გიგანტური ჰესი რეაბილიტიციისთვის კიდევ ერთხელ გაჩერდება
გვანცა წულაია
26.07.2023

43 წლის წინ ექსპლუატაციაში შესული ენგურჰესი კიდევ ერთხელ გაჩერდება. მიზეზი დანადგარის რეაბილიტაციაა, რომელიც 3-წლიანი ვადით განისაზღვრა. შესაბამისი განაცხადი ფინანსთა სამინტროში უკვე შესულია და რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპი 35 მლნ ევროდაა შეფასებული. საინტერესოა, რაც მოიცავს ფინალური ფაზა და რა იქნება რეაბილიტაციის შემდეგ.

მიმდინარე ეტაპზე ფრანგული კომპანია კაშხლის მდგომარეობას აფასებს. `ენგურჰესის” დირექტორთა საბჭოს ხელძღვანელის ლევან მებონის განცახდებით, სწორედ ამ შეფასების შედეგებზე დაყრდნობით გამოიკვეთება რა სამუშაოები იქნება ჩასატარებელი.

"გვირაბშიც არის გარკვეული სამუშაობი დარჩენილი, რომელიც ვერ მოვასწარით წინა გაჩერების დროს, რადგან 3-თვიანი გაჩერება ამხელა გვირაბის რეაბილიტაციისთვის ძალიან მცირე პერიოდია, ამიტომ ვფიქრობთ, 2025-2026-ში გავაჩეროთ კიდევ ერთხელ და დარჩენილი სამუშაოები დავასრულოთ, რაც ისევ მოგვცემს დამატებით ენერგიას და ვფიქრობ, რომ მომდევნო 15 წლის განმავლობაში გვირაბს გაჩერება აღარ დასჭირდება“ - განაცხადა ლევან მებონიამ `ენერგონიუსთან” და დასძინა, რომ დარჩენილია რამდენიმე მოძველებული მოწყობილობა, რაც შესაცვლელია.

„მაგალითად, ღია ქვესადგურის დაცვის ავტომატიკის და მართვის მოწყობილობები, საგენერატორო ამომრთველები, რაც ძალიან ძვირადღირებული და მნიშვნელოვანია. ამ ყველაფრის შემდეგ, ვფიქრობთ, რომ დიდი კაპიტალდაბანდებები აღარ დაგვჭირდება, თუმცა ეს იმხელა ობიექტია, როდესაც ერთ კვანძს მორჩები და შემდეგ სხვებზე გადახვალ, იმდენი დრო გადის, უკვე მისი თავიდან შეკეთების დროც დგება. პირველი რეაბილიტირებული აგრეგატი ქსელში ჩავრთეთ 2006 წელს. უკვე 17 წელი გავიდა. ეს მუდმივი სამუშაოა“, - თქვა მებონიამ.

ჯამში, რეაბილიტაციის მომდევნო პროექტი მოიცავს სამშენებლო, ჰიდრომექანიკურ, ელექტრულ სამუშაოებს, კაშხლის ირგვლივ და სადგურთან გზების მოწყობა-რეაბილიტაციას, აფხაზეთში უცხოელი კონსულტანტების მომსახურებას და ზოგიერთი ახალი მოწყობილობის შეძენას.

„ჩვენ ამ სამუშაოებს ვაფასებთ 35 მლნ ევროს ფარგლებში. აქედან, ჩვენი მოთხოვნით, დაახლოებით, 28 მლნ იქნება სხეხი და 7 მლნ - ევროკომისიის გრანტი. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, დაახლოებით, სამი წელი ან სამწელიწადნახევარი უნდა გვეყოს“ - დასძინა მან.

საინტერესოა, რა იქნება რეაბილიტაციის შემდეგ, თუ მოიმატებს ენგურჰესის გამომუშავება და რა პოტენციალი გააჩნია დანადგარს. სწორედ ამ და საკითხებზე `რეზონანსთან” ენერგეტიკოსმა ანზორ ჭითანავამ ისაუბრა.

"პირველ რიგში, ეს ეხება ისეთი საკვანძო ნაგებობების რეაბილიტაციას, როგორიც არის თაღოვანი კაშხალი, მისი ფუძის ფერდების მდგომარეობის გაუმჯობესება. საუბარია 16-კილომეტრიანი, საკმაოდ დიდი ნაგებობის გვირაბის რეაბილიტაციაზე, რომელიც უკავშირდება, ასევე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში რთული მიწისქვეშა სამუშაოების ჩატარებს. აგრეთვე, აგრეგატების, თავამედროვე და ბოლო თაობის მოწყობილობა-დანადგარების დამონტაჟებას. ესეც რეაბილიტაციის პროცესში შედის. 3 წელიწადი, რომელიც რეაბილიტაციისთვის არის განკუთვნილი არ ნიშნავს იმას, რომ ენგური 3 წლით იქნება გაჩერებული და ამ დროის განმავლობაში იქნება პერიოდული რეაბილიტაციის პროცესი", - აღნიშნა ჭითანავამ.

"რ”: ენგურის რეაბილიტაცია ნაწილ-ნაწილ მიმდინარეობს. თუკი მთლიანად მოხდება სამუშაოების წარმოება, შედეგი ხომ უკეთესი იქნება?

ა.ჭ: ვინაიდან ენგურის გვირაბი არის გრძელი ნაგებობა - 16 კილომეტრია მისი სიგრძე, ეს საკითხები მოსაგვარებელია არა ლოკალურად, რომელიღაც უბნებზე, არამედ მთლიანად, მთელ პერიმეტრზე. საუბარია გარშემორტყმულ ქანებზეც, რომლებიც უზრუნელყოფს გვირაბის საიმედოობას. მისი მოყვანა იმ კონდიცამდე, რასაც ჰქვია ერთგვაროვანი მასის შექმნა, ეს მხოლოდ და მხოლოდ რეაბილიტაციის პროცესშია შესაძლებელი, ამიტომ რეაბილიტაცია უნდა ხდებობდეს არა ნაწილ-ნაწილ, არამედ მთლიანად.

16-კილომეტრიანი გვირაბი უნდა გაჩერდეს და ჩატარდეს აუცილებელი სამუშაოები. ენგურის რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები მაქსიმალური შედეგის მომტანი ვერასოდეს იქნება, თუ ამ გრაფიკით არ განვახორციელებთ რეაბილიტაციას.

"რ”: რა მოხდება ენგურის რეაბილიტაციის შემდეგ? ჰესის გამომუშავება გაიზრდება?

ა.ჭ: თუ ჩვენ დღეს გვაქვს სურათი, რომ გვირაბში არის ფილტრაციული კარგვის გარკვეული დონე, რეაბილიტაციის შემდეგ ის შემცირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ გამომუშავება გაიზრდება. გაიზრდება საიმედოობაც და აღარ გვექნება სადარდებელი მოულოდნელ შემთხვევებზე, რასაც ჰქვია წყალმოვარდნები, მეწყერული პროცესების მოსალოდნელი განვითარება და ა.შ.

"რ”: ბოლოს ენგური შარშან გაჩერდა და მაშინდელი რეაბილიტაციის შემდეგ მოიმატა გამომუშავებამ?

ა.ჭ: საერთოდ, რეაბილიტაცია სულ ტარდება. ძალიან ბევრი საკითხია მოგვარებული ისე, რომ არავინ იცის იმ ხალხის გარდა, ვინც იქ მუშაობს. შარშან, როცა ენგური გავაჩერეთ და გვირაბი დავაცარიელეთ, მოხდა გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება, რის შემდეგაც მივიღეთ ძალიან კარგი შედეგი, მოიმატა გამომუშავებამ, რადგან სიტყვა დანაკარგი, რომელიც ფილტრაციას უკავშირდება და არ ხვდება აგრეგატებში, შემცირდა. თუ იყო გარკვეული სიდიდის, შემცირდა 2-3-ჯერ.

"რ”: საერთოდ, რა სიმძლავრით მუშაობს ენგური და გაზრდის პოტენციალი რამდენად არსებობს?

ა.ჭ: დაპროექტებული, საკუთრივ ენგური თავისი პარამეტრებით არის ჩაფიქრებული, როგორც 1640 მგვტ სიმძლავრის კომპლექსი, მაგრამ ჰესში კიდევ არის გათვალისწინებული 1000 მგვტ-ის სიმძლავრის ჰიდრო სააკუმულაციო დანადგარის მოწყობის შესაძლებლობა და ეს კაშხალში რეალურად უკვე გაკეთებულია. ყველაფერი არსებობს იმისათვის, რომ აგრეგატები ჩაიდგას, მოეწყოს ქვედა ბინებში წყალსაცავები და მოხდეს ჰიდრო სააკუმულაციო სადგურის განვითარება. ამის გათვალისწინებით, ენგური არის ჩაფიქრებული, როგორც 2640 მგვტ სიმძლავრის დანადგარი, რომელიც იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი და უნიკალური ევროპაში.

აქედან, დღეს, რეალიზებული არ გვაქვს არც ჰიდროსააკუმულაციო და არც ვარდნილჰესების დანაგდარები – მეორე, მესამე და მეოთხე ჰესის სახით, რომელიც 120 მგვტ-ს უდრის. ისინი ფაქტობრივად, უქმად გაჩერებულია და გამომუშავება არ ხდება.

ენგური მხოლოდ ნაწილობრივ არის გამოყენებული თავისი შესაძლებლობების მხრივ. მისი ჯამური გამომუშავება უნდა იყოს 5.5 მლრდ კვტ/სთ წელიწადში. დღეისათვის, კი კარგი წლის მონადენის პირობებში, ხერხდება 4.2-4.3 მლრდ კვტ/სთ-ს გამომუშავება, ხოლო, საშუალოდ, სადღაც 3.5-3.8 მლრდ კვტ/სთ-ზე გავდივართ. შესაძლებლობების მხრივ ბოლომდე არ ვართ მისული იმ დონეზე, რაც რეალურად შეუძლია ამ ჰიდროელექტროსადგურს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×