წელს მომხმარებლები განსაკუთრებით უკმაყოფილონი დარჩნენ და სავაჭრო ობიექტებში მათი აქტივობა მკვეთრად შემცირდა
რეზონანსი
27.11.2023

,,შავ პარასკევს" წელს შავი დღე დაუდგა. წლევანდელი აქციები აშკარად განსხვავებული აღმოჩნდა. მარკეტინგის მიმართულებით, ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა, როგორც ადრე, ახლაც იგივე ,,აგრესიული" ფორმით და წამახალსიებელი აქციით შეეცადნენ მაღაზიების წარმომადგენლები მომხმარებლების დაინტეერსებას. წინასწარ გამაოცხადეს კიდეც მოსალოდნელი ფასდაკლების შესახებ და საკმაოდ მიმზიდველად წარმოაჩინეს კამპანია, თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგა, ყველაფერი შეიცვალა. რეალურად სავაჭრო ობიექტებში მომხმარებლების ძალიან მცირე ნაკადი მივიდა და მათაც ადგილზე სასურველი ფასდაკლება არ დახვედრიათ.

მაღაზიების იმ ნაწილში კი, სადაც დაკლებული ფასები მეტ-ნაკლებად მისაღები იყო და მარკეტინგულმა კამპანიამაც გაჭრა, თანამშრომლებს მოზღვავებული რიგების მართვა გაუჭირდათ კიდეც, თუმცა მსგავსი შემთხვევაც სულ ორიოდე იყო.

რეალურად "შავი პარასკევის" აქციამ მომხმარებლების მოლოდინი ვერ გაამართლა. ამაზე, ერთი მხრივ აქციების მიმართ უნდობლობამ იმოქმედა, მეორე მხრივ კი, მარკეტინგის სპეციალისტების აზრით, მთავარი მპრობლემა სოციალური ფონია, რის გამოც მოქალაქეები აუცილებელი საჭიროების გარდა, სხვა ტიპის ხარჯს ერიდებიან.

,,ფორმულა კრეატივის" თანადამფუძნებელი ირაკლი საღინაძის შეფასებით, მეორადი მოთხოვნილების საგნების მიმართ მომხმარებელი ინდიფერენტული გახდა, რაც სერიოზული ეკონომიკური და სოციალური პრობლემებით არის გამოწვეული.

,,შავი პარასკევის აქციებზე ეკონომიკური მდგომარეობის ასახვა აშკარად იგრძნობოდა. აგრესიული მარკეტინგში არ არის პრობლემა, შავი პარასკევის პერიოდში იყიდება ისეთი საგნები, როგორიცაა ტექნიკა, ავეჯი, თეთრეული და სხვა, რაც არ არის პირველადი მოხმარების და მათი შეძენა გარკვეულ დანაზოგს მოითხოვს. 

როგორც ჩანს, მოსახლეობა ორიენტირებულია აუცილებელად საჭირო საგნების შეძენაზე, ხოლო  ის, რაც დამატებითი ხარჯია ცხოვრებაში, ამაზე თავს იკავებენ. როგორც ჩანს, არც იყო რეალიზება ისეთი, როგორიც წინა წლებში. ვაჭრობის პროცესში მონაწილეობა არ მიმიღია, ამიტომ ვერ გეტყვით, იყო თუ არა რეალური ფასდაკლება, ამას ვერ დავადასტურებ", - განაცხადა ირაკლი საღინაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან".

სპეციალისტების ნაწილისთვის კი აქციების ფორმა და მარკეტინგული მეთოდებია მიუღებელი, რითაც სავაჭრო ობიექტყების წარმომადგენლები მოხმარებლების მოზიდვას ცდილობდნენ. საამისოდ, ე.წ. ჩანთების შემთხვევაც საკმარისია საკითხის საილუსტრაციოდ.

სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო "ლაივის" დამფუძნებელი, ბრენდის სტრატეგი ალექს ჩიქოვანი, სავაჭრო ქსელებში „შავ პარასკევთან“ დაკავშირებით მიმდინარე აქციას საგანგებოდ გამოეხმაურა.

,,ბრენდი არის განსხვავებული. ამიტომ არ არის აუცილებელი მოიქცეს ისე, როგორც ყველა, თუნდაც ისეთ საყოველთაო შემთხვევაში როგორიც "შავი პარასკევია". ღირებული შეთავაზების ბევრნაირი სხვა ფორმა არსებობს. დიდი ფასდაკლების დროს, ბრენდმა უნდა იზრუნოს ადამიანების კომფორტზე. მოემზადოს იმისთვის რომ:

ა) მათ არ დაჭყლიტონ და დასრისონ ერთმანეთი მათ ობიექტში - საჭიროა რიგის კარგი ორგანიზება, ამ დღეს სამუშაო საათების გაზრდა (მაგრამ თანამშრომლებისთვის შესაბამისი კომპენსაციებით);

ბ) გაუმკლავდეს ადამიანების დიდ ნაკადს და სწრაფად მოემსახურონ მათ;

გ) ონლაინ ყიდვის შემთხვევაში შესაბამისი ორგანიზება - მიტანის, სისტემის  უპრობლემო მუშაობის  და ა.შ.

დ) თუ ფასდაკლება არის საჭირო, ბრენდს შეუძლია ცალკე დღე დააწესოს ამისთვის, აქციოს ის მის ატრიბუტად, მასთან ასოცირებულად და ამით არ გაერიოს იმ "ხმაურში", რაც საყოველთაო დღეებში ხდება, სადაც საკომუნიკაციო გზავნილების ჩაკარგვის მაღალი ალბათობაა.

მოკლედ, უამრავი რამის მოფიქრება შეიძლება ისე, რომ არც ბრენდი დაზარალდეს, არც მომხმარებელს აწყენინონ და მისცენ მათ საშუალება საყიდლებზე წასვლის ადამიანური გამოცდილება მიიღონ.

რაც პირადად ჩემთვის მიუღებელია ეს არის - კართან ადამიანების შეგროვება, მერე ამ კარის გაღება და გავეშებული ხარებივით მათი შევარდნის ორგანიზება. ეს, ჩემი აზრით, დამამცირებელია. კი, ადამიანები თანახმა არიან ერთმანეთის თავებზე იარონ ძალიან იაფი საქონლისთვის, მაგრამ, შენ ასე არ უნდა მოიქცე", - აღნიშნა ჩიქოვანმა.

განსაკუთრებით ტექნიკის მომხმარებლებს არ გაუმართლათ. ისინი, ვინც ,,შავი პარასკევის" აქციებს თვეობით ელოდნენ, ამბობენ, რომ მაღაზიებში უცებ გაძვირებული და შემდეგ უკვე ,,შემცირებული" ფასები დახვდათ, რაც არ იყო რეალური ფასდაკლება.

უკმაყოფილო მომხმარებელი ნინიკო მიროტაძე ,,ბიზნეს-რეზონანსთან" ამბობს, რომ ტელეფონის შეძენა სურდა, მაგრამ ვერ მოახერხა, რადგან აქციით შემოთავაზებული ფასი მისთვის მიუღებელი იყო.

,,ორი თვის წინ დავიჭირე თადარიგი. ,,აიფონ 11"-ის ყიდვა მინდა და მაღაზიაში დამხვდა 1 400 ლარის ფარგლებში. ვიფიქრე, შავი პარასკევის აქციით ვისარგებლებდი და ამ ხელსაყრელ მომენტს ველოდი. ზუსტად 24 ნოემბერს ვეწვიე მაღაზიას, თვალებს არ დავუჯერე, ისევ იგივე ღირებულება ეწერა, გადახაზული იყო ვითომ ძველი ფასი - 1600 ლარი. ჩემი აღშფოთება ვერ დავმალე, სოციალურ გვერდზეც გამოვთქვი უკმაყოფილება, მაგრამ ამაზე რეაგირება არავის მოუხდენია.

ამიტომაა, რომ ხალხი არ ენდობა აქციებს, ჩვეულებრივი შაბათ-კვირისგან არ განსხვავდებოდა ,,შავი პარასკევი". მთელი დღე დავკარგე. ყველა მაღაზიაში, სადაც მივედი სასურველი ნივთის შესაძენად, ანალოგიური სიტუაცია დამხვდა", - თქვა უკლმაყოფილო მომხმარებელმა.

როგორც ირკვევა, ,,შავი პარასკევის" მიმართ ინტერესის კლება მხოლოდ ქართული მოვლენა არ არის და გლობალური მასშტაბითაც მცირდება მომხმარებლების რაოდენობა, რომლებიც აქციით სარგებლობენ. "გუგლის" მონაცემებით, 2020 წლის ნოემბერში „შავი პარასკევის“ მიმართ ინტერესი, 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 30%-ით შემცირდა.

დაღმავალი ტენდენცია 2021 და 2022 წლებშიც შენარჩუნდა. ამ წლების ნოემბერში, "გუგლის" საძიებო სისტემაში „შავი პარასკევის“ მიმართ ინტერესი 2019 წლის პიკიდან 60%-იან (2021) და 53%-იან (2022) მაჩვენებლამდე შემცირდა. წინასწარი მონაცემების თანახმად, კლების ტენდენცია 2023 წელსაც შენარჩუნდება.

ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, მომხმარებლებს „შავი პარასკევის“ მიმართ ქცევის თავისებურება ჩამოუყალიბდათ, რის გამოც საძიებო სისტემებში ფასდაკლებების ძებნა საჭიროებას აღარ წარმოადგენს. არგუმენტს ადასტურებს "ადოუბ ანალიტიკსის" მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, 2022 წელს, მიუხედავად კამპანიის მიმართ ინტერესის შემცირებისა, დანახარჯებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×