რამ გამოიწვია პარამეტრების გაუმჯობესება და რა არის კიდევ გასაკეთებელი?
ქეთო გოგოხია
22.05.2023

უმუშევრობა მცირდება და ისტორიულ მინიმუმზეა, თუმცა ის სარგებელი, რაც უმუშევრობის შემცირების გამო მოქალაქეებმა უნდა იგრძნონ, არ ჩანს და მეტი და მეტი ადამიანი მიდის ქვეყნიდან დასაქმების მიზნით. მართალია, მუშახელზე დიდი მოთხოვნაა და პრაქტიკულად, ყველა სეგმენტს ამ მხრივ გარკვეული რესურსი გააჩნია, მაგრამ დაბალი შემოსავლის გამო, მოსახლეობა დასაქმების პერსპეტივას მაინც ქვეყნის გარეთ ეძებს. შრომისუნარიანი მოქალაქეების როლი ეკონომიკაში, ასევე სამსახურის მაძიებელთა რაოდენობა სულ უფრო და უფრო მცირდება.

მსოფლიო ბანკმა განაახლა საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შეფასება. ბანკის მიერ წარმოდგენილი მეთოდოლოგიის მიხედვით, საქართველოში უმუშევრობა 2021 წლის დონესთან შედარებით 0,9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 2022 წელს 11,3 პროცენტი შეადგინა, რაც ბოლო 20 წლის მინიმუმია.

მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, ირკვევა, რომ საქართველოში უმუშევრების რაოდენობა 21-ე საუკუნის ახალ ისტორიულ მინიმუმზეა.

მონაცემებს ეჭვქვეშ არც ქართველი ანალიტიკოსები აყენებენ, თუმცა უმუშევრობის კლების გამომწვევ ფაქტორად არა ეკონომიკურ გაჯანსაღებას, არამედ შრომის ბაზარზე არსებულ ვითარებას მიიჩნევენ. ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი ერთ-ერთ ასეთ გარემოებად მაღალ მიგრაციას ასახელებს.

,,პარადოქსია, მაგრამ უმუშევრობა  მცირდება და ამ დროს  ხალხი გარბის ქვეყნიდან. რამდენი უმუშევარიც გვყავდა, ვთქვათ, 10 წლის წინ,  იმდენივეა ახლაც, მაგრამ ეკონომიკას შრომისუნარიანი მოქალაქეები მოაკლდა. უმეტესობა ემიგრაციაში წავიდა. შესაბამისად, სამუშაო ადგილები არ შეიქმნა.

მეორე საკითხია, ეკონომიკურად აქტიური ადამიანებიდან რამდენი არის დასაქმებული. არის მოსახლეობის კატეგორია, ვინც საერთოდ ხელი ჩაიქნია სამუშაოს ძებნისგან და კვალიფიკაცია დაკარგა, ესეც აკლდება შრომისუნარიანი მოქალაქეების რიგს, შესაბამისად, უმუშევრობა მცირდება ისე, რომ  სამუშაო ადგილები არ იქმნება", - განაცხადა ჯანიაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან".

მან ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ემიგრაციაში მიდის დასაქმებული მოქალაქეების დიდი ნაწილიც, რაც დაბალი შრომის ანაზღაურებით არის გამოწვეული და ასევე დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის.

,,დაბალი ხელფასის გამო მოსახლეობა სამსახურს უკვე ქვეყნის გარეთ ეძებს. ადგილობერივ ბაზარზე მოთხოვნა ეკონომიკური ზრდის შესაბამისად კი არ ყალიბდება, არამედ გადმორიცხვების ხარჯზე. ჩვენი მოქალაქეები რეალურად სხვა ქვეყნების ეკონომიკის განვითარებაში მონაწილეობენ და იქიდან გამოგზავნილი ფულით იზრდება ეკონომიკა საქართველოშიც.

მიგრაცია გლობალური პრობლემაა ჩვენისთანა ღარიბი ქვეყნებისთვის, თორემ განვითრებული სახელმწიფოები იაფ მუშა ხელს ითხოვენ. 20 წლის წინ პოლონეთი იცლებოდა მოსახლეობისგან, მაგრამ  დღეს საიმედო ადგილია იმ ადამიანებისთვის, ვინც სამსახურს ეძებს. ჩვენთან კი 30 წელია, სიტუაცია არ იცვლება, რადგან ეკონომიკა არ ვითარდება და წარმოება არ გვაქვს. კომერციულმა ბანკმა რა მოგებაც არ უნდა მიიღოს, სამუშაო ადგილებს ვერ შექმნის, ხალხს ვერ დაასაქმებს", - უთხრა ჯანიაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსს".

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულმა სტატისტიკამ ქართველი სპეციალისტების ყურადრება მიიპყრო. ანალიტიკოსი გია აბაშიძე ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პოლიტიკოსებად წოდებული ნაცთაღლითი ბიზნესმენები ახალგაზრდა თაობებისთვის  მავნებლურ ტვინის რეცხვას განაგრძობენ. მისი აზრით ჯეროვანი და სიღრმისეული მიდგომით ახალგაზრდა თაობაში ამ გავლენების შემცირება შესაძლებელია:

„მრავალი მიმართულებით საქართველოს პროგრესს ობიექტურად აფასებენ წონადი საერთაშორისო ინსტიტუტები, ხოლო რადიკალები განაგრძობენ ნაცარში გორაობას შეთითხნილი ფაქტებით. მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, ირკვევა, რომ საქართველოში უმუშევრების რაოდენობა 21-ე საუკუნის ახალ ისტორიულ მინიმუმზეა. მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2012 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ სამუშაო ძალის 19,6% შეადგინა, რაც 324 ათასს უმუშევარს გულისხმობს, 2022 წელს კი უმუშევარი, სამუშაო ძალის 11,3%-ია (175 ათასი ადამიანი).

ერთ-ერთ პრობლემად რჩება ის, რომ პოლიტიკოსებად წოდებული ნაცთაღლითი ბიზნესმენები, მათი ყველაფერზე წამსვლელი უცხოელი მოკავშირეები თუ ანგარებიანი, ფლუგერი ლექტორები განაგრძობენ ახალგაზრდა თაობების მავნებლურ ტვინის რეცხვას. მიმაჩნია, რომ ჯეროვანი და სიღრმისეული მიდგომით, ნაცპარაზიტების ტოქსიკური გავლენების შემცირება შესაძლებელია“, - დაწერა  გია აბაშიძემ.

უმუშევრობის ზრდასთან დაკავშირებული მონაცემის მიმართ სკეპტიკური განწყობა აქვს ,,ახალი ეკონომიკური სკოლის" დამფუძნებელს პაატა შეშელიძეს. ის ადასტურებს, რომ ეკონომიკური პარამეტრები გაუმჯობესებულია და შთამბეჭდავი ზრდა გვაქვს, მაგრამ აქედან სარგებელს ბევრი ვერ იღებს და ვერც შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობა უმჯობესდება.

,,გაჭირვების გამო  ზოგის ქვეყნიდან გარბის, ზოგი იძულებულია ბედს შეეგუოს და სიღარიბეში ცხოვრობს, სახელმწიფოს კმაყოფაზე. ბაზარზე სულ უფრო მეტი კომპანია და ბიზნესი ეძებს კადრებს და ვერ პოულობს. დოვლათის შემქმნელი მოსახლეობა წავიდა ქვეყნიდან ან მიდის და ეს შრომის ბაზარს აკლდება. უმუშევრობას თუ რამე ფაქტორის გავლენბა ამცირებს, სწორედ ეს გარემოება არის გადამწყვეტი. ხალხი გარბის იმიტომ, რომ შემოსავლები არ ყოფნით.

ჩვენ  გვჭირდება განათლებული თაობა, პროექტები სწორედ ამისკენ უნდა იყოს მიმართული, ამასთან, სწორად იქნას შერჩეული პროფესიები, რაც შრომის ბაზარზე მოთხოვნადია. განათლების მიღება უნდა გულისხმობდეს სწორ არჩევანს, რადგან უამრავი მაგალითია, როცა უნივერსიტეტს ამთავრებენ და არ იციან რა აკეთონ. ბევრი დაბრკოლებაა, რაც სიღარიბის დაძლევაში ხელს გვიშლის, კომპლექსური ღონისძიებები უნდა გატარდეს და ადამიანებს დასაქმების მეტი მოტივი და სტიმული მიეცეს, რომ მუდმივად გაქცევაზე არ ეჭიროთ თვალი. მხოლოდ ასე შემცირდება უმუშევრობა და სარგებელს ეკონომიკაც იგრძნობს და ხალხიც", - აღნიშნა პაატა შეშელიძემ.

"ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძის აზრით კი, ეს მონაცემები ქვეყნის სწორი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის მონაპოვარია.

„მსოფლიო ბანკმა მონაცემები გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში 2022 წლის უმუშევრობის დონის სტატისტიკაა შედარებული 2012 წელთან. 10 წელიწადში უმუშევართა რიცხვი 324 000-იდან 175 000-მდე ჩამოვიდა, რაც 21-ე საუკუნეში რეკორდული რიცხვია. ეს არის სწორი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის მონაპოვარი, რაც აუცილებლად შეუქცევადი დინამიკით უნდა გაგრძელდეს. ამისათვის კი სასიცოცხლოდ აუცილებელია მშვიდობა, სტაბილური პოლიტიკური პროცესები საქართველოსა და რეგიონში. ეს ფაქტი კიდევ ერთი აღიარებაა საქართველოსი, როგორც ძლიერ განვითარებადი ქვეყნისა რეგიონში და დიდი პოტენციალის მქონე სახელმწიფოსი“, - აღნიშნა ზურაბ ქადაგიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×