რევაზ არველაძე: „ძალიან კარგია, როცა ქვეყანას ჭარბი ელექტრო ენერგია აქვს და შეუძლია მისი ექსპორტზე გატანა"
თიკა სიბოშვილი
29.08.2023

საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტს სულ უფრო მეტად ზრდის. ზაფხულის თვეების სტატისტიკა ძალიან კარგად გამოიყურება, რა პერიოდშიც იმპორტი თითქმის განულებულია, ხოლო ექსპორტი ბოლო წლების პიკზეა. საინტერესოა, როდემდე გაგრძელდება დადებითი პროცესი და რისი მომტანი იქნება ქვეყნის ენერგეტიკისა და ეკომონიკისთვის.

საქართველომ, წინა წლებისგან განსხვავებით, 2023 წელს ელექტროენერგიის გაყიდვა შედარებით ადრე - აპრილში დაიწყო. მიმდინარე წლის 7 თვეში ქვეყანამ რეკორდული მოცულობის ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. არსებული მაჩვენებელი თითქმის 24%-ით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდზე.

იანვარ-ივლისში ჯამში 1 140.7 მლნ კვტ.სთ-ის მოცულობის ელექტროენერგია გაყიდა ქვეყანამ, მაშინ როცა 2022 წელს (წლიურად) ეს მაჩვენებელი 971.1 მლნ კვტ.სთ იყო.

2023 წლის იანვარ-ივლისში ელექტროენერგიის ექსპორტიდან ქვეყანამ 80.1 მლნ დოლარი მიიღო, რაც თითქმის 24%-ით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდზე. აქედან 71 მლნ დოლარამდე ღირებულების ელექტროენერგია საქართველომ თურქეთში გაყიდა, ანუ 10 მლნ დოლარით მეტი 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ჯამში საქართველოდან თურქეთში 975,91 მლნ კვტსთ-ის მოცულობის ელექტროენერგიაა ექსპორტირებული, რაც მთლიანი ექსპორტის 85%-ს შეადგენს.

ასევე 5 მლნ დოლარამდე გაზარდა საქართველომ აზერბაიჯანში ელექტროენერგიის ექსპორტისგან მიღებული შემოსავალი. აზერბაიჯანში ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა 86,16 მლნ კვტსთ შეადგენს.

აშკარაა, რომ ამ ეტაპისთვის ქვეყანას სარგებლის მირების კარგი შესაძლებლობა აქვს. როგორც ენერგეტიკოსი ანზორ ჭითანავა აღნიშნავს წლევანდელი წელი ჰიდროლოგიურად ძალიან კარგი იყო, თუმცა აღსანიშნავია, რომ ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად ენერგიის გამომუშავებაც იკლებს, ამიტომაც არსებული პროცესები არც თუ ისე დიდხანს გაგრძელდება.

„ელექტრო ენერგიის ექსპორტის ზრდა საქართველოდან განაპირობა იმან, რომ წელს ჰიდროლოგიურად კარგი წელი იყო, ხოლო მოდინება საშუალოზე უფრო მაღალი. ჰიდროელექტრო სადგურებმა წყალუხვობის პერიოდში გამოიმუშავეს ის, რაც უნდა გამოემუშავებინათ ამ პერიოდისათვის.

ჰიდროენერგეტიკაში არის წყალუხვობის, წყალმცირობის და კატასტროფული ხარჯების პერიოდი. ჩვენ მოვხვდით წყალუხვობის პერიოდში, სადაც გამომუშავება იზრდება და ეს არის ძირითადი მიზეზი, რამაც დადებითად იმოქმედა გამომუშავების ზრდაზე.

ვფიქრობ, რომ ეს პროცესები დიდი ხანი აღარ გაგრძელდება, რადგან ახლა დაიწყება ტემპერატურული რეჟიმების ცვალებადობა, როგორც მაღალმთიან ზონებში, ასევე დაბლობებშიც დაიწევს ტემპერატურა, რის გამოც დნობის და წყლის ნაკადების წარმოშობის პროცესები შემცირდება და შემოდგომა, ზამთრისთვის მინიმუმზე ჩამოვა", - აღნიშნა „რეზონანსთან" საუბრისას ანზორ ჭითანავამ.

ელექტროენერგიის ასეთი რაოდენობის ექსპორტი საქართველოდან აქამდე არ განხორციელებულა. ქვეყნისთვის ეს შანსია, რომ სფეროში პოზიციები გაიმყაროს და ეკონომიკური თვალსაზრისითაც სარგებელი მიიღოს. უკვე არსებული შედეგები კი საქართველოსთვის ძალიან კარგია.

ენერგეტიკოს რევაზ არველაძის თქმით, მნიშვნელოვანია ჰესების მშენებლობა, რათა არსებული სტაბილურობა უფრო დიდხანს გაგრძელდეს.

„ძალიან კარგია, როცა ქვეყანას ჭარბი ელექტროენერგია აქვს და შეუძლია მისი ექსპორტზე გატანა. გაზრდილი ექსპორტი და ელექტროენერგიის მიღება, ძირითადად განპირობებულია იმით, რომ ჰიდროელექტრო სადგურებზე გამომუშავება გაიზარდა, თუმცა რამდენად გაგრძელდება ეს, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი ჰიდროლოგია გვექნება.

სამწუხაროა, რომ საქართველოში არ მიმდინარეობს ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობა. მომავალში, თუ ეკონომიკა სწრაფი ტემპით გაიზრდება და ელექტროენერგია დიდი რაოდენობით დაგვჭირდება, ექსპორტი კი არ მოიმატებს, პირიქით შემციერდება კიდეც.

იმას არ ვამბობ, რომ საფრთხისშემცველ ადგილებზე უნდა მოხდეს ჰესების მშენებლობა, მაგრამ იქ სადაც, ნორმები დაცულია, ეკონომიკურად და ეკოლოგიურად გამართლებულია, ტექნიკურად კი შესაძლებელია, უნდა აშენდეს კიდეც, ასეთი ადგილები კი, საქართველოში ბევრია", - განუცხადა რევაზ არველაძემ „რეზონანსს".

„გალტ ენდ თაგარტის" პროგნოზით, ადგილობრივი მოთხოვნის კლების ტენდენციისა და თურქეთის ბაზარზე გაზრდილი ფასების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ექსპორტი სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება, თბოსადგურების გენერაციის მხარდაჭერით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×