არათუ ეგვიპტესა და თუექეთში, არამედ საბერძნეთს და ბულგარეთში დასვენებაც კი უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში
ქეთო გოგოხია
25.09.2023

საქართველოში მსყიდველუნარიანი ტურისტების დიდი სიმცირეა. ტენდენციაზე სექტორის წარმომადგენლები დაუფარავად საუბრობენ, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მომსახურების მაღალი ტარიფია, რაც ხშირ შემთხვევაში ტურისტული სერვისის ხარისხთან შეუსაბამოა. ტარიფები კი იმდენად მაღალია, რომ ადგილობრივი დამსვენებლები მშობლიურ კურორტებს უკვე ქვეყნის გარეთ დასვენებას არჩევენ, მათ შორის უკვე საბერძნეთსა და ბულგარეთშიც კი. რაც შეეხება ეგვიპტესა და თურქეთს, ტარიფები ამ ქვეყნებში გაცილებით იაფია, ვიდრე საქართველოში.

საუბარი არ არის მხოლოდ სასტუმროებისა და რესტორნების ხარჯზე, ძვირია აბსოლუტურად ყველა ტურისტულის სერვისი, მათ შორის, გასართობი სივრცეები, ნაკრძალები  და სხვა, რაც მოთხოვნაზე უარყოფითად მოქმედებს.

ის, რომ პრობლემა საკმაოდ მასშტაბურია, რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძეც ადასტურებს. 2022 წელთან შედარებით, ქვეყანაში  შემცირებულია მხარჯველუნარიანი ტურისტების რაოდენობა:

„სტატისტიკის თანახმად პირველ ადგილზე რაოდენობრივად რუსი ტურისტია, შემდეგ მოდის სომხეთი, თურქეთი და შემდეგ არის ევროპის ქვეყნები.  2022 წელს ტურისტების ხარჯვითი ნაწილი გაზრდილი იყო სხვა წლებთან შედარებით. ამ ფაქტორის განმსაზღვრელი იყო დასავლეთ ქვეყნების ტურისტი. მსყიდველუნარიანმა ტურისტმა მოიმატა ე.წ. ზურგჩანთიან ტურისტთან შედარებით, 2023 წელს კი სიტუაცია საპირისპიროდ შებრუნდა,“ - აღნიშნა ბურჯანაძემ ,,კომერსანტთან" საუბრისას.

მან ჰორეკა სექტორში ევროპული სტანდარტების დანერგვაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ხარისხის გაუმჯობესებაზე და სტანდარტების დაკმაყოფილებაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. ამაში იგულისხმება კვალიფიციური კადრების მომზადებაც, რისთვისაც სექტორი სახელმწიფოსთან აქტიურად თანამშრომლობს და მონაწილეობს დარგობრივი უნარების ორგანიზაციის ჩამოყალიბებაში, რომელმაც უნდა შექმნას პროფესიული სასწავლებლების პლატფორმა და მოიზიდოს ამ სფეროში დასაქმების მსურველი ადამიანები.

,,ბიზნესი თვითონ მისცემს მიმართულებას, თუ რა მოთხოვნა აქვს დღეს ბაზარს და შესაბამისად გაიზრდება იმ ადამიანების შესაძლებლობები, რომელთაც ამ სფეროში დასაქმების სურვილი აქვთ. კვალიფიციური ადამიანები მაღალანაზღაურებად კადრებად იქცევიან,“- განაცხადა რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა.

ის, რომ საქართველოში მხარჯველუნარიანი ტურისტი იშვიათობაა, სპეციალისტებიც ადასტურებენ. პროფესორ ნიკა კვარაცხელიას თქმით, თუ ვინმე ფულს ხარჯავს საქართველოში, ძირითადად, აზარტულ თამაშებში. მსგავსი პრობლემა მხოლოდ საქართველოსთის არ არის დამახასიათებელი და ანალოგიური გამოწვევის წინაშე მსოფლიოს ბევრი ქვეყანაა.

,,მნიშვნელოვანია, სწორად გავიგოთ,  რომელია მხარჯველი  და არამხარჯველი ტურისტი. ვიზიტორი, რომელიც შედის 4 და 5-ვარსკვლავიან სასტუმროში, უკვე მხარჯველია. თუნდაც რომ მეტი არ დახარჯოს, 300-400 დოლარს მარტო დღიური საცხოვრებლისთვის იხდის. აქ არის გასათვალისწინებელი სათამაშო ბიზნესის ფორმაც. სასტუმროებში განთავსებული კაზინოები მუშაობენ აქტიურად, რაც ტურისტს ასევე აინტერესებს.

არ არის მარტივი, რომ ქვეყანამ მხარჯველი ტურისტი მოიზიდოს, საბერძნეთიც კი, რომელიც ჩვენთან შედარებით, განვითარებული ქვეყანაა, ამ მხრივ პრობლემას აწყდება", - განაცხადა კვარაცხელიამ და დასძინა, რომ ვერ გაიზიარებს ბოლოდროინდელ მოსაზრებას, თითქოს რუსები ნაკლებ ფულს ხარჯავენ საქართველოში.

,,ვინმე თუ ფიქრობს, რომ საქართველოში რუსები ნაკლებ ფულს ხარჯავენ, ასე ნამდვილად არ არის. ტაჯიკეთიც კი, რომელიც პატარა ქვეყანა, ყოველწლიურად 1,2 მილიონ რუს ტურისტს მასპინძლობს. თვითონ ამერიკელების რაოდენობა რამდენია და რამდენს ხარჯავენ დღეში, ესეც არის მნიშვნელოვანი. ერთი ამერიკელი გვირჩევნია ერთ რუსს, მაგრამ ისინი არ ჩამოდიან, ხოლო ერთი ტურისტის ხარჯს არ შეუძლია დიდი მოგების მოტანა, სარგებელი მოაქვს მხოლოდ დიდი რაოდენობის ხალხს. ამ თვალსაზრისით, მართალია, საემიროები ბევრს ხარჯავენ, მაგრამ მათ გართობის და მოგზაურობის სხვა ინტერესები აქვთ.

ებრაელებიც კი, მიუხედავად, რომ მდიდარი ხალხია, საქართველოში არ ჩამოვლენ, გარდა მოთამაშე ან აქედან წასულებისა, რომლებსაც არც ისე ბევრი ფული აქვთ, მაგრამ უყვართ საქართველო. აქ დიდი პრობლემაა მომსახურების ხარისხი, რომელიც ტარიფს ანკლებად ან თითქმის ვერ პასუხობს და ამ მ იმართულებით სერიოზული მუშაობაა ჩასატარებელი", - აღნიშნა ნიკა კვარაცხელიამ.

მხარჯველუნარიანი ტურისტების სიმცირეზე ისაუბრა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" ტურიზმის სპეციალისტმა მანანა ალადაშვილმა, რომლის შეფასებითაც, სანახაობა არის, მაგრამ მომსახურების დონით ევროპულ სტანდარტთან მკვეთრი ჩამორჩენა გვაქვს.

,,მხარჯველი ტურისტი განსაკუთრებული კატეგორიაა. საქართველო ასეთი მოგზაურებით განებივრებული არ არის. დიდ პრობლემას ქმნის მაღალი ტარიფები, რაც ტურისტულ აქტივობებზე ნეგატიურად აისახება. სასტუმროებში დასვენებისა და კვების ხარჯი არის განსაკუთრებით გაზრდილი, ხოლო ვიზიტორები ვერ იღებენ იმ ხარისხის მომსახურებას, რასაც იხდიან. განსაკუთრებით ეს ეხება კვების ობიექტებს, სადაც ფასები ბოლო 2 წელიწადში 70%-მდე ასწიეს, 25-30%-ის ფარგლებში ტრანსპორტით მომსახურებაც გაძვირდა. გადაადგილება უკვე საკმაოდ ძვირი ჯდება. ამ დროს მომსახურების ხარისხი არაადეკვატურია.

საბოლოოდ ცუდი წრე შეიკრა:ევროპიდან ნაკადები ბოლო პერიოდში მკვეთრად შემცირდა, არ არის ის რაოდენობა, როგორიც უნდა იყოს. ბევრი რამ გვაქვს დასახვეწი, სანახაობა არის, მაგრამ მომსახურების დონე ევროპულს ბევრად ჩამორჩება, ფასებით კი უკვე მათ ვუტოლდებით. ამიტომ, ვისაც ფული აქვს, სხვა ქვეყანაში მიდის. მაღალი ფასის გამო საქართველოში დასვენების ალტერნატივა ადგილობრივებისთვისაც კი უცხოური ქვეყნები გახდა, ევროპის მიმართულება ამ მხრივ საკმაოდ გააქტიურებულია", - აღნიშნა ალადაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×