"წლის ბოლომდე გამყარების ნიშნებიც იკვეთება, შეიძლება კურსი 3,20-მდე დაკორექტირდეს"
ირაკლი ლომიძე
02.12.2020

ლარის კურსთან დაკავშირებით საშუალოვადიან პერიოდში არასახარბიელო პროგნოზი ვრცელდება. ფინანსისტების აზრით, ლარი შეიძლება დეკემბერში 3,20-იან ნიშნულამდეც ჩამოვიდეს. ამის განმაპირობებელი ფაქტორი ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებია. კერძოდ, იმპორტის კლება და მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნის შემცირება. მიუხედავად ამისა, ტენდენცია დიდხანს ვერ შენარჩუნდება და სამომავლოდ კურსი 3,40-კენ აიღებს გეზს. ხოლო თებერვლიდან მორიგი გაუფასურება მოხდება. 

ლართან დაკავშირებით გამოთქმულ პროგნოზს ანალიტიკოსი ნიკა შენგელია არც ამჯერად ცვლის. მისი ვარაუდით, მოკლევადიან პერიოდში ლარი გამყარდება, რის ტრენდსაც დიდი ხნით ვერ შეინარჩუნებს.

,,15 დეკემბრამდე გაუფასურებისკენაც რომ გაწავიდეს სიტუაცია, 3,40-ს არ უნდა გასცდეს კურსი, თუმცა წლის ბოლომდე  გამყარების ნიშნებიც იკვეთება, შეიძლება კურსი 3,20-მდე დაკორექტირდეს. იმპორტი შემცირებულია, შესაბამისად, მოხმარებამაც იკლო, მოსახლეობას ფული არ აქვს, რომ თუნდაც იმპორტული პროდუქცია შეისყიდოს იმ მოცულობებით, რასაც აქამდე აკეთებდა. აქედან გამომდინარე, ბიზნესაქტივობის შემცირებაც იმოქმედებს - მოსახლეობა ძირითადად იმპორტიდან შემოსული პროდუქციის მომხმარებლები იყო. 

ეკონომიკაში ნეგატიური პროცესები არის, მაგრამ ლარზე ეს გავლენას ვერ ახდენს, თუმცა თებერვლიდან დევალვაციის მორიგ ტალღას ველოდებით. შარშან თებერვალში ბევრი არარეზიდენტი ორგანიზაცია შემოვიდა, რომლებმაც შეიძინეს ფასიანი სახელმწიფო ქაღალდები, ამ თანხებს უკან უწევს დაბრუნება, რასაც ადგილი ექნება დეკემბერში, ლარებში დაიბრუნებენ პროცენტს, რომელიც დივიდენდის სახით ერიცხება ამ ფასიან ქაღალდებს. შემდეგ დიდი ალბათობით, კონვერტირებას მოახდენენ დოლარში, რომ გაიტანონ ეს თანხა, რაც კურსზე უარყოფითად იმოქმედებს. ველოდები, რომ 3,50-ს, სამწუხაროდ, 3,60-იან მაჩვენებელსაც არ გამოვრიცხავ“, - განაცხადა ,,რეზონანსთან“ ნიკა შენგელიამ.

საბანკო სფეროს სპეციალისტები ლარის გამყარების შესაძლებლობას ჯერჯერობით ვერ ხედავენ. ისინი ამბობენ, რომ  ნეგატიური გავლენა კურსზე გარადაუვალია. როგორც ფინანსისტი გოჩა თუთბერიძე აღნიშნავს, აქამდე ლარს ინტერვენციებით სულდგმულობდა და გარკვეული სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად ეროვნულ ბანკს შესაბამისი ღონისძიებების გატარება ისევ აქტიურად მოუწევს, სანამ ეკონომიკა ჩვეულ რეჟიმს არ დაუბრუნდება.

,,რთული პერიოდი გველის, რადგან ეკონომიკში დიდი შეზღუდვებია. ეროვნული ბანკი, რაც შეუძლია, აკეთებს, მაგრამ ეს ის შემთხვევებია, როცა უკვე მის შესაძლებლობებსაც აქვს ზღვარი. ზომები არასაკმარისია, რომ ეკონომიკა გაჯანსაღდეს და გაცვლითი კურსი გამყარდეს. ამას ეკონომიკურმა განვითარებაც უნდა შეუწყოს ხელი. ამ კუთხით სერიოზული პრობლემაა ფისკალური პოლიტიკის ნაწილში, რაც სებ-ს არ აძლევს საშუალებას, რომ უფრო ეფექტურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები იმისთვის, რათა  კურსის სტაბილურობა იქნას მიღწეული.  რთული პროცესებია, არ გამოვრიცხავ, ლარის გაუფასურება გაგრძელდეს, რის პარალელურადაც ინტერვენციების საჭიროება კვლავ იქნება", - განაცხადა თუთბერიძემ. კურსთან დაკავშირებით პროგნოზისგან თავს იკავებს ფინანსისტი ზვიად ხორგუაშვილი, თუმცა არ მალავს, რომ ნეგატიური მოლოდინი კურსზე ადეკვატურად იმოქმედებს.

,,კურსი დამოკიდებულია დოლარის შემოდინებასა  და არსებული ფულის მასაზე, სებ-ი თუ მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას გაატარებს და მთავრობა მეტი დოლარის შემოდენებას შეუწყობს ხელს, კურსი გამყარდება, თუმცა ასეთი ნიშნები ეკონომიკაში არ იკვეთება.  ეკონომიკური პარამეტრები იმდენად თავდაყირაა, რომ  ნეგატიურ  მოლოდინს განაპირობებს და ეს გავლენას ახდენს კურსის გაუფასურებაზე, მაგრამ ვერ გათვლი, რამდენია და რა დოზით ახდენს ეს პროცესები კურსის ფორმირებაზე გავლენას.  

ბევრი რამ  მთავრობის პასუხისმგებლობაზეც არის დამოკიდებული, რადგან  ეკონომიკური პოლიტიკა მოშლილია.  ძნელად სავარაუდოა, რა მოუვა ლარს მოკლევადიან და საშუალოვადიან პერიოდში, თუმცა, ეკონომიკის ლიბერალიზაცია თუ არ განხორციელდება, კურსთან დაკავშირებით  ნეგატიური მოლოდინი დარჩება და მეტია შანსია, რომ ლარი  გაუფასურდეს“, - ასეთია ფინანსისტის მოსაზრება ლარის კურსთან დაკავშირებით.

ბანკირები ჯერჯერობით მოკლევადიან გათვლას აკეთებნ, რომელიც წლის ბოლოსთვის დამაიმედებელია. ,,თიბისის“ მთავარი ეკონომისტის ოთარ ნადარაიას აზრით, რამდენადაც ე.წ. ეფექტური კურსი არ გამყარებულა, იმის პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა, რომ ლარის გამყარებას კიდევ უნდა ველოდოთ. პარალელურად კი, ისევ დაიწყო პროცესი, როდესაც სესხები ისევ ლარშია და უცხოური ვალუტის სესხები ერთ დონეზეა. 

,,რა თქმა უნდა, ეს გრძელვადიან პერსპექტივაში კარგია, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში გაცვლით კურსზე დამატებით ზეწოლას ახდენს. თუ დიდი უმრავლესობა სესხს ლარში იღებს და უცხოურ ვალუტაში ზოგავს, ჩვენ ვიღებთ სიტუაციას, რომ საბანკო სექტორში ვალუტის ლიკვიდობა მაღალი იქნება, მაგრამ ეს ვალუტა ეკონომიკაში ვერ მოხვდება, რაც ლარის კურსს დამატებით დააწვება", - განაცხადა ნადარაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )