თამარ შუკვანი
04.04.2020

საქართველოში 26 თებერვალს კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის დადასტურებიდან 5 კვირის თავზე, კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ქართველი ინფექციონისტების შეფასებით ახლო მომავალში მოსალოდნელია როგორც ინფიცირებულთა, ასევე გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდა და ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მკაცრად და ეფექტურად მოხდება კოვიდ-19 ვირუსის შიდა გავრცელების კონტროლი.

ახალი კორონავირუსი ადამიანისთვის ფატალური შედეგით სრულდება იმ შემთხვევაში, თუკი მას სხვა თანმხლები დაავადებებიც ახლავს. ამის შესახებ განმარტებას „რეზონანსთან" ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე აკეთებს. მან აღნიშნა, რომ კოვიდ-19 განსაკუთრებით საშიშია ასაკოვან ადამიანებში.

„მთავარია შიდა გადაცემების კონტროლირება. ჩვენ საკმაოდ კარგად ვაკონტროლებთ უცხოეთიდან შემოსულ კლასტერებს. ახლა საზღვრები ჩაიკეტა და გარედან აღარ შემოდის. თუმცა, დარჩა ის ხალხი, ვინც ძალაუნებურად შიგნით ახდენს ინფექციის გავრცელებას. როდესაც გარკვეული რაოდენობა ინფიცირდება, ამის პარალელურად ადამიანების გარკვეული ნაწილი იკურნება.

„ამ ვირუსის დადებითი მხარე ის არის, რომ გართულებები არ არის, ყოველ შემთხვევაში საქართველოში. ბევრად მეტი გართულებით მიმდინარე შემთხვევები აქვთ სხვა ქვეყნებში. მთავარი არის, რომ მასიური გავრცელება შიდა კლასტერებში არ მოხდეს.

„შესაძლებელია ლეტალური შედეგების გაზრდა, თუმცა, გააჩნია ვინ დაინფიცირდება. ამ შემთხვევაში მთავარ პრობლემას წარმოადგენს თანმხლები მძიმე დაავადებები. პირველი და მთავარი პრობლემა არის გულის უკმარისობა, წნევის პრობლემები და სხვა. განსაკუთრებით სიმსვინური დაავადებები - ქიმიოთერაპია გადატანილი პაციენტები, რომლებიც ისედაც დასუსტებულები არიან. როდესაც ადამიანს ბრძოლის უნარი არ აქვს, სამწუხაროდ, მას ვირუსული ინფექცია შეიწირავს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ არ დაემართოს ასაკოვან ადამიანს.

„კიდევ ერთი პრობლემა - ძალიან მეშინია ეკლესიებში სააღდგოოდ ხალხის შეკრების. როდესაც ასეთი საშიშროებაა, ხალხის ერთად შეკრებამ შეიძლება მართლაც „აფეთქება" გამოიწვიოს," - აღნიშნა ხმალაძემ.

ცნობისათვის, საქართველოში კოვიდ-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა. დაღუპული 79 წლის ქალია, რომელიც ე.წ. მარნეულის კლასტერიდან იყო. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ პირველ პაციენტს „საკმაოდ მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა".

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×