"პურის ფასი ახლა ისაა, რაც უნდა იყოს და სტაბილურად უნდა შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა"
გვანცა წულაია
23.11.2023

რუსეთი მარცვლეულის ექსპორტზე სატარიფო კვოტას აწესებს, მაგარი ხორბლის გაყიდვას კი საერთოდ კრძალავს. ვარაუდობენ, რომ გადაწყვეტილება საქართველოს ბაზარზე გავლენას არ მოახდენს, რადგანაც ქვეყანა რუსეთიდან რბილი კატეგორიის ხორბალს ყიდულობს. აკრძალვა კი არ ეხება იმ მარცვლეულს, რომელიც პურის წარმოების ინდუსტრიაში გამოიყენება და თან საქართველოში შემოდის.

რუსეთში ძირითადი მარცვლეულის ექსპორტზე კვოტა დაწესდება. საუბარია ხორბალზე, ქერზე, სიმინდზე, ჭვავზე. განსაზღვრული რაოდენობა 24 მლნ ტონაა. გადაწყვეტილება ძალაში 2024 წლის 15 თებერვლიდან 30 ივნისის ჩათვლით იქნება. რაც შეეხება მაგარი ხორბლის ექსპორტის აკრძალვას, იგი პირველი დეკემბრიდან 2024 წლის 31 მაისამდე იმოქმედებს.

2023 წლის ივნისში რუსეთის მთავრობამ დადგენილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, 2024 წლიდან მარცვლეულის ექსპორტის სატარიფო კვოტა ძირითად და დამატებით ნაწილად დაიყოფა. რუსეთი საქართველოსთვის როგორც ხორბილის, ისე ფქვილი ნომერ პირველ ექსპორტიორი ქვეყანაა. შესაბამისად, იქ მიღებული გადაწყვეტიელბა პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნის ბაზარზე, თუმცა ამჯერად სიტუაცია განსხვავებულია, რადგან შეზღუდვა არ არის დაწესეული ისეთი კატეგორიის ხორბალზე, რომელსაც საქართველო მოიხმარს.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ განაცხადი გააკეთა, სადაც აღნიშნულია, რომ არავითარი პრობლემა, ქვეყნის ხორბლით მომარაგების კუთხის, არ არსებობს და სასურსათო უსაფრთხოება სრულად არის დაცული. ამ განცხადების გაკეთებიდან 3 დღის შემდეგ გაირკვა, რომ რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის კუთხით დამატებით ბარიერს ჰქმნის, რაც ადრეც არაერთხელ მომხდარა. როგორც საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა მიიჩნევს, რომ რუსეთში მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს ბაზარზე გავლენას ამჯერად არ მოახდენს.

"დაწესებული აკრძალვები ჩვენ არ შეგვეხება. მაგარი ხორბალი თავისი სპეციფიკით გამოიყენება მაკარონის წარმოებაში. შეზღუდვა არ ეხება რბილ ხორბალს, რომლისგანაც ფქვილი გამოდის და ძირითადად პურის წარმოებაში იყენებენ.

რუსეთში ყოველწლიურად აწესებენ კვოტას, რისი მიზანიც ისაა, რომ ივნისამდე მივიდნენ იმ მარაგით, რომელიც მათ უსაფრთხოებას ხელს არ შეუშლის. თითქმის ყველა ანალიტიკოსი მიუთითებს, რომ კვოტა, რომელიც რუსეთმა გამოაცხადა, გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მათი საექსპორტო გასატანი პოტენციალი შეიძლება იყოს. გასაგებად, რომ ვთქვა, გასაყიდი პროდუქცია ბევრად მეტი აქვთ, ვიდრე კვოტითაა გამოტანილი. აქედან გამომდინარე, აქაც დიდად გამოწვევები არ არის. რაღაც სიმბოლური შეზღუდვაა.

რუსეთი წლის მეორე ნახევარში ყოველთვის აკეთებს ამას. აქ იგულისხმება მარკეტინგული წლის მეორე ნახევარი. ჩვენს დარგში წელი სხვანაირად იანგარიშება, 1-ლი ივნისიდან (ხორბლის მოსავლის აღების დაწყებიდან), შემდეგი წლის 1-ელ ივნისამდე. ეს კვოტა იმიტომ კეთდებას, რომ ახალ მოსავლამდე პრობლემებისა და შეფერხებების გარეშე მივიდნენ, მარაგის მხრივ. ეს გახლავთ მთელი არსი”, - განუცხადა "რეზონანსს” სილაგავამ.

მომავალში რუსეთიდან დამატებით რაიმე შეზღუდვის შემოღების შემთხვევაში საქართველოში ვითარების დასაპირისპირებელი შესაბამისი მექანიზმი უნდა არსებობდეს. მაგალითად, ამჟამად ასეთია ფქვილის იმპორტზე დაწესებული გადასახადი, რამაც ქვეყანაში ხორბლის შემოტანა განაახლა და წისქვილკომბინანტები აამუშავა.

მთავრობის გადაწყვეტილების მიხედვით, 1-ელ მარტამდე საქართველოში 1 ტონა იმპორტირებული ფქვილი 250 ლარით დაიბეგრება. საინტერესოა, მოისხნება თუ არა გადასახადი ვადის ამოწურვის შემდეგ. ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძისთვის ჯერჯერობით გაურკვეველია, დატოვებს თუ არა მთავრობა ძალაში საკუთარ გადაწყვეტილებას, თუმცა, რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერი გაკეთდება პურის ფასის შესანარჩუნებლად.

"პურის ფქვილზე დაწესებული საიმპორტო გადასახადი, რომელიც თავდაპირველად ერთ ტომარაზე იყო 10 ლარი, ახლა გახდა 12.50 ლარი. მისი გაუქმება არ იგეგმება, მარტის ჩათვლით უცვლელად დარჩება, შემდეგ შევხედოთ რა მოხდება. სახელმწიფო ყურადღებითა არის და ისეთ ნაბიჯს არ გადადგამს, რომ ხალხი დაამშიოს. მარაგი სულ არის, როგორც ხორბლის, ისე ფქვილის, რაც გარდამავალია, ხან ემატება, ხან აკლდება. ქართულ ჩაბარებულ ხორბალსაც ურევენ რუსულ ხორბალში და ასე აწარმოებენ ფქვილს.

გასულ წლებთან შედარებით, ბევრად უკეთესი მდგომარეობაა ხორბლისა და ფქვილის მომარაგების მხრივ. პურის ფასი ახლა ისაა, რაც უნდა იყოს და სტაბილურად უნდა შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა.

დღესაც უწყვეტად შემოდის ფქვილი და ხორბალი რუსეთიდან. თავის დროზე იმპორტის გადასახადი იმიტომ დაწესდა, რომ ქართული წისქვიკომბინატები ამუშავებულიყო.

მსოფლიოში ხორბლის ღირებულებამ დაიწია, ამ ეტაპზე ყველგან ასეთი ტენდენციაა. რუსეთს კი იმდენი მოსავალი აქვს, რომ ვერც ახერხებს სრულ რეალიზაციას. მათ თავიანთი ლოგისტიკა აქვთ. კვოტასაც ამ მიზნით აწესებენ. საერთოდ, ჩვენ გვინდა ხარისხიანი და იაფი მარცვლეული, თანაც პური გაიაფდეს, მაგრამ ყველაფერი ერთად ვერ ხერხდება~, - განუცხადა "რეზონანსს” მალხაზ დოლიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×