდში პარლამენტში განსახილველად და დასამტკიცებლად გაიგზავნება .

„მომავალი წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს ზრდას როგორც სოციალური, ისე  ინფრასტრუქტურული მიმართულებით. 2024 წელს იზრდება პენსიები და  სოციალური გასაცემელები. ასევე, მნიშვნელოვანი ზრდა არის განათლების მიმართულებით და, ჯამში, განათლების სექტორს 600 მლნ ლარამდე თანხა ემატება როგორც ცენტრალური, ისე  ადგილობრივი ბიუჯეტების მიმართულებით. ასევე, დაახლოებით, 250 მლნ ლარი დამატებით იქნა გათვალისწინებული თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე. ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებაზე, ჯამში, წელს მიიმართება 6,7 მილიარდი ლარი “, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მინისტრის თქმით, ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრები უცვლელ დონეზე დარჩა.

„ეკონომიკური პარამეტრები პროგნოზირებულია საკმაოდ კონსერვატიულად. ეკონომიკური ზრდა 5,2%-ის ოდენობით. ბიუჯეტის დეფიციტიც უცვლელია და შეადგენს 2,5 პროცენტს, მთავრობის ვალის მაჩვენებელი, დაახლოებით, 38 პროცენტის ფარგლებში იქნება. აღნიშნული პარამეტრებით მშპ-ის საპროგნოზო მაჩვენებელი მომავალ წელს 86 მილიარდი ლარი იქნება, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე დაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 8 500 დოლარს გადააჭარბებს.

2027 წლისთვის პროგნოზირებულია საქართველოს ეკონომიკური ზომა 108 მილიარდ ლარამდე, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 11 ათას დოლარამდეა, რაც მნიშვნელოვანი მატება არის ბოლო წლების განმავლობაში.

რაც შეეხება უშუალოდ ხარჯვით ნაწილს, ხარჯვითი ნაწილი გაიზრდება, დაახლოებით, 165 მლნ ლარით, იმ ვარიანტთან შედარებით, რაც უკვე განხილული იყო მეორე წარდგენაზე.  შედეგად, ნაერთი ბიუჯეტის მოცულობა იქნება 28 მილიარდ 760 მილიონი ლარი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობა გადააჭარბებს 25 მილიარდ ლარს“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

სპეციალისტები ერთხმად ამბობენ, რომ მთავრობას ასეთი უპრეცენდენტო გადაწყვეტილების მიღების საშუალება მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ მისცა და ხაზს უსვამენ იმ მიმართულებებს, რომლებზეც სამომავლოდ განსაკუთრებულად კარგად აისახება. ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის შეფასებით, ბიუჯეტის და ეკონომიკის ასეთი კარგი ზრდა პირდაპირ იმოქმედებს ხელფასებზე და პენსიებზე. ასევე დაფინანსდება სხვადასხვა პროექტები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

,,ველოდებოდით მაღალ ეკონომიკურ ზრდას და ეს პროგნოზი გამართლდა. საშუალება მოგვეცა, დამატებითი თანხები გამოყოფილიყო რამდენიმე მიმართულებაზე და ერთ-ერთი არის განათლების სექტორი. მოგეხსენებათ, ჩვენი პრიორიტეტი ზოგადად  არის გაანთლება და დარგში რეფორმა სწორედ გაზრდილი ფინანსური რესურსით უნდა მოხდეს. ჯამში, მომავალ წლებში განათლების სექტორი უნდა ავიყვანოთ მშპ-ს 6-დან 8%-მდე, რის შესაძლებლობაც უკვე რეალურად გამოჩნდა. ბიზნესს  და ქვეყანასაც სჭირდება უფრო  მაღალკვალიფიციური კადრები.

მეორე მიმართულება ეს არის თავდაცვა და უსაფრთხოება. მოგეხსენებათ, ძალიან გაზრდილია გამოწვევები უსაფრთხოების თვალსაზრისით, აქაც 250 მილიონი არის გათვალისწინებული როგორც თავდაცვაზე, ასევე უსაფრთხოებაზე. ბიუჯეტში ბევრი მიმართულებაა ინფრასტრქუტურაზე, თუ გვინდა, რომ გავხდეთ მრავალფუნქციური ჰაბი, ამის ღერძი სწორედ გამართული ინფრასტრუქტურაა. შუა კარგია, რომ დერეფანში კონკურენტუნარიანობას გავზრდით, მაგრამ მთავრობა ამავე დროს დასაქმების ზრდასაც ხელს უწყობს. მიმდინარე წლის მონაცემით, დასაქმების ზრდაც რეკორდულია, 1350 ადამიანია დასაქმებული, ხოლო უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა", - განაცხადა ეკონომისტმა და დასძინა, რომ ბიუჯეტის ზრდა ასევე წინაპირობაა, რომ ეკონომიკა მომავალი წლების განმავლობაშიც გაიზარდოს, რაც რეალურად მიიღწევა.

,,2027 წელს უკვე ეკონომიკა გაიზრდება 108 მილიარდამდე , რაც საშუალებას მოგვცემს ბიუჯეტი უფრო მეტად გავზარდოთ. ამის წინაპირობა ფაქტობრივად შექმნილია. წლევანდელი ზრდა აისახა როგორც პენსიების ზრდასა და სხვადასხვა სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე, ასევე  საჯარო სექტორში  ხელფასების 10%-იანი ზრდაზე.

გაზრდილი ეკონომიკა და  ინვესტიციები პირველ რიგში ხელს შეუწყობს ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურის დაწყებასაც, ამაზე არის წლევანდელი ბიუჯეტი ორიენტირებული. ყველა წამყვანი მიმართულება არის გაზრდილი, მათ შორის ჯანდაცვა. კოვიდპანდემიამ აჩვენა, რომ ჯანდაცვა მთავარი გამოწვევაა და მნიშვნელოვანია სოციალური პროგრამების დაფინანსება.

ამდენად, ბიუჯეტი უნდა შეფასდეს  არა მხოლოდ ოპტიმისტურად, არამედ ამასთან, ეს არის რეალური მაჩვენებელიც, რაც სამომავლოდ ეკონომიკური ზრდის და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული ", - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან".

ბიუჯეტის ზრდა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რადგან ეკონომიკაზე პოზიტიურად იმოქმედებს. პირველ რიგში, ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ მთელი რიგი მიმართულებები კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდეს. სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება აკადემიკოსმა ავთო სილაგაძემდა ხაზი გაუსვა, რომ ბიუჯეტის ზრდა კარგ შესაძლებლობებს იძლევა საიმისოდ, რომ მოსახლეობა იყოს უფრო კმაყოფილი, ვიდრე წინა წლებში.

,,ეკონომიკური ზრდა შესამჩნევია, ეს თანხა ქვეყანაში იხარჯება. დადებითი გადაწყვეტილებაა, რომ  იზრდება პენსიები, სოციალური გასაცემლები. ასევე სამხედრო მომსახურეებისთვის მატულობს შრომის ანაზღაურება, ხოლო ხელფასების ზრდა საჯარო სტრუქტურებში  10%-ის ფარგლებშია, რაც მნიშვნელოვანია.

დაფინანსება არ იკლებს და დიდი თანხები დაიხარჯება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჯანდაცვაზე, თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე. ასეთი მიდგომა კერძო სექტორსაც აძლევს სტიმულს, რომ გააქიურდნენ და კონკურენციაში არ აღმოჩნდმემ საჯარო სტრუქტურებთან. თვითონაც შეეცდებიან გაზარდონ ანაზღაურება, რომ არ მოხდეს კვალიფიციური კადრების გადინება მოხდება. 

ამდენად ბიუჯეტის პროექტს დადებითად ვაფასებ. სამომავლოდ მან უნდა მოგვცეს კეთილდღეობასთან მაქსიმალურად მიახლოების საშუალება. ეს ასე ადვილად არ მოხდება, მაგრამ სრულიად მიღწევადია", - აღნიშნა ავთო სილაგაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×