სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამაში ჩართვაზე ბევრი ბენეფიციარი უარს ამბობს. მიუხედავად იმისა, რომ მათ დახმარება არ შეუწყდებათ, უარის თქმის მიზეზი, ეკონომისტების მოსაზრებით, შეიძლება რამდენიმე იყოს. პირველი ის, რომ სოციალურად დაუცველი ადამიანების ნაწილი არაფორმალურ გარემოშია დასაქმებული და მეორე მიზეზი მთავრობის პროგრამაში გაწერილი დაბალი ანაზღაურებაა.
2023 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საარსებო შემწეობა 650 475 მოქალაქემ მიიღო. მათგან 233 ათასზე მეტი ბავშვია, ამიტომ დასაქმების პროგრამას ეს ოდენობა გამოაკლდა, ისევე, როგორც შშმ პირების კატეგორია. საბოლოოდ, აგვისტოს მონაცემებით, მთავრობის მიერ 2022 წლის პირველი მარტიდან ამუშავებული პროგრამით 43 304 ადამიანი დასაქმდა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამუშაოებში ჩართვის სურვილი ბიზნესის მხრიდანაც გამოითქვა, თუმცა როგორც კერძო სექტორის ნაწილისგან გაირკვა, ბენეფიციართა კატეგორია დასაქმებაზე უარს ამბობს.
ეკონომისტები ფიქრობენ, რომ ამის მიზეზი ჯერ კიდევ ინფორმაციის ნაკლებობაა იმის შესახებ, რომ სოციალურად დაუცველ ადამიანს დასაქმების შემთხვევაში დახმარება არ შეუწყდება. არადა მაშინ, როდესაც მთავრობის პროგრამა ამოქმედდა, ითქვა, რომ დასაქმების შემთხვევაში სოცდაუცველი ოჯახები სახელმწიფოსგან დახმარებას მომდევნო 4 წლის განმავლობაში მიიღებენ და მათი სტატუსი არ გადაიხედება.
ასეთი მოცემულობის ფონზე, შესაძლოა, საქართველოში ევროპული ქვეყნების პრაქტიკა იყოს გადმოღებული. თუკი სოციალურად დაუცველი ადამიანი სამუშაოს მაძიებელთა კატეგორიაში არ დარეგისტრირდება და შემდეგ შეთავაზებებიდან რომელიმე მათგანს არ აირჩევს, სტატუსის შეჩერების საფრთხის წინაშე დადგება.
როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, სოციალურად დაუცველელ ადამიანებს ხისტად ვერ ეტყვიან, რომ მუშაობის პარალელურად სოციალურ დახმარებას აღარ მისცემენ.
„აუცილებელია, გარკვეული ეტაპი გავიაროთ, რათა ეს ხალხი მოვამზადოთ და მივაჩვიოთ იმას, რომ სავალდებულო გახდეს სამუშაოს მაძიებლად დარეგისტრირება, ხოლო შემდეგში დავალდებულება, რომ გარკვეული შეთავაზებიდან რომელიმე აირჩიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კონკრეტულ პირზე დახმარების მოხსნის შესაძლებლობა გაჩნდება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
ეკონომისტები ასეთი მეთოდის შემუშაევბას დადებითად აფასებენ და იმასაც ამბობენ, რომ გადაწყვეტილება მალე უნდა მიიღონ და დროში არ გაიწელოს. ეკონომიტ გივი მომცელიძის აზრით, სწორი და კარგი გამოსავალი იქნება მსგავსი პრაქტიკის საქართველოში გადმოტანა.
"ასეთ მოდელი ბევრ ევროპულ ქვეყანაშია. ვინც არ ითხოვს დასაქმებას, მას არ უხდიან. იქ უმუშევრობისა და დაუსაქმებლობის შემწეობას არ იღებს ადამიანი. ამიტომ პირადად ჩემთვის მისაღებია, უბრალოდ, დროის საკითხია გასარკვევი”, - განუცხადა "რეზონანსს” გივი მომცელიძემ და დასძინა, რომ ბენეფიციარებისგან სამთავრობის პროგრამაზე უარის თქმის სხვადასხვა მიზეზი არსებობს.
"შეიძლება ვიღაცას ოჯახიდან გასვლა არ უღირდეს 300-ლარიანი ანაზღაურების სანაცვლოდ, რადგან ზოგს ურჩევნია ოჯახს მიხედოს. შეიძლება უარის თქმის მიზეზი იყოს ისიც, რომ სოციალურად დაუცველი ადამიანების ნაწილი მუშაობს არაფორმალურად. საერთოდაც, სოციალურად დაუცველს 300 ლარის გამო შეიძლება მაინც არ უღირდეს მუშაობა. სიზარმაცის ამბავიც შეიძლება იყოს, მაგრამ უფრო მეტი თანხა რომ გადაიხადონ, სიზარმაცეც მაშინვე "შემცირდება”, - უთხრა "რეზონანსს” მომცელიძემ.
ეკონომისტი იმასაც ამბობს, რომ შრომისუნარიანი ადამიანისთვის სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭება არასორია.
"შრომისუნარიანი ადამიანების სოციალურად დაუცველთა ბაზაში ჩართვა არასწორად მიმაჩნია. რეალურად უმუშევრებს უხდიან ამ ფულს, მათგან სოციალურად დაუცველი ბევრი სულაც არ არის. ჩვენთან ძალიან მახინჯი ფორმა მიიღო ამ ყველაფერმა.
სოციალურად დაუცველებეს როგორღაც უნდა ავუხსნათ, რომ დასაქმებაზე უფრო მეტად იფიქრონ. სხვანაირად უნდა წახალისდეს ეს ყველაფერი. მაგალითად, ბიზნესს გარკვეული შეღავათი დაუწესდეს თუკი სოციალურად დაუცველ ადამიანს დაასაქმებს. ოღონდ ეს ადამიანები აუცილებლად უნდა გაფორმდნენ და გავიდნენ დახმარების სქემიდან”, - დასძინა მომცელიძემ.
სოციალურად დაუცველი ადამიანების არაფორმალურ მუშაობაზე საუბრობს კიდევ ერთი ეკონომისტი პაატა შეშელიძე და ადასტურებს, რომ დაბალანაზრაურებადი სამსახურის გამო სტატუსის დაკარგვას ყველა გაურბის.
"საქმე მარტივადაა, სოციალური დახმარება გულისხმობს, რომ ბენეფიციარს არ უნდა ჰქონდეს შემოსავალი და მისი ცხოვრების დონე არ უნდა იყოს მაღალი. დღეს ეს ადამიანები არჩევნის წინაშე დგანან, ჰქონდეთ გარანტირებული სოციალური დახმარება, თუ დასაქმდნენ და დაკარგონ ეს სტატუსი.
სოციალურად დაუცველის სტატუსის გამო ოჯახი დაახლოებით 500 ლარს იღებს და პლუს სხვადასხვა სახის შეღავათი აქვთ რიგ მომსახურებაში. დასაქმების შემთხვევაში თუ 800-ლარიანი ხელფასი დაენიშნება, ცხადია, დახმარებაზე და შეღავათებზე უარს არ იტყვიან.
გარდა ამისა, სინამდვილეში, ამ ადამიანების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არალეგალურ ბაზარზე მუშაობს, სადაც გაფორმება არ არის საჭირო. მათ აქვთ შემოსავალი, რომელიც არ არის დეკლარირებული. შეიძლება რეპეტიტორი იყოს ადამიანი ან მომვლელი და ა.შ. აქედან გამომდინარე, რატომ უნდა დაკარგონ დამატებითი შემოსავალი იმის მაგივრად, რომ გაფორმდნენ დაბალანაზღაურებად შემოსავლიან სამსახურში?
საერთოდ, სოციალური დახმარება არ შეიძლება ყველას მიეცეს. ეს არის დახმარება, რომელიც უმწეო მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ენიშნება. ისეთ ადამიანს, ვისაც რაიმე ფიზიკური ნაკლი აქვს, ტრავმა და ამის ვერ მუშაობს, ან ასაკშია და ა.შ. ანუ, იმ ადამიანზეა საუბარი, ვინც არ არის ფიზიკურად შრომისუნარიანი.
დღეს ყველამ იცის, რომ უამრავ შრომისუნარიან ადამიანს ეძლევა შემწეობა, რაც ნონსესია. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი არ ფორმდება სათანადოდ, ინფორმაცია ყალბდება, ჯანმრთელობის მდგომარეობაც ყალბდება და სრულიად შრომისუნარიანი ადამიანი, რომელსაც აქვს არალეგალური სამუშაო, ითვლება სოციალური დახმარების მიმღებად, რაც არასწორია.
აქედან გამომდინარე, მკაცრად უნდა გაიყოს თვითონ ამ დახმარების არსი, მისი ფორმაც და პრინციპიც. ყველაფერს ერთი და იგივე სახელი არ უნდა დაერქვას, რადგან დამაბნეველი და არასწორია. ზედმიწევნით კონკრეტული უნდა იყოს მიდგომა, თუ ვის, რა შემთხვევაში და როგორი პირობით ეხმარები”, - განუცხადა "რეზონანსს” პაატა შეშელიძემ.