სოსო არჩვაძე: დამტებითი იმპულსი და ზრდის ტემპი საქართველოს ეკონომიკას გარანტირებული ექნება
გვანცა წულაია
01.08.2023

საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული თანამშრომლობა ღრმავდება. მხარეები უკვე შეთანხმდნენ, რომ ქვეყნები ერთმანეთისთვის მიმზიდველები არიან და პატრნიორობა, როგორც საქართველოს, ისე ჩინეთს წაადგება. ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობები ისედაც მზარდია, თუმცა ბოლო დღეების სიახლე საქართველოსა და ჩინეთს უფრო მეტად დააახლოებს.

ჩინეთისა და საქართველოს მთავრობების ერთობლივი განცხადებით ირკვევა, რომ ჩინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს, მხარეებმა გადაწყვიტეს, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის ხარისხში აიყვანონ. მხარეები იზიარებენ, რომ ორმხრივი თანამშრომლობა ნაყოფიერია სხვადასხვა მიმართულებით, ხოლო საერთაშორისო და რეგიონალური ვითარების ინტენსიური და კომპლექსური განვითარების ფონზე, მხარეები იზიარებენ ვალდებულებას გააფართოონ თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროებში.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრობას, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემასა და საერთო კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარების ხედვას.

„მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი ღირებული თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი ორმხრივია და საშუალებას მოგვცემს, თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები დიდი შემართებით გამოვიყენოთ. ვიმედოვნებ, რომ ჩემი ვიზიტი იქნება ტრამპლინი უფრო ღრმა თანამშრომლობისკენ, გრძელვადიანი მეგობრობის გასაძლიერებლად და ჩვენი ერისთვის ნათელი ხვალინდელი დღის შესაქმნელად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჩინეთის მხრიდან კი ითქვა, რომ სახელმწიფო მზადაა საქართველოსთან ურთიერთობა და თანამშრომლობა ახალ განზომილებაში გადაიყვანოს.

გზავნილები, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტის დროს გაკეთდა, საკამოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამაზე საუბრობენ ეკონომისტები.

ეკონომისტმა სოსო არჩვაძემ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას ქართული დიპლომატიის წარმატება უწოდა და თან იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც პარტნიორული დაინტერესებაა მხარებს შორის.

„ჩინეთი მსოფლიო ნომერი მეორე ეკონომიკაა და თუ მსყიდველობით უნარიანობის ფარგლებით დავთვლით, შეიძლება ითქვას, რომ ნომერ პირველიც კია, ამიტომ ასეთ ქვეყანასთან ნორმალური, სავაჭრო ეკონომიკური და მით უმეტეს, ასეთი მაღალი დონის თანამშრომლობა, არამხოლოდ სასარგებლოა, არამედ პრესტიჟულიცაა.

ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობები აღმავალი გზით მიდის. მართალია, ჯერჯერობით, 13%-ზე ოდნავ მეტი უკავია ჩვენს სავაჭრო ბრუნვაში, თუმცა ეს მზარდი მაჩვენებელია იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს 140-ზე მეტ სახელწიფოსთან აქვს სავაჭრო ურთიერთობები და მათ შორის, ჩინეთი პირველ სამეულში დამკვიდრდა უკვე.

მსოფლიო ფაქტობრივად მრავალპოლურიანი ხდება და ასეთ პირობებში საქართველოს აქვს იმის შანსი, რომ დაამყაროს საკმაოდ სტაბილური ურთიერთობა, შეასრულოს ჰაბის როლი, არამხოლოდ ტვირთების მოძრაობის, არამედ სხვადასხვა ასპექტებშიც. ეს სერიოზული მიღწევაა და ქართული დიპლომატიის ერთგვარი წარმატებაც კი არის.

ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პატრნიორი არის ევროპა. მხოლოდ ევროკავშირის მიხედვით რომ ვისაუბროთ, სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად დაახლოებით 650 მლრდ დოლარს შეადგენს. ტვირთნაკადის უდიდესი ნაწილი მოძრაობდა რუსეთის ტერიტორიი გავლით. ახლა რუსეთი სანქციების ქვეშაა მოქცეული და მათი სატრანსპორტო დერეფნის გამოყენება მიუღებელია, ამიტომ ფაქტიურად თამაშგარე მდგომარეობაში რჩება ჩინური საქონლისათვის და ამის გამო იზრდება დაინტერესება სხვა ალტერნატიული მარშრუტების მიმართ. ერთი გზის და ერთი სარტყელი კონცეფციის მზარდი ფუნქცია საქართველოზეც გადმოდის, ამიტომ ალტერნატიული გზების ძიება ერთ-ერთი პრიორიტეტულია. საქართველოს სატრანსპორტო, სარკინიგზო და საზღვაო ინფრასტრუქტურით არის საინტერესო და პერსპექტიულ მიმართულებას წარმოადგენს. ეს ნიშნავს, რომ დამტებითი იმპულსი და ზრდის ტემპი საქართველოს ეკონომიკას გარანტირებული ექნება", - განაცხადა „რეზონანსთან" სოსო არჩვაძემ.

ყველაფერთან ერთად, ანაკლიის პორტის პროექტი ჩინური კომპანიის შესაძლო ჩართვის გარემოებაც გამოიკვეთა. „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კონსულტაციები ყველასთან გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კი განაცხადა, რომ ჩინურ ინვესტიციებს მიესალმებიან, მათ შორის ანაკლიის პორტშიც, რაზეც ერთგავრი უკმაყოფილება გამოხატა აშშ-ს სახელწიფო დეპარტამენტმა. როგორც მათ განცახდებაში წერია, არაფერი აქვთ საწინააღმდეგო საქართველოში სხვა ქვეყნების, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან ინვესტირების ან ჩართულობის, თუმცა იქვე ნათქვამია, რომ აშშ წლებია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მტკიცე მხარდამჭერია.

საკითხთან დაკავშირებით, სოსო არჩვაძე ამბობს, რომ დაინტერესებული მხარე შესაბამის ნაბიჯს დგამს კიდეც.

„ვინც დაინტერესებულია და ცდილობს, რომ დაინტერესება პრაქტიკაში განახორციელოს, კონკრეტულ შესაბამის ნაბიჯსაც დგავს. საქართველო, პირველ რიგში, გამოდის საკუთარი ეროვნული და სახელმწიფო ინტერესებიდან და შესაბამისად, მისი ეს ნაბიჯი სწორედ ამ ასპექტით უნდა შეფასდეს. სხვათაშორის, განცხადებებში ნათვქამია, რომ ჩინეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სხვა რიგ მიმართულებას, რაც ჩვენთვის მტკივნეული და მოწყვლადი საკითხია. სხვათაშორის, ჩინეთთან ხაზი გაესვა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აუცილებლობას და შესაძლებლობას. ამერიკასთან კი, აღნიშნული მიმართულებით, მიუხედავად ხანგრძლივი მოლაპარაკებისა, საშველი არ ჩანს. გადადგას აშშ-მ ისეთი ნაბიჯები, რითაც ჩინეთის ფსონებს გადაწონის საქართველოს ეკონომიკის წახალისებისა და უფრო მჭიდრო თანამშრომლობაში. ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავება, პოლიტიკურ ჭრილში, საქართველოსთვის არავითარი პრობლემა არ იქნება", - დასძინა სოსო არჩვაძემ „რეზონანსთან".

სხვა მრავალ მიმართულებასთან ერთად, საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადებით ირკვევა, რომ მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას ხელი შეუწყონ ორმხრივ ინვესტიციებსა და ვაჭრობას; მხარეები მოახდენენ თანამშრომლობის სტიმულირებას ტრანსპორტის, კომუნიკაციების, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, შუა დერეფნის განვითარებისა და გაძლიერების, ციფრული ტექნოლოგიების, წარმოების, სარკინიგზო ქსელების განახლებისა და განვითარების, სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის, წყლის რესურსების, გარემოს დაცვის, გაუდაბნოებასთან ბრძოლის, წყლის დემინერალიზაციის, სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების, დასავლეთის სამომხმარებლო ბაზრების მიმართულებით ჩინური პროდუქციის შეუფერხებელი ექსპორტისთვის საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გამოყენების, ტექნოლოგიური მიღწევებისა და ნოუ-ჰაუს გაზიარების, საკადრო რესურსების გადამზადების მიზნით.

ეკონომისტი პაატა ბაირახტარი აცხადებს, რომ არამხოლოდ ჩინეთისთვის, არამედ მთლიანად აზიისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო როლი.

„ჩინეთი უდიდესი ეკონომიკის ქვეყანაა და მათთან თანამშრომლობა ჩვენი ეკონომიკისთვის დადებითი უნდა იყოს, თუმცა ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ შეთანხმებისა და თანამშრობლობის პირობებზე, რომლებიც გაფორმდება. ფაქტი ცალსახად დადებითია, თუმცა ის ბენეფიტები, რომლის მიღებაც განვითარებულ ბაზართან ურთიერთობაში შეუძლია ჩვენს ქვეყანას, დამოკიდებული იქნება იმ შეთანხმების პირობებზე, რომლებიც გაფორმდება,

რაც შეეხება მათი მხრიდან დაინტერესებას, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე, რომელიც დღეს მსოფლიოშია, მით უმეტეს ჩვენს რეგიონში. ამ პროცესების ფონზე საქართველოს სატრანსპორტო და ტრანზიტული როლი ძალიან არის გაზრდილი. საქართველოს აბრეშუმის გზის როლი ერთ-ერთ წინა პლანზეა წამოსული და ისეთი მაღალია, როგორც არასდროს. აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, რომ არამხოლოდ ჩინეთისთვის, არამედ მთლიანად აზიისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო როლი. სატრანსპორტო მიმართულებით საქართველო განიხილება ერთ-ერთ უსაფრთხო და ოპტიმალურ მარშტურად. რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს მიმართულება არ არის, მაგრამ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, დიდი ყურადღება ექცევა თავად ჩინეთის მხრიდან", - განუცხადა „რეზონანსს" პაატა ბაირახტარმა.

საქართველო ერთ-ერთი იშვიათია იმ სახელმწიფოთაგან, რომლებსაც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ჩინეთთანაც და ევროკავშირთანაც. ამ უპირატესობის გამოყენებას სიფრთხილე ნამდვილად ესაჭიროება და თუ კი რაიმე რისკები იქნება გამოკვეთილი, აუცილებლად თავშივე უნდა მიეხედოს და იქნას გათვალისწინებული.

შესაძლო რისკება და სარგებელსა და რისკებზე ბევრი რამის თქმა შეიძლება, თუმცა, იქამდე სანამ განცხადებების და სურვილების გეგმაში მოყვანა დაიწყება, საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობების ანატომია შემდეგნაირია: სტატისტიკის ოფიციალური მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივნისში ჩინეთი 794.8 მლნ აშშ დოლარით სავაჭრო პარტნიორების სიაში მეოთხე ადგილზეა. მას მხოლოდ თურქეთი, რუსეთი და აშშ უსწრებენ. აღსანიშნია, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვაჭრობა 13.9%-ითაა შემცირებული. აქედან ექსპორტი 219.8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და 45%-ითაა შემცირებული, იმპორტი კი 575.1 მლნ აშშ დოლარს აღწევს და 9.9%-ითაა გაზრდილი. უნდა ითქვას ისიც, რომ ჩინეთთან ვაჭრობა თითქმის ყოველწლიურად იზრდება და გასულ წელს ისტორიულ მაქსიმუმს, 1.86 მილიარდ დოლარს მიაღწია.

საქსტატის მონაცემებითვე, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჩინეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სახით 19.9 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა. უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სიაში ჩინეთი მერვე ადგილზეა. რაც შეეხება 2022 წელს, ჩინეთიდან ინვესტიციები ორწლიანი კაპიტალის გადინების პერიოდის შემდეგ აღდგა და 108.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ფულადი გზავნილების კრიტერიუმით ჩინეთი მნიშვნელოვნად არ გამოირჩევა. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკით, 2023 წელს ჩინეთში საქართველოდან უფრო მეტი თანხა გადაირიცხა (1.2 მლნ აშშ დოლარი), ვიდრე გადმოირიცხა (409.5 ათასი აშშ დოლარი). 2022 წელს გადარიცხულმა თანხამ 4.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ჩარიცხულმა 812.4 ათასი აშშ დოლარი.

თუ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით ვიხელმძღვანელებთ, ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველო არც ისე მიმზიდველი ადგილმდებარეობაა. სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის პირველ ორ კვარტალში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების მიხედვით ჩინეთი ტოპ-15-ში არ შედის და ამ პერიოდში საქართველოში 12,659 ვიზიტი განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს რიცხვი დაბალია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან, 3,040 ვიზიტთან შედარებით ზრდა 316.4%-ს შეადგენს, რაც იმედის ნაპერწკალს აჩენს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×