გვანცა წულაია
26.07.2022

დიდი სიძვირის შემდეგ, საქართველოში საწვავის გაიაფებაა მოსალოდნელი. ასეთი წინაპირობა ქვეყნის შიგნით ლარის მკვეთრად გამყარებამ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ კი ნავთობპროდუქტების გაიაფებამ შექმნა. საბითუმო ბაზარზე ფასმა უკვე იკლო, ახლა საცალო ქსელების ჯერია.

როგორც იქნა, საწვავის მიმართულებით, ქვეყნის შიგნით, პოზიტიური გზავნილები კეთდება. სფეროს წარმომადგენლები გაიაფებაზე ერთხმად ალაპარაკდნენ.

ლარის კურსის მკევთრმა გამყარებამ და საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის გაიაფებამ საქართველოს საბითუმო ბაზარზე ფასის კორექტირება უკვე გამოიწვია. კომპანია „სენტა პერტოლეუმის" დამფუძნებლის, ზაალ იაკობიძის ინფორმაცით, საწვავზე ღირებულებამ 20-25 თეთრით იკლო და თუ ზემოთ აღნიშნული დადებითი ტენდენცია შენარჩუნდება, ფასის კლება კიდევ მოხდება.

„ფასის კლების მიმართულებით ცვლილებები მოსალოდნელია და მეტიც, საბითუმო ბაზარზე ღირებულების შემცირება უკვე მოხდა. კონკრეტულად, საწვავი, დაახლოებით, 20-25 თეთრით გაიაფდა. რაც შეეხება დიზელს, აქაც, დაახლოებით, 20-თეთრიანი ფასის კლებაა საბითუმო ბაზარზე. მგონი, რომ საცალო ქსელშიც მოხდება მისი ასახვა, თუ უცბად არ მოხდა, ცოტა ხანში დაკორექტირდება ფასები.

ამჟამად, საბითუმო ბაზარზე ბენზინი ღირს 2.85 ლარი, ხოლო დიზელი, დაახლოებით, 4.30 ლარი და თუ კურსის გამყარებისა და მსოფლიოში ნავთოპროდუქტების გაიაფების ტენდენცია შენარჩუნდება, მაშინ ფასი კიდევ დაიკლებს", - განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ იაკობიძემ.

დადებითი ტენდენციის შეანარჩუნება კი ნამდვილად მოსალოდნელია, როგორც ლარის კურსის, ისე ნავთობზე ფასის კლების, ანდა იმ ნიშნულზე დარჩენისა და სტაბილიზაციის, როგორც ბოლო დროს არის მსოფლიოში. ლარი დღითი დღე მყარდება და უკვე რამდენიმე დღეა, რაც 2.80-იან ნიშნულს ჩასცდა, 1 ბარელი „ბრენტის" ტიპის ნავთობი კი 103-106 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

გაიაფებაზე საუბრობს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი და აცხადებს, რომ „უახლოეს პერიოდში საწვავის ფასების შემცირება აუცილებლად დაიწყება".

„დიზელის საწვავზე არის აბსოლუტურად რთული ვითარება. ასეთი ფასები არასდროს ყოფილა და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ახლა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, ალბათ, რთულად წარმოსადგენი არ არის, რა ვითარებაში არიან ფერმერები. ამას აქვს რამდენიმე ობიექტური ფაქტორი, რომლებიც დღეს ძალიან მაღალ ფასს განაპირობებს. ერთ-ერთია საერთაშორისო ფასი. მინდა გითხრათ, რომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში ფასები მნიშვნელოვნად არის შემცირებული. წინასწარ ვიტყვი იმასაც, რომ ლარის კურსის გამყარება ხელს შეუწყობს იმას, რომ უახლოეს პერიოდში საწვავის ფასების შემცირება აუცილებლად დაიწყება.

თუმცა, რომ წარმოვიდგინოთ, ივნისში დიზელის საშულო ფასი იყო 1 324 დოლარი, ბენზინის - 1 360 დოლარი. ახლა, მიმდინარე ეტაპზე, არის 1 141 დოლარი, ანუ ფასები შემცირებულია, განსაკუთრებით _ ბოლო 2 კვირაში. ამასთან, ლარის გამყარება, რა თქმა უნდა, აუცილებლად გამოიწვევს ჩვენს ბაზარზე ფასების შემცირებას", - განაცხადა გადაცემა „საქმეში" ვანო მთვრალაშვილმა და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომლებმაც ადგილობრივ ბაზარზე დიზელის ტიპის საწვავის სიძვირე გამოიწვია.

„დიზელის საწვავთან დაკავშირებით არის კიდევ სხვა პრობლემები, ისეთები, როგორებიც ქვეყანაში არასდროს ყოფილა. მაგალითად, ბოლო თვე-ნახევარი-ორი თვის განმავლობაში დიზელის საწვავზე არის მნიშვნელოვანი დეფიციტი. იქიდან გამომდინარე, რომ აზერბაიჯანს, რომელიც ჩვენი ძირითადი მომწოდებელი იყო წლების განმავლობაში (საქართველოში რეალიზებული პროდუქციის 40-45% სწორედ აზერბაიჯანიდან შემოდიოდა), 2 თვეზე მეტია, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები გაჩერებული აქვს, იქ გადაიარაღების პროცესი მიმდინარეობს. ისინი გეგმავენ, რომ გამოუშვან „ევრო 5"-ის სტანდარტის დიზელი, შესაბამისად, აზერბაიჯანიდან პროდუქტი საერთოდ არ შემოდის. მეორე მხრივ, არის რუმინეთი, ბულგარეთი, საიდანაც ჩვენთან პროდუქტი შემოდიოდა, თუმცა, პირველი ის, რომ იქიდან შემოტანილი პროდუქტი ისედაც მაღალფასიანია. ამას ემატებოდა გლობალურ ბაზრებზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდა, რაც ბევრი კომპანიისთვის თავის ტკივილი იყო იმიტომ, რომ დღეს, როდესაც ძალიან მაღალი ფასებია საერთაშორისო ბაზარზე, რთულია, დიდი შესყიდვები განახორციელო. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ თურქმენეთიდანაც შეფერხებებით მოდიოდა დიზელის ტიპის საწვავი.

ზოგადად, ამ პროდუქტზე ომამდეც დიდი მოთხოვნა იყო, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებშიც მარაგები ძალიან დაბალ დონეზე იყო და ომმა ეს პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა. შესაბამისად, ერთი მხრივ, გაზრდილი საერთაშორო ფასი, მეორე მხრივ, მიწოდებასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები, რიგ შემთხვევებში _ პროდუქტზე სერიოზული დეფიციტი, განაპირობებდა ძალიან მაღალ ფასს, თუმცა დღეს, როდესაც მიმდინარე ეტაპზე გლობალურ ბაზრებზე ფასები ქვემოთ წავიდა, ჩნდება იმის რესურსი, რომ დიზელი კომპანიებმა დაბალი ფასით შემოიტანონ. ამას ემატება გამყარებული ლარის კურსი, რაც, ალბათ, გამოიწვევს იმას, რომ კონკრეტულად ამ პროდუქტზე უახლოეს პერიოდში აუცილებლად დაიწყება ფასების კლება", - დასძინა ვანო მთვრალაშვილმა გადაცემაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×