საწვავის საბითუმო ფასი 2.60 ლარია, ამ დროს ავტოგასამართ სადგურებში 3.10 ლარზე მეტი ღირს
სანდრო მდივანი
27.12.2021

მიუხედავად მსოფლიო ბაზარზე დაწყებული გაიაფების ტენდენციისა, პირველი ოქტომბრიდან დღემდე საწვავის ფასი საქართველოში 15-45 თეთრითაა გაზრდილი. განსაკუთრებით სავალალოა ბოლო პერიოდის მოვლენები. ფასები რომ უნდა შემცირებულიყო სექტორის წარმომადგენლები ჯერ კიდევ თვენახევრის წინ აანონსებდნენ და ამბობდნენ, რომ ფასების კლება მარაგების ამოწურვის შემდეგ დაიწყებოდა. აქამდე არაფერი მსგავსი არ მომხდარა. რატომ არ იკლებს საწვავზე ფასი და როდიდან უნდა ველოდოთ ტენდენციის ცვლილებას, ,,ბიზნეს-რეზონანსმა" სფეროს წარმომადგენლებსა და სპეციალისტებს ჰკითხა. 

ნოემბერში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, ბენზინის ფასი 44,7%-ით გაიზარდა. "საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან გახდა ცნობილი, რომ 40,4%-ით გაძვირდა დიზელის საწვავიც. აღანიშნავია, რომ როგორც ორივე ტიპის საწვავი ნოემბერში 10 ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტს შორის აღმოჩნდა.

ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე რეგულარის ტიპის საწვავი საშუალოდ 3,1 ლარი ღირს, ხოლო დიზელის ტიპის საწვავი საშუალოდ - 3,14 ლარი.

მიუხედავად იმისა, რომ სწავავის ფასი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია მსოფლიო ბაზარზეც, ბოლო თვენახევარია საწვავის პერმანენტული გაიაფება შეინიშნება, რაც წესით, უნდა ასახულიყო საქართველოშიც, თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა. არადა, ფასის რყევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ლარი ბოლო 7 თვის განმავლობაში სტაბილურია ან მყარდება. ეროვნული ვალუტა გამყარებულია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც. 

მიმდინარე  კვირიდან კომპანია „ვისოლი“ საწვავის ფასის მხოლოდ 5 თეთრით შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

„დეკემბრის დასაწყისში დავაანონსეთ, რომ 2-3 კვირის შემდეგ ფასების კლებას დავიწყებდით. მიმდინარე კვირის დასაწყისში საწვავის ფასი 5 თეთრით უკვე შევამცირეთ. ჩვენი დაპირება ძალაშია და მომავალ კვირიდან საწვავის ფასს დაახლოებით, 5 თეთრის ფარგლებში კიდევ შევამცირებთ“, - განაცხადა ხორავა. 

მისი ინფორმაციით, საწვავის ფასის შემდგომი დინამიკა ნავთობის საერთაშორისო ფასზე იქნება დამოკიდებული. „იმედს ვიტოვებთ, რომ ნავთობის ფასის 77 დოლარიანი ნიშნული დიდხანს არ შენარჩუნდება და კლებას დაიწყებს. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ საწვავის ფასები შემდგომ ეტაპზეც შევამციროთ. თუ 77 დოლარზე დარჩა, მომავალ ეტაპზე ფასების დაკორექტირებას ვერ შევძლებთ“,- აღნიშნა ვასილ ხორავამ. 

რას გეგმავენ ამ კუთხით სხვა ბრენდირებული ბენზინგასამართები უცნობია. ,,ბიზნეს-რეზონანსმა" კომუნიკაციის დამყარების მცდელობის მიუხედავად, მათი კომენტარი ვერ მოიპოვა. 

ბრენდირებული დიდი ქსელებისგან განსხვავებით, კლება უკვე დაწყებული ბითუმად მოვაჭრეებთან. "სენტა ჯორჯია პეტროლიუმის" დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე ადასტურებს, რომ ფასი 10-15 თეთრითაა შემცირებული. 

"ახლა, ბაზარზე უცნაური სიტუაციაა. შეიძლება ითქვას, რომ მუდმივი რყევებია მსფლიოში ფასების კუთხით, ხან 30-40 დოლარით იზრდება ფასი და მერე უცებ, არალოგიკურად ამდენივეთი ან მეტით იკლებს, მაგრამ საერთო ჯამში რომ დავთვალოთ, გასულ თვეებთან შედარებით კლების ტენდენციაა. 800 დოლარი ღირდა 1 ტონა საწვავი და ახლა, 734 დოლარამდეა ჩამოსული, რაც, რასაკვირველია, დადებითი ტენდენციაა. ეს, მეტ-ნაკლებად ასახულია ჩვენთანაც. მაგალითად, ბითუმად მოვაჭრეებთან 1 ლიტრი დიზელი თუ 2.80 ლარი ღირდა, დღეს მისი ფასი 2.60 ლარს შეადგენს. ამდენივე ღირს ბენზინი, რომელიც მანამდე 2.75 ლარი ღირდა. 

სავარაუდოდ, ეს უნდა აისახოს ბრენდირებულ გასამართებზეც, მაგრამ როგორც და რამდენით მოხდება კლება, ამის ვარაუდი ჩემთვის ძალიან რთულია. როგორც აღვნიშნე, ბოლო დროს მსოფლიო ბაზარი ლოგიკურ გათვლებს არ ექვემდებარება და არასტაბილურია“, - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს“ ზაალ იაკობიძემ. 

ინფორმაციისთვის, საწვავის გაძვირებაზე გავლენას სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული გადასახადებიც ახდენს. აქ აღსანიშნავია აქციზის გადასახადი, რომელიც ტონა ბენზინზე 2017 წელს გაორმაგდა და 500 ლარი შეადგინა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში ბენზინის ფასის შემცირებისთვის გამოსავალს მცურავი აქციზის გადასახადის შემოღებაში ხედავენ.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 27 დეკემბერს გასულ დღესთან შედარებით ბრენტის ტიპის საწვავზე ფასი კვლავ შემცირდა, 0.20%-ით და ფასმა 76 დოლარი შეადგინა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×