მხოლოდ ზედაპირული ლაპარაკი მიდის და დროს წელავენ, რის გამოც მესაკუთრეები დიდი ზარალზე გადიან
გვანცა წულაია
27.07.2023

საპოლიციო გამოსახლების აღდგენა ანდა საკითხის სხვაგვარად მოგვარება ვერაფრით ვერ მოხდა. ბინის მესაკუთრეები დღემდე გაუგებრობაში არიან. მათ  პრობლემები მიგრანტების შემდინებამდეც ჰქონდათ, თუმცა ბოლო 1 წელია საგანგაშო ხასიათი მიიღო. უამრავჯერ ითქვა, რომ საკითხზე მუშაობა მიმდინარებს, თუმცა არანაირი გადაწყვეტიელება არ მიღებულა.

აღსრულების ეროვნულ ბიუროში კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ მუშაობენ ახალ ინიციატივაზე, რომელიც მესაკუთრეებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ფინანსურ ოპერაციებს გაუმარტივებს და სასამართლო პროცესს თავიდან აარიდებს. იდეა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს აღსრულების ეროვნულ ბიუროში სასყიდლიანი ხელშეკრულების, მათ შორის იჯარისა და ქირავნობის ხელშეკრულების რეგისტრაციის შესაძლებლობას მისცემს.

ახალი ინიციატივის თანახმად, მხარეებს შორის გაფორმებული იჯარის და ქირავნობის ხელშეკრულება, მათ უწყებაში დარეგისტრირდება, რაც მესაკუთრეს საშუალებას მისცემს, დამქირავებლის მიერ პირობების დარღვევის შემთხვევაში, მიმართოს აღსრულების ბიუროს და მისგან დაჩქარებული წესით მიიღოს აღსრულების ფურცელი. ეს ნიშნავს, რომ მხარეები წინასწარ თანხმდებიან იმაზე, რომ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, მესაკუთრეს დაჩქარებული წესით აღსრულება შეეძლება.

„ჯერ კიდევ პროექტის სახით არის ეს ინიციატივა წარმოდგენილი. ამ სერვისის მიღების აუცილებელი პირობა არის ორივე მხარის, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალე მხარის თანხმობა, რომ კრედიტორმა ამ მომსახურებით ისარგებლოს. აღნიშნული მომსახურების მიღებით კრედიტორი, რომელიც იქნება მეიჯარე, გამქირავებელი, რომელსაც შელახული აქვს საკუთრების უფლება, ხდება უფლებამოსილი, მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე, მოითხოვოს აღსასრულებელი დოკუმენტის გამოცემა“, -  განაცხადა "ბიზნესპარტნიორთან” აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, ნათია ბიძინაშვილმა.

რაც შეეხება საკითხს, არის თუ არა ეს ინიციატივა ე.წ. საპოლიციო გამოსახლების ნაწილობრივი აღდგენა, აღსრულების ეროვნულ ბიუროში განმარტავენ, რომ ახალ ინციატივას არანაირი კავშირი არ აქვს საპოლიციო გამოსახლებასთან.

სამშენებლო სამართლის სპეციალისტი უჩა ზაქაშვილი აცახდებს, რომ კერძო საკუთრების ხელყოფის აღსაკვეთათ ღონისძიებები დიდი ხნის წინ უნდა მიღებულიყო და აქამდე საკითხი ისევ ჰაერშია გამოკიდებული.

"მნიშვნელოვნია რა შინაარსით მოხდება ამ რეგულაციის მიღება, ანუ ეს იქნება მარტივი ფორმით, საჯარო რეესტრის ანომაწერის აღდგენის საფუძველზე შეძლებს თუ არა მესაკუთრე ბინის მფლობელობაში დაბრუნებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რადგან ეს ტექსტი არ ჩანს, ამიტომ ან ნაწილს ვერ ვაფასებთ. როგორც ჩემთვის ცნობილია, უპირობო გამოსახლების მექანიზმზე არ მუშაობენ, ამიტომ არ ვიცი, შესაძლოა, რეგულაცია, რომელზეც მუშაობენ, საერთოდ არ არის ეფექტური.

რაც შეეხება დროის ფაქტორს, რა თქმა უნდა, კერძო საკუთრების ხელყოფის აღსაკვეთათ ღონისძიებები უნდა ყოფილიყო მიღებული დიდი ხნით ადრე. დაახლოებით 10 წელია, რაც სასამართლოშია გადასული ეს საქმეები და ამდენი წლის განმავლობაში კერძო მესაკუთრის უფლებები ირღვევა, ისინი ვერ იღებენ სარგებელს, ვერ იყენებენ საკუთარ ფართს, პირიქით, ხარჯავენ ფულს, დროს და რესურსს იმისათვის, რომ დაიბრუნონ ის, რაც მათია.

რა თქმა უნდა, ეს ძალიან აქტუალური საკითხია და სწრაფად მოსაგვარებელი პრობლემაა, თუმცა როგორც არაერთხელ ვთქვი, პოლიტიკური ნების ამბავია. რეალურად, ამ საკითხის გადაჭრა რაიმე ტექნიკურ სირთულესთან არ არის დაკავშირებული და დროში გაჭიანურება არის ჩვეულებრივი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისგან თავის შეკავება. არ ვიცი სხვა რა უნდა დავარქვა, რადგან 100-ფურცლიანი კანონის დაწერა ამ საკითხის გადაჭრას არ სჭირდება.

ერთი მუხლი იყო სამოქალაქო კოდექსში, რომელიც ამ საკითხი ძალიან კარგად და ეფექტურად აგვარებდა. მუხლში ეწერა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერით, პოლიცია აღებდა სახლის კარს და გამოჰყავდა დამქირავებელი ბინიდან და მესაკუთრეს მის საკუთრებაში შესვლის საშუალება ეძლეოდა. ახლა ამას მესაკუთრე თუ გააკეთებს, თავად გამოდის დანმაშავე. თუ იძულებით შესახლებული ადამიანის ნების საწინააღმდეგოდ მეპატრონე შევა საკუთარ ბინაში, ის ვარდება პრობლემურ სიტუაციაში, რადგან მოძალადე გამოდის, ახლა ესეა ეს საკითხი რეგულირებული”, - განუცხადა "რეზონანსს” ზაქაშვილმა.

იქამდე სანამ საკითხი მოუგვარებელი რჩება, ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოა, რომელიც უაზროდ იწელება და დიდი ხნის წინ დაწყებული საქმეების ნაწილი, დღემდე განუხილვევია და შესაბამისად, არც გადაწყვეტილებაა გამოტანილი.

ადვოკატი აკაკი ჩარგეიშვილი აცხადებს, რომ სიტუაციამ, დრომ და გარემეობამ შესაძლოა, სტატისტიკა შეცვალოს, თუმცა პრობლემა ძალაში რჩება.

"ეს პრობლემა და კრიზისი არ შექმნილა მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველოში მიგრანტები ჩამოვიდნენ და შემდეგ მესაკუთრეებმა ბინებიდან ვერ გაასახლეს. უბრალოდ, ამ პერიოდში გახმაურდა, რადგან მიგრანტებმა ცუდად ისარგებლეს, თორემ რეალურად, ეს პრობლემა მანამდეც იყო და დღესაც ისევ ძალაშია.

ერთია, რომ სასამართლო განიხილავს და მეორეა, აღსრულების სამსახური რამდენად ახერხებს, შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება უზრუნველყოს. ესეც მეორე პრობლემაა.

გამოსახლება, თავისი შინაარსით, არ გულისხმობს მხოლოდ მოქირავნის გამოსახლებას, არამედ აგრეთვე სავალო ურთიერთობაში მყოფის გამოსახლებასაც ითვალისწინებს, ამიტომ დაგროვებულია, როგორც საიქირავნო, ისე სავალო ურთიერთობები. 

ის, ვინც სხვის ბინაში ქირით შევიდა და შემდეგ აღარ გამოვიდა, ნებისმიერ შემთხვევაში, მან ბინა იქირავა დროებით, ამიტომ მას თავის ქვეყანაში დაბრუნების ვადაც ხომ აქვს? ოდესღაც ხომ უნდა დაბრუნდეს. სასამართლო თუ 3-4 წელი მიმდინარებს, თუმცა ხომ შესაძლებელია, რომ ერთ წელიწადში დაბრუნდეს თავის ქვეყანაში? ან ნაწილში გამოდის, რომ სასამართლოს ეს დავა მოაკლდა, მაგრამ პრობლემა დარჩა, ეს არ გამოკეთდა, თორემ სიტუაციამ, დრომ და გარემეობამ შესაძლოა, სტატისტიკა შეცვალოს, თუმცა არა კანონი”, - განუცხადა "რეზონანსს” აკაკი ჩარგეიშვილმა.

ქვეყანაში საკუთრებიდან საპოლიციო გამოსახლება 2015 წლიდან აღარ არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ პირმა ბინა იქირავა და თანხას ვერ ან არ იხდის, გამქირავებელმა პოლიციის ნაცვლად, სასამართლოს უნდა მიმართოს. სასამართლო პროცესი უმტესად ჭიანურდება და ბინის მესაკუთრე დიდ ზარალზე გადის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×