„ადამიანი საკუთარ სამშობლოში უნდა დარჩეს, თუნდაც იმის მესამედ ხელფასზე, რასაც ევროპაში გამოიმუშავებს. ამისთვის ხელშემწყობი ღონისძიებებია საჭირო”
გვანცა წულაია
23.11.2023

საქართველოს ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანის ტოვებს. რაც დრო გადის, ქართველი ემიგრანტების რიცხვი იზრდება, რისი ძირითადი მიზეზიც ოჯახის ფინანსური მდგომარეობის გამოსწორებაა. წლებთან ერთად პრობლემა განსაკუთრებით მწვავდება და სხვა ქვეყანაში წასვლაზე სულ უფრო მეტ ადამიანს უჭირავს თვალი.

სტატისტიკაც იმაზე მეტყველებს, რომ დროის გასვლასთან ერთად, ემიგრანტთა რაოდენობა იზრდება. სტატისტიკის დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემებით, 2021 წელს ემიგრანტი 80 351 საქართველოს მოქალაქე გახდა, 2020-ში - 43 349, 2019 წელს - 81 978; 2018 წელს - 76 367 მოქალაქე.

ციფრები აჩვენებს, რომ პრობლემა წლიდან წლამდე იზრდება და რთულდება, თუმცა საინტერესოა ერთი გარემოება, სტატისტიკაში არ არის ასახული უკან დაბრუნებულთა ოდენობა. ასეთ შემთხვევაში სურათი უფრო რეალური იქნებოდა და პრობლემაც ზუსტად დანახული.

მართალია, სალდოს შესახებ სტატისტიკური ცნობები არ ქვეყნდება, მაგრამ, როგორც სოციოლოგი პაატა აროშიძე აცხადებს, ემიგრაციაში 1-2 წლით არავინ მიდის და სხვა ქვეყანში გადაბარგება უფრო დიდ დროზეა გათვლილი.

"პირველ რიგში, როდესაც ადამიანი ტოვებს ქვეყანას და მიდის ემიგრაციაში, ეს ხდება ხანგრძლივი ვადით. წასვლა საკმაოდ დიდ ხანჯებთან არის დაკავშირებული. ემიგრაციაში ყოფნა ფსიქოლოგიურ და მენტალურ ფაქტორებსაც უკავშირდება, ადამიანს ყველანაირად და ყველა მხრივ უწევს მომზადება და ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ უცხოეთში გადაბარგების მსურველი ადამიანი ხანგრძლივვადიანი განშორებისთვის მზად არის. აქ არ იგულისმხმება 1 ან თუნდაც 2-წლიანი განშორება, არამედ მინიმუმ 3 წლით და უფრო დიდ დროითაც კი არის გათვლილი ქვეყნის დატოვება.

ადამიანს არც უღირს გადაიხადოს რამდენიმე ათასი დოლარი, ემიგრაციაში წავიდეს და ერთ წელიწადში უკან დაბრუნდეს. უამრავი მაგალითი არსებობს იმისა, ვინც ემიგრაციაში 20 წლითაც კი მიდის. სტატისტიკა ძალიან ღარიბია ამ მხრივ და ვერ აღრიცხავს უკან დაბრუნებლთა ოდენობას, რადგან უმეტესი მათგანი არალეგალურადაც არის გასული და არც ასეთ მოქალაქეებს უღირთ დროის მცირე მონაკვეთში უკან დაბრუნება”, - განუცხადა "რეზონანსს” პაატა აროშიძემ.

ქართველები ემიგრაციაში, ძირითადად, ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად მიდიან. სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი ჩვენი მოქალაქე არჩენს ოჯახს. პაატა აროშიძის შეფასებით, ყველას უნდა სამშობლოში ცხოვრება, მაგრამ ხალხმა იცის, რომ საზღვარგარეთ უფრო მეტს გამოიმუშავებს და უფრო მეტად დაეხმარება ოჯახს.

"საერთოდ, კარგია, როდესაც სახელმწიფო მის მოქალაქეს ადგილზევე უქნის დასაქმების პირობებს. რომ არა რთული სოციალური მდგომარეობა და ეკონომიკური პირობები, ემიგრაციაში წასვლასა და ოჯახისგან რამდენიმე ათეული წლით დაშორებას არ დათანხმდებიან მოქალაქეები.

ყველა ადამიანს უნდა მის სამშობლოში ცხოვრება, მაგრამ ხალხმა იცის, რომ ემიგრაციაში უფრო მეტს გამოიმუშავებს და უფრო მეტად დაეხმარება ოჯახს. უცხოეთში უმეტესად მიდის ისეთი ადამიანი, ვისაც ვალები აქვს, ვინც აქ ვერ დასაქმდა და ვერც თავი დაიმკვირდა. ასეთი ხალხი კი, თითო ემიგრანტი, არჩენს 3-4 ადამიანს.

ევროპაში, ამერიკაში, ან უნდაც ჩვენს მეზობელ თურქეთში, სადაც უფრო მეტად არიან ქართველები ემიგრირებულები, გაცილები მეტია ანაზღაურება, ვიდრე საქართველოში, მაგრამ მე მაინც იმის მომხრე ვარ, რომ ადამიანი საკუთარ სამშობლოში დარჩეს, თუნდაც იმის მესამედ ხელფასზე, რასაც ევროპაში გამოიმუშავებს. ამისთვის კი სხვადასხვა ხელშემწყობი ღონისძიებებია საჭირო”, - დასძინა აროშიძემ "რეზონანსთან” საუბრისას.

არაოფიციალურ სტატისტიკას თუ ჩავხედავთ პრობლემას იქაც გადავაწყდებით. "პიემსიჯის” კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველო ემიგრაციის ქვეყნად მიიჩნევა.

„2013 წლიდან 2017 წლამდე ემიგრაციული ნაკადი საქართველოდან 6%-ით შემცირდა და მან 85 ათასი ადამიანი შეადგინა. ამ პერიოდში, საშუალოდ, მიგრაციული სალდო 4-7 ათასი იყო.

2018 წლიდან ემიგრაციული ნაკადები გაიზარდა და 2019 წელს 105 ათასს მიაღწია. სხვა ფაქტორებთან ერთად 2018 წლიდან ემიგრაციული ნაკადის ზრდა, შესაძლოა, ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2017 წელს დადებულმა სავიზო ლიბერალიზაციის შეთანხმებამ განაპირობა.

2020 წელს, კორონავირუსის პანდემიისა და მოგზაურობის შეზღუდვების გამო ემიგრაციული ნაკადი 74 ათასამდე შემცირდა, მიგრაციულმა სალდომ კი 16 ათასი შეადგინა, თუმცა 2021 წელს ემიგრაციული ნაკადი 100 ათას ადამიანამდე გაიზარდა და ბოლო ათწლეულში ყველაზე მაღალი უარყოფითი მიგრაციული სალდო დაფიქსირდა (-26 ათასი).

2022 წელს ემიგრაციული ნაკადი კიდევ უფრო გაიზარდა და ბოლო ათწლეულში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, 125 ათას ადამიანს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ მიგრაციული სალდოც მნიშვნელოვნად გაიზარდა - 55 ათას ადამიანამდე. რაც ბოლო ათწლეულში ყველაზე მაღალი დადებითი მაჩვენებელი იყო.

2022 წელს მიგრაციული სალდოს ზრდა რუსეთ-უკრაინის ომმა გამოიწვია. კერძოდ, სხვადასხვა მიზეზის გამო, ბევრმა რუსმა, ბელარუსმა, უკრაინელმა და რუსეთსა და უკრაინაში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ გადაწყვიტა საქართველოში გადმოსვლა.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ გასულ ათწლეულში საშუალო ემიგრაციულმა ნაკადმა 97ათასი შეადგინა, ხოლო მიგრაციულმა სალდომ 300 ადამიანი. თუმცა, თუ გამოვრიცხავთ ფორსმაჟორულ მოვლენებს (კორონავირუსის პანდემიასა და უკრაინაში მიმდინარე ომს), საშუალო მიგრაციული სალდო - 7 ათასია,“- აღნიშნულია კვლევაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×