ნიკა შენგელია: ,,ლარს გასაუფასურებელი აბსოლუტურად არაფერი არ ჰქონდა, ამის არანაირი მიზეზი არ არსებობს"
გვანცა წულაია
31.07.2023

ბოლო რამდენიმე თვეა ლარი არასტაბილურობით გამოირჩევა. საგრძნობლი გამყარების ტრენდი მაისის თვეში დაირღვა და მას შემდეგ კურსს მერყეობა ახასიათებს, რაც ბიზნესისთვის პრობლემურია. მერყევი და არასტაბილური ლარი კერძო სექტორს საქმიანობის დაგეგმარებაში ხელს უშლის და თანაც, ასეთ მოცემულობაში, ფასების კლებაზე საუბარიც კი ზედმეტია. მართალია, ღირებულება არც ლარის გამყარების დროს შემცირებულა და მით უმეტეს არც ახლაა მოსალოდნელი.

მაისის თვის შემდეგ ლარი სრულიად მოულოდნელად უფასურდება ხოლმე. ერთი შეხედვით, ბაზარზე რეალური გარემოება არ იკვეთება და ეკონომიკური მაჩვენებლები, რაც ლარს გამყარებაში ეხმარება, თითქმის იგივეა, თუმცა კურსი მაინც მერყეობს.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ლარის კურსმა მოულოდნელი გაუფასურება მაისში დაიწყო. „ბლუმბერგის" სავაჭრო პლატფორმით თუ ვიხელმძღვანელებთ, ვანახავთ, რომ 9 მაისს ერთი ლარი 2.4750 ამერიკული დოლარი ღირდა. მხოლოდ ერთ დღეში, კურსი უკვე 11 პუნქტით გაუფასურდა და 10 მაისს მაჩვენებელი 2.58 ნიშნულამდე დაეცა. 11 მაისს 6-თეთრიანი გამყარება მივიღეთ და კურსი 2.52-ზე ჩამოვიდა, თუმცა შემდეგ 2.63-ზე ავარდა. ასეთი რყევები გაგრძელდარამდენიმე კვირის მანძილზე, თუმცა შემდეგ, გარკვეული სტაბილურობა მივიღეთ და რამდენიმე კვირის მანძილზე, კურსი 2.56-2.59 ლარის ფარგლებში ტრიალებდა.

კიდევ ერთი გაუფასურება უკვე რამდენიმე დღის წინ მივიღეთ. ასევე „ბლუმბერგის" სავაჭრო პლატფორმის მიხედვით, მაგალითად, 23 ივლისს 1 აშშ დოლარი 2.59 ლარი ღირდა, 24 ივლისს - 2.60 ლარი, 25 ივლისს - 2.62 ლარი, 26 ივლისს - 2.63 ლარი, რის შემდეგად დღემდე - კურსი 2.62-იან ნიშნულზეა.

რაც შეეხება ქვეყნის ოფიციალურ კურსს, 23 ივლისს 1 აშშ დოლარი 2.57 ლარი ღირდა, იგივე მოცემულობა იყო 24 ივლისს, 25 და 26 ივლისს - 2.60 ლარი, 27 ივლისს 2.62 ლარი, 28 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით კი - 2.64 ლარი. დღეისთვის კი, 1 აშშ დოლარი - 2.63 ლარის ღირს.

საინტერესოა, რამ გამოიწვი ასეთი მოცემულობა, მაშინ, როდესაც სხვადასხვა ფაქტორები, რაც ლარზე დადებითად მოქმედებს, არ გაუარესებულა.

როგორც საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი, ფინანსისტი ნიკა შენგელია აცახდებს, ქვეყნის ცენტრალური ბანკი კომერციულ ბანკებს ნებას რთავს ფული გააკეთონ, თორემ სხვა მხრივ ლარს გაუფასურების არანაირი მიზეზი არ აქვს.

„ჩვენ გვქონდა გაკეთებული პროგნოზი, რომ აგვისტოს თვის ჩათვლით ლარის კურსი იმერყევებს 2.55-2.65-ს ფარგლებში. ის, არც ახლა ხდება, ნახტომისებური გაუფასურება, კომერციული ბანკების თამაშია, რისი უფლებაც მათ მისცა ქვეყნის ეროვნულმა ბანკმა. ლარს გასაუფასურებელი აბსოლუტურად არაფერი არ ჰქონდა, ამის არანაირი მიზეზი არ არსებობს, რადგან რეზერვები მაქსიმუმზეა, სავალუტო შემოდინებები საკმარისზე მეტია, მაგრამ საქართველოს ეროვნული ბანკი მყისიერად არ მოქმედებს ბაზარზე და სწორედ ამის შედეგია ეს ყველაფერი", - განუცხადა ნიკა შემგელიამ „ბიზნეს რეზონანსს" და დასძინა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი საკმაო რაოდენობის დოლარს იღებს სავალუტო ბაზრიდან, მაგრამ არასდროს არ ერევა მომენტალურად მაშინ, როდესაც პატარა რყევებია, ამიტომ გამოდის, რომ ეროვნულ ბანკს აწყობს ასეთი ცვლილება, რითაც მაქსიმალურად ისარგებლებენ კომერციული ბანკები და დაზარალდებიან მცირე და საშუალო სუბიექტები.

ასეთი არასტაბილური, მოულოდნელი და გაურკვეველი სიტუაცია, ბიზნესისთვის პრობლემურია. კერძო სექტორისთვის გათვლების გაკეთება არასტაბილურ გარემოში საკმაოდ რთულია, არადა ბიზნეისთვის მთავარი სტაბილური გარემოა. ასეთ დროს, არც ფასების შემცირების მოლოდინი უნდა შეიქმნას.

ეკონომისტი მერაბ ჯანიაშვილი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკი ვერანაირ სტაბილურობის განცდას ვერ აძლევს, ვერც მოსახლეობას და ვერც ბიზნესს.

„საერთოდ, ჩვენი მონეტარული პოლიტიკის არასტაბილურობა ძალიან ხშირად აისახება ბიზნესზე და ამიტომ კერძოს სექტორისთვის შეუძლებელია გრძელვადიანი გეგმის შედგენა და განხორციელება, მაგრამ ვერ გეტყვით იმას, რომ ბოლო სამმა თვემ რაიმე განსაკუთრებული არასტაბილურობა გამოიჩინა და ბიზნესი ამის გამო დაპანიკდა. ასე ნამდვილად არ არის, მიმდინარე პერიოდში.

ქვეყანაში კი, ზოგადად, არასტაბილური გარემო ნამდვილად არის. არამხოლოდ მონეტარული პოლიტიკის კუთხით, არამედ სხვა რიგი მიმართულებებითაც. შესაბამისად, რაღაც მხრივ, ბიზნესი შეჩველიც უნდა იყოს ასეთ მოცემულობას, უბრალოდ, ძალიან ცუდია ის ფაქტი, რომ ეროვნული ბანკი, ამხელა ინსტიტუტი, ვერანაირ სტაბილურობის განცდას ვერ აძლევს, ვერც მოსახლეობას და ვერც ბიზნესს. ეს კურსსაც ეხება და ინფლაციას, რაზეც სებ-ია პასუხისმგებელი.

წინა პერიოდს რომ გადავხედოთ, ლარი დიდი სისწრაფით მყარდებოდა და ეს, სავარაუდოდ, ხდებოდა გადმორიცხვებისა და მიგრანტების ხარჯზე. შემდეგ, სებ-მა ჩვენს ისტორიაში ყველაზე დიდი თანხა ამოიღო ბაზრიდან, დოლარი შეისყიდა თითქმის, მილიარდამდე და შესაბამისად, გამყარების ტრენდი შეაჩერა. ალბათ ჩათვალეს, რომ ლარი ზედმეტად სწრაფად მყარდებოდა და ასეთი ნაბიჯი ამის გამო გადადგეს. გამოდის, რომ ლარი მყარდებოდა, თუმცა ეროვნული ბანკი კურსს ამის საშუალებას არ აძლევდა, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გადმორიცხვები შედარებით შემცირდა და სავარაუდოდ, ბაზარზე ამ გარემოებამაც გამოიწვია არასტაბილურობა და მერყეობა.

ჩვენ ბაზარი და ეკონომიკა იმდენად მცირეა, რომ შესაძლოა, 30-40 მილიონიანმა გადმორიცხვამ რყევა გამოიწვიოს. ჩვენთან შეიძლება კურსი ერთ დღეს 2.50 იყოს და მეორე დღეს 2.70, თუნდაც 50 მილიონიანი ინვესტიციის გამო, ან ვალის დაფარვა მოუწიოს ქვეყანას და მაშინ გაუფასურდეს ლარი. შესაბამისად, სამწუხაროდ, ჩვენი ბაზრისთვის მერყეობა უცხო არ არის, რაც არასტაბილურობის შეგრძნებას უფრო ამყარებს. სწორედ ამიტომ საქარველოს მსგავსი ეკონომიკის ქვეყნებში ეროვნული ბანკი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგეს და აქტიურიც უნდა იყოს", - განუცხადა „ბიზნეს რეზონანსს" მერაბ ჯანიაშვილმა.

ისე კი, უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა ინსტიტუტების მიხედვით, 2023 წლის განმავლობაში ლარი გამყარებული დარჩება. „გალტ ენდ თაგარტი" 2023 წელს ლარის საშუალო კურსს, დოლართან მიმართებით 2.55-ს ვარაუდობს. მათი თქმით, ბოლოდროინდელი გაუფასურება ერთჯერად ფაქტორებს უკავშირდება, რადგან სავალუტო შემოდინება რჩება ძლიერი და ტურიზმიდან შემოსავალი მკვეთრად იზრდება.

„თიბისი კაპიტალში" კი ამბობენ, რომ საინვესტიციო ბანკის მოლოდინით, მიმდინარე წელს ლარი დოლართან მიმართებით 2.55-ის ფარგლებში იქნება, 2024 წელს - 2.70-ის, ხოლო 2025 წელს - 2.60-ის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×