ამერიკასა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების საკითხი უკვე წლებია დღის წესრიგში დგას, თუმცა ხელშესახები შედეგი არც ერთ ეტაპზე არ დამდგარა. ბიზნესი ამბობს, რომ კერძო სექტორი აშშ-ს მიმართულებით ფრენების დასაწყებად მზად არის, სახელმწიფო კი - არა.
საკითხი კიდევ ერთხელ აქტუალური საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცახდების შემდეგ გახდა. როგორ დეგნანმა მის ბოლო პრესკომფერენციაზე თქვა, საელჩო აქტიურად მუშაობს, რომ აშშ-ს და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები დაინიშნოს და პროგრესიც შეიმჩნევა.
„პროგრესია პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით. ამაზე მუშაობა იყო კორონავირუსამდე. მოგეხსენებათ, რომ პანდემიის დროს ავიაკომპანიების და ავიამიმოსვლის ინდუსტრია შეიცვალა, სრულად მოდელი შეიცვალა და მოგვიწია დასაწყისში დაბრუნება, მოგვეძებნა ის ავიაკომპანია, რომელიც დაინტერესებული იქნებოდა და ამ მიმართულებით რეგულარულ ოპერაციებს წამოიწყებდა. ვმუშაობთ კვლავ. ვისაც უფრენია აშშ-ში, დაადასტურებს, რამდენად კარგი იქნებოდა პირდაპირი ფრენა ამერიკასა და საქართველოს შორის", - განაცხადა კელი დეგნანმა რამდენიმე დღის წინ.
ავიასექტორში ამერიკის შეერთებულ შტატებთან პირდაპირი ფრენების დაწყების დიდი სურვილია. ბიზნესი ყველანაირი გადაწყობისთვის მზად არის, მაგრამ სასურველი შედეგი წლების განმავლობაში არ იქნა მიღებული.
ამ გზაზე, ერთ-ერთი პირველი „ეარ ჯორჯიას" დამფუძნებელი, გიორგი კოდუა იყო. ავიაკომპანია 2021 წლიდან ცდილობს ტრანსკონტინენტური რეისები თბილისიდან შეასრულოს, თუმცა, მისი თქმით, ყველა ეტაპზე შეფერხების მიზეზი ბიუროკრატია ხდებოდა.
კოდუა იმასაც ამბობს, რომ პრობლემად კვლავ სახელმწიფოს ნება რჩება, აშშ-ს და აეროპორტების მხრიდან კი, მზაობა არსებობს.
„სამი ლიცენზიაა საჭირო, რომ თბილისიდან აშშ-ს მიმართულებით ფრენა განხორციელდეს. ერთი ლიცენზია სჭირდება ავიაკომპანიას აშშ-დან Saa-ს ლიცენზია, რომლის აღებაც ჩემთვის პრობლემა არ არის. ამაში საქართველოში ამერიკის საელჩოც მეხმარება და ზუსტად 3-4 თვეა საჭირო. მეორე ლიცენზიაა - აეროპორტის, ამ შემთხვევაში ტავ-ისთვის, სპეციალური უსაფრთხოების ნორმების სტანდარტების ამაღლება, ამას სჭირდება ცალკე გეითი და სტანდარტების ამაღლება, აღჭურვა. აეროპორტების გაერთიანებაც და კერძო კომპანიაც ამისთვის მზაობას გამოთქვამენ. ამ მხრივ მე ძალიან მადლიერი ვარ, რადგან კარგად თანამშრომლობენ. მესამე სერტიფიკატი კი სჭირდება სახელმწიფოს, რათა ადმინისტრირება და კონტროლი განახორციელოს. ამ მხრივ აშშ-ს მხარე ამბობს, რომ გამოგზავნიან ინსტრუქტორს, რომელიც 6 თვეში გადაამზადებს და ასწავლის. სახელმწიფო კი ამბობს, რომ 2 წელი სჭირდებათ მხოლოდ თეორიული ნაწილის სწავლისთვის. არადა, ჩვენ ევროპულ სტანდარტს ისედაც ვახორციელებთ და დიდად არ განსხვავდება ამერიკულისგან. 6-თვიანი შეთავაზებული კურსი სრულად საკმარისი იქნება გადასამზადებლად.
სრულად პოლიტიკურ ნებაზეა ყველაფერი დამოკიდებული. ამბობენ, რომ არ ჰყავთ შესაფერისი კადრები და ვერც აიყვანენ. მე ჩემი მხრივ ვმუშაობ, მაგრამ ვთვლი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ყველამ უნდა მოვითხოვოთ. არ მჯერა, რომ წიგნის კითხვა და თეორიული ნაწილის სწავლა პრობლემაა და ქართველი ინსტრუქტორები და მფრინავები ვერ ისწავლიან. პრაქტიკულ ნაწილში, აეროპორტი მზად არის 2 თვეში მოხდეს ყველა თანხის და აღჭურვილობის მობილიზება", - განუცხადა „რეზონანსს" გიორგი კოდუამ.
ქართულ ავიაკომპანია „ეარ ჯორჯიას" ტრანსკონტინენტალური ფრენები 2021 წლის აგვისტოში უნდა დაეწყო, თუმცა გაურკვეველი ვადით გადაიდო.
საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ძალიან მჭიდროა და ორმხრივი თანამშრომლობის არაერთ სფეროს მოიცავს. საქართველოსთვის ამერიკა მთავარი მოკავშირე და პარტნიორია, თუმცა მრავალწლიანი მუშაობის შედეგად, რეისები მაინც არ ინიშნება, არადა, პირდაპირი ფრენები დამატებითი და მნიშვნელოვანი ხიდი იქნებოდა ორ სახელმწიფოს შორის. აშშ-სა და საქართველოს შორის.
ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ პირდაპირი ფრენების საკითხი ამერიკული მხარის ინიციატივაზე უფროა დამოკიდებული, ვიდრე ქართული მხარის სურვილზე, რომელიც ადრეც იყო და ახლაც არსებობს.
„ფრენების დაწყება ორმხრივი გადაწყვეტილების საკითხია, რადგან ცალმხრივად, მხოლოდ ერთი ქვეყანა, ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას. არამგონია, რომ მთავარი პრობლემა ქართულ მხარეში იყოს, ეს ამერიკული მხარის გადასაწყვეტი უფროა, ისე, როგორც თავისუფალი ვაჭრობის თემა, რომელსაც არ დაადგა საშველი. სამწუხაროდ, მოლაპარაკებაც არ არის დაწყებული.
ფრენები გარკვეულწილად დაკავშირებულია თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმთან და ვიზებთან. აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება რომ არსებობდეს, დამერწმუნეთ, ფრენებიც იქნება ავტომატურ რეჟიმში ამოქმედებული და ვიზების საკითხიც გადაწყდება. როგორც ევროკავშირთან გვაქვს სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობა, დაახლოებით ანალოგიური შეიძლება მოვიყვანოთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებაში.
როგორც ავღნიშნე, ფრენების საკითხი დაკავშირებულია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან და ეს არის არა ქართული მხარის, არამედ პირიქით, აშშ-ს ნაკლებ აქტიურობის შედეგი, ამიტომ საქართველოს ხელისუფლებაზე ისრების გადატანა, არ მიმაჩნია სწორად. თუ ევროპის ქვეყნებთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა და ფრენები, ვერ ვხვდები, ქართული მხარის მხრიდან რა პრობლემა იქნება იგივე გააკეთოს აშშ-სთანაც? ანუ, გამოდის, რომ ქართული სახელმწიფოს პასიურობის ბრალი არ არის.
საქართველოდან ამერიკაში ხალხი სხვადასხვა ბარიარების გავლით მიდის. ძირითადად მექსიკით, რომელიც კოშმარს გავს, რადგან იქ ადამიანები შეიძლება არამხოლოდ დაიჭირონ, არამედ დაიღუპონ კიდეც, ნახევრად ჭაობიანი ტერიტორიის გამო. ეს საკითხი ამერიკული მხარის ინიციატივაზე უფრო არის დამოკიდებული, ვიდრე ქართული მხარის სურვილზე. ქართულ მხარეს სურვილი ჰქონდა და ახლაც აქვს. როდესაც საუბარია სტატეგიულ პატრნიორობაზე და როცა ამერიკელი დიპლომატები აკეთებენ კომენტარებს, ამ თემაზე არავინ არ საუბრობს, ამიტომ ძალიან კარგი იქნება, თუ დისკურია დაიწყება. თავად ამერიკელ დიპლომატებს მოუწევთ პასუხის გაცემა", - განუცხადა „რეზონანსს" გიორგი ცუცქირიძემ.