"ვინც დასაქმებულია, მათაც ოჯახისგან ფინანსური მხარდაჭერა მაინც სჭირდება"
გვანცა წულაია
28.09.2023

საქართველოში ახალგაზრდების დიდი ნაწილი ისევ ოჯახის ფინანსურ დახმარებაზეა დამოკიდებული. არასახარბიელო რეალობა სპეციალური კვლევითაც დასტურდება. თითქმის ყოველი მეორე ახალგაზრდა მშობლების კმაყოფაზე ცხოვრობს.

ფრიდრიხ ებერტის ფონდმა საქართველოს ახალგაზრდების სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. იგი შეეხო ახალგაზრდების ეკონომიკურ მდგომარეობას, ასევე მათ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ შეხედულებებს. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 14-29 წლის 1200-მა მოქალაქემ, მათგან მხოლოდ 35% აცხადებს, რომ ისინი დასაქმებულები არიან. კითხვაზე თუ ფინანსურად ვინ არჩენს, ახალგაზრდების 46% მიუთითებს, რომ მშობლების კმაყოფაზე ცხოვრობენ, ხოლო გამოკითხულთა 37%-ს საკუთარი შემოსავალი აქვს.

ყოველი ათიდან დაახლოებით ერთი ახალგაზრდა ფინანსურად პარტნიორზეა დამოკიდებული, ხოლო იგივე რაოდენობა ფინანსურ დახმარებას მშობლებისა და/ან ნათესავებისგან იღებს. გამოკითხულთა მცირე ნაწილი იღებს სახელმწიფო დახმარებას (7%) და საოჯახო პენსიას (5%), ხოლო გამოკითხულთა ერთ პროცენტზე ნაკლებისთვის შემოსავლის წყარო უძრავი ქონების გაქირავებით მიღებული შემოსავალი, გრანტი ან სტუდენტური სესხია.

ეკონომისტები ფიქრობენ, რომ ასეთი მოცემულობა, ერთი მხრივ, შეუსაბამო ანაზღაურების ბრალიცაა, სწორედ ამიტომ გაზრდილია მიგრაციის მაჩვენებელიც.

სტატისტიკოსი გივი მომცელიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ახალგაზრდების დასაქმების მიმართულებით არსებული ვითარება რთულია და მათაც, ვინც დასაქმებულია, ოჯახისგან ფინანსური მხარდაჭერას მაინც სჭირდება.

"კვლევაში ჩანს, რომ ახალგაზრდები, ძირითადად, მშობლებზე არიან დამოკიდებულნი, რაც არ არის კარგი მოცემულობა. ასეთი ვითარება იმის გამოა შექმნილი, რომ ერთი მხრივ, საკმარისი სამუშაო ადგილი არ არის ქვეყანაში და მეორე მხრივ, ანაზღაურებაც დაბალია. არ გვაქვს კარგი სიტუაცია და ეს პრობლემა ათწლეულია გრძელდება.

ხელფასის სიმცირე ძალიან დიდი პრობლემაა, ამიტომაც გაიზარდა, მიგრაცია ბოლო პერიოდში. საქართველოდან, ძირითადად, ახალგაზრდები მიდიან. ის ნაწილი, ვისაც აქაური შემოსავალი არ აწყობთ, ამიტომ მიდიან ქვეყნიდან და სხვაგან ეძებენ სამუშაოს. ეს მოცემულობა არ არის კარგი.

ვინც დასაქმებულია, მათაც ოჯახისგან ფინანსური მხარდაჭერა მაინც სჭირდება. ვერ ვიტყვით, რომ დღეს ახალგაზრდებს დამოუკიდებლად შეუძლიათ საკუთარი თავის შენახვა”, - განუცხადა "რეზონანსს” მომცელიძემ და დასძინა, რომ "საქართველოში ზოგადად დაბალი შემოსავლებია და ამის წინაშე მხოლოდ ახალგაზრდები არ დგანან.

საქართველოში ახალგაზრდების დასაქმება მწვავე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემაა და 21-ე საუკუნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს. როგორც აკადემიკოსი ავთო სილაგაძემ აღნიშნა, ახალგაზრდების დიდი ნაწილი სწავლის დასრულების შემდეგ ქვეყნიდან წასვლაზე და უცხოეთში დასაქმებაზე ფიქრობს, რაც ძალიან ყურადსაღები პრობლემაა.

"თუ ახალგაზრდულ ასაკად 30 და ცოტა მეტ წელსაც ჩავთვლით, მაშინ შეგვიძლია ვთქვთ, რომ მნიშვნელობანი ნაწილია დასაქმებული, მაგრამ თუ 25-წლამდე ადამიანებზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში დასაქმებული უფრო ნაკლებია, რადგან ბევრი მათგანი სწავლობს.

თავისთავად ცხადია, რომ ახალგაზრების დიდ ნაწილს მშობლების დახმარება სჭირდება. ზოგიერთები საერთოდაც ოჯახის დახმარების ხარჯზე არსებობენ, თუმცა გარკვეული ნაწილი დასაქმებულია. აქვე უნდა იღქვას, რომ უმრავლესი მათგანის ანაზღაურება ისეთი არ არის, რომ გამომუშავებული თანხით თავის რჩენასთან ერთად, მაგალითად, სწავლის საფასურის გადახდა შეძლონ, ამიტომ, ბუნებრივია, მშობლებზე ფინანსური დამოკიდებულება არსებობს.

არის ისეთი მძიმე მოცემულობაც, როდესაც მშობლებიც არ არინ დასაქმებულები. ასეთ მდგომარეობაში ათი ათასობით ახალგაზრდაა, ამიტომ ბუნებრივია მათი ნაწილი ქვეყნიდან მიდის და უცხოეთში საქმდება. ახალგაზრდებს, სწავლის დასრულების შემდეგ, როგორც საშუალება მიეცემათ, ფიქრობენ, ქვეყნიდან წავიდნენ. ეს ძალიან ყურადსაღები პრობლემაა”, - დასძინა "რეზონანსთან” საუბრისას ავთო სილაგაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×