გვანცა წულაია
27.07.2023

საქართველო რომ სანქციების გვერდის ავლით არ მოქმედებს ეს არაერთხელ დადასტურდა. ყოველ ჯერზე, როცა ამასთან დაკავშირებით ბრალდება გაისმა, ვერც ერთი მტკიცებულების მოყვანა ვერ მოხერხდა, რადგან ასეთი ფაქტი არ არსებობს. რამდენიმე ხნის წინ საქართველოში ჩამოსულმა სანქციებზე მომუშავე გუნდა თქვა, რომ ხელისუფლება სერიოზულად უდგება საკითხს, რათა ქვეყანა სანქციების გვერდის ავლისთვის არ გამოიყენონ. გუშინ კი იგიევ წარმომადგენლობიდან ითქვა, რომ საქართველოს საბაჟო ორგანოები დგამენ რეალურ ნაბიჯებს, რათა შეზღუდონ იმ საქონლის რუსეთში გადაზიდვა, რასაც ბრძოლის ველზე იყენებენ.

ქართველი ეკონომისტების შეფასებით, ეს ორი განაცხადი დასტურია იმისა, რომ საქართველოში არანაირი `შავი ხვრელები” არსებობს. დრო და დრო ამ საკითხის წამოწევა მხოლოდ ვითარების პოლარიზებას ემსახურება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯიმ ო ბრაიენმა სენატში განაცხადა, რომ გამამხნევებელი სიახლეა, რომ საქართველო დგამს რეალურ ნაბიჯებს, რათა შეზღუდონ აკრძალული საქონლის რუსეთში გადაზიდვა,

„იმედის მომცემია, რომ საქართველოს საბაჟო ორგანოები დგამენ რეალურ ნაბიჯებს, რათა შეზღუდონ იმ საქონლის რუსეთში გადაზიდვა, რასაც ბრძოლის ველზე იყენებენ. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ მათ აქვთ სრული კონტროლი საქართველოს საზღვრებში ტვირთის მოძრაობაზე, იქნება ეს საჰაერო თუ საგზაო საზღვარი. ამისთვის ბევრი დახმარების გაწევა ხდება, მაგრამ ისინი კარგი პარტნიორები არიან. საკითხი ახლა არის ის, რომ მოხდეს წინსვლა და მკაფიო შეფასება იმაზე, თუ რა ხდება საქართველოსა და რუსეთს შორის ახლახან განახლებულ საჰაერო ფრენებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ო ბრაიენმა.

პარალელურად აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც საუბარია საფინანსო სექტორის მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების ხარისხზეც და ხაზგასმულია, რომ საბანკო სფერო საერთაშორისო სანქციებთან სრულ შესაბამისობაში მოქმედებს.

"საქართველო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში საბანკო ანგარიშის გახსნას არ უზღუდავს. რამდენიმე ადგილობრივი ბანკი არის საერთაშორისო საბანკო ჯგუფების შვილობილი კომპანია და ექვემდებარება იმავე რეგულაციას. ეროვნული ბანკი და საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები აშშ-სა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ სანქციებთან სრულ შესაბამისობაში მოქმედებენ. ფინანსური ინსტიტუტების მიერ სანქციების შესრულების სათანადო და ეფექტური მონიტორინგისთვის სებ-მა შექმნა ახალი განყოფილება, რომელიც პასუხისმგებელია ფინანსური ინსტიტუტებისთვის საერთაშორისო სანქციების შესაბამისობის შესახებ შესაბამისი მეთოდოლოგიური გაიდლაინების მომზადებაზე და ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს სანქციების რეჟიმით გათვალისწიებული მოთხოვნების შესრულებაში ეხმარება.

საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად მოწმდება ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე შემოწმების დროს. ეროვნული ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს OFAჩ-თან, OFშI-სთან და ევროკავშირის შესაბამის ორგანოებთან კონკრეტულ საკითხებზე მითითებების მისაღებად და სანქციებთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხების გადასაჭრელად“, - წერია ანგარიშში.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ოპოზიცია გამუდმებით ამბობს, რომ საქართველოში `შავი ხვრელები” არსებობს, მაგრამ ამის არც ერთი მტკიცებულება არ აქვთ, რადგან ასეთი ფაქტი, უბრალოდ, არ არსებობს.

ქართულ ოპოზიციასთან ერთად, საქართველოს მიმართ ბრალის უსაფუძვლოდ წაყენა ხდება უკრაინის ხელისუფლების მხრიდანაც, თუმცა საქართველოს მმართველი ძალისგან ყოველ ჯერზე ითქვა, რომ ქვეყანას ბრალდებებზე პასუხი არ მოეთხოვება, რადგან უკრაინა ომშია.

ქართველი ეკონომისტების აზრით, უსრულიად უსაფუძვლოს ბრალდებებით არც შიდა და არც გარე ურთიერთობები არ უნდა დაზარალდეს. როგორ აკადემიკოსი ავთო სილაგაძე აღნიშნავს, აშშ-ის წარმომადგენლობის პოზიცია, რომ საქართველო რეალურად მოქმედებს, დადებითია ყველა მიმართულებით, თუნდაც ინვესტიციების მხრივ.

"სანქციების საკითხზე მომუშავე ოფიციალური პირის მხრიდან გაკეთებული განცხადება მხოლოდ ინფორმაცია არ არის, არამედ ქვეყნის მნიშვნელოვანწილად შეფასებაა, ამ საკმაოდ რთულ სიტუაციაში. ეს კიდევ ერთხელ დადასტურებაა იმისა, რომ საქართველო მოწოდების სიმაღლეზეა და საერთასორისო სტანდარტებს პასუხობს.

რამდენადაც მახსოვს, ეჭვქვეშაც არ ყოფილა რომელიმე ეპიზოდი, რომ საქართველოს მხრიდან ირღვევოდეს სანქციებით გათვალისწინებული ღონისძიება. ეს უაღრესად სასაიმოვნოა, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ჩვენი მეგობრებისთვის და კეთილმყოფელისათვის, შინ და გარეთ. ასევე მნიშვნელოვანია, ასევე, ინვესტორებისათვის, რომელიც საქართველოში მუშაობენ და ჩვენს ქვეყანასთან უნდათ ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება.

საბოლოო ჯამში, დადებითი სიგნალები, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკის კიდე უფრო მეტად განვითარებას, რომელიც ისედაც სწრაფად ვითარდება და პროგრესი თვალსაჩინოა ყველასათვის”, - განუცხადა "რეზონანსს” ავთო სილაგაძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებას გამოხმაურება მოჰყვა მმართველ გუნდშიც. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის თქმით, ო ბრაიენის პასუხებმა პანიკაში ჩააგდო რადიკალური ოპოზიცია.

"ო ბრაიენმა თქვა, რომ სისტემა მუშაობს მაღალ დონეზე. თანამშრომლობა არის მაღალი დონის და არანაირი რესურსი არ გააჩნია რუსეთს, რომ სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენოს საქართველო. ო ბრაიენის პასუხები არის ზუსტად ის, რამაც პანიკაში ჩააგდო რადიკალური ოპოზიცია და მათი მედიის სერიოზული ნაწილი," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×